Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘შობა’

ჰო, ვიცი, რომ წინასაშობაო პოსტების წერა ჯერ ალბათ ადრეა, მაგრამ რადგან წინასწარ არ ვიცი, როგორ ხასიათზე ვიქნები საშობაოდ, მგონი, საქმის წინ წაგდება სჯობს. მით უმეტეს, რომ ჩემს მკითხველსაც კარგად მოეხსენება, მე არც ღირსშესანიშნავ თარიღებს მივდევ მაინცდამაინც და არც ჩემივე დაწესებულ დედლაინებს, პოსტის დასაწერად განწყობა აუცილებელი პირობაა. თანაც, მაღაზიებში საშობაო მორთულობა და ტკბილეულობა უკვე გამოჩნდა, ასე რომ, ალბათ არც ძალიან ვცდები თარიღს.

ჰოლანდიურ შობაზე მოგვიანებით დავწერ, როცა დეტალებში გავერკვევი, მანამდე კი იტალიელი ბავშვების საყვარელ სინიორა ბეფანას გავიხსენებ.

ალბათ რვა ან ცხრა წლის ვიქნებოდი, როცა ჯანი როდარის “ლაჟვარდისფერი ისარი” მაჩუქეს. ეს ნაწარმოები გაცილებით ნაკლებპოპულარულია, ვიდრე “ჩიპოლინო” ან “ჯელსომინო” (ამ ორიდან მე მეორე გაცილებით მეტად მომწონს), მაგრამ ნამდვილად იმსახურებს საბავშვო ბიბლიოთეკაში საპატიო ადგილს.

წიგნის ერთ-ერთ გმირი ბეფანაა – ზემოხსენებული ბებრუცუნა სინიორა, რომელიც თურმე შობის ღამეს ცოცხზე ამხედრებული დაფრინავს და იტალიელ ბავშვებს საჩუქრებს ურიგებს. როდარის ბეფანა კი არც მეტი და არც ნაკლები, სათამაშოების მაღაზიის მეპატრონეა და ბავშვებთან საჩუქარი კარგი ქცევისთვის კი არა, მშობლების მიერ გადახდილი საფასურის სანაცვლოდ მიაქვს. მისი მაღაზია სრულიად ცალკე სამყაროა, რომელშიც იმდენი და ისეთი მრავალფეროვანი გმირი ცხოვრობს, რომ არაფრით ჩამოუვარდება “მოზრდილთა” სამყაროს. აქ არის სათამაშო მატარებელი თავისი პერსონალით, როხროხა და უხეში, თუმცა გულკეთილი გემის კაპიტანი, მრისხანე გენერალი, რომელსაც ყველგან მტერი ელანდება, მაღაზიის ელიტა – ქალბატონი თოჯინები, ინდიელთა ბრძენი ბელადი და ადამიანებივით ჭკვიანი და ზოგჯერ ადამიანებზე კეთილი ცხოველებიც.

ხშირად დავფიქრებულვარ, რა საპასუხისმგებლო რამაა საბავშვო მწერლობა. ნეტავი, ყველა მწერალი თუ ათვითცნობიერებს, რომ ბავშვის ჩამოყალიბებაზე მის ნაწარმოებს ნამდვილად ექნება გავლენა. თუ კი, საინტერესოა, საბჭოთა მწერლებს რა ნამუსით ეძინათ ხოლმე ღამღამობით.  ჯანი როდარის (სიტყვას მოჰყვა და, კომუნისტი იყო) ეს ნაწარმოები კი ზოგჯერ იმხელა ემოციებს და განცდებს იწვევს, რომ ჩემი აზრით, მხოლოდ სასიკეთოდ თუ წაადგება ნებისმიერ ბავშვს.

ამ ბოლო დროს დაძინება მიჭირს და ათასი რაღაც ამომიტივტივდება ხოლმე თავში, მით უმეტეს, რომ აქ ყველა შეგრძნება გამძაფრებული მაქვს. ჰოდა, ორიოდე დღის წინ ამ წიგნის ზოგიერთი ეპიზოდი გავიხსენე და ყელში რაღაც მომაწვა, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ბავშვობაში. დარწმუნებული ვარ, გულგრილს ვერავის დატოვებს “ვარდისფერი თოჯინას” უეცარი გარდასახვა. ქალბატონი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ წუწუნებდა, რა დროს ომია, “პერმანენტი” დამეშლებაო, სადარბაზოში თავშეფარებულ, უსახლკარო მოხუც ქალს გაყინულ ხელებს უსრესს, იქნებ გავათბოო. მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ მოხუცი ცოცხალი აღარ არის, ენანება მარტო დასატოვებლად და მასთან ერთად სრულიად მარტო რჩება ღამით, სიბნელეში, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც სულ პატარაა და ძალიან, ძალიან ეშინია. გულშიჩამწვდომია აგრეთვე გენერალი, რომელმაც სიცოცხლე აღარ ისურვა მას შემდეგ, რაც მთელი შეიარაღება დაკარგა და საკუთარი არსებობის უმიზნობა მთელი სიმწარით შეიგრძნო. მთელი წიგნის მთავარი მოტივია დიდი სიყვარული და ერთგულება, რომლის წყალობითაც ყველა ბავშვი შეიძლება ბედნიერი იყოს შობის ღამეს, სათამაშოს კი მკერდში ნამდვილი გული აუძგერდეს.

არ ვიცი, რამდენად სჯერათ იტალიელ ბავშვებს ბეფანასი, მაგრამ შობის მოსვლა ალბათ, ნამდვილად უხარიათ. პირადად მე შობის თუ ახალი წლის მოსვლაზე მეტად, წინარე პერიოდი მიხაროდა ყოველთვის – განათებული ქუჩები, მორთული ვიტრინები და თოვლის მოლოდინი…

ბედნიერ წინასაახალწლო/წინასაშობაო სამზადისს გისურვებთ!

Read Full Post »