პოსტის კითხვისას ალბათ ვინმე მისაყვედურებს, რა შეგვაწუხა ამ თავისი სტუდენტური ცხოვრებით და საჭმელ-სასმელზე წუწუნითო, მაგრამ მარტოხელა სტუდენტისთვის სამი რამაა უმნიშვნელოვანესი: ჭამა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და წიგნები. მეორე და მესამე საკითხი ასე თუ ისე, უკვე მოვაგვარე, ხოლო პირველი სამწუხაროდ, ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებას არ ექვემდებარება.
“ლიონებერგელი ემილის” ის მონაკვეთი თუ გახსოვთ, მთელი ოჯახი და სტუმრები ემილს რომ ეძებენ, ვერ პოულობენ და შემდეგ დაღლილები სასადილოდ მიდიან? ბავშვობაში წიგნების ხმამაღლა კითხვა მიყვარდა და როცა ამ ეპიზოდამდე მივიდოდი, დედაჩემი აუცილებლად აღშფოთდებოდა ხოლმე, ბავშვი ვერ იპოვეს და რა ჭამის თავი ჰქონდათო. რას ვიზამთ, ასეა მოწყობილი ადამიანი!
ჰოლანდიას იაფი ქვეყანა არ ეთქმის, მაგრამ კვება ძვირი არ ჯდება. მე უმადობას ვერავინ დამწამებს, მაგრამ ჩამოსვლის პირველ დღეებში მადა საგრძნობლად დამიკნინდა, არ ვიცი, აკლიმატიზაციის ბრალი იყო თუ გულს (კუჭს) მოწოლილი სევდის. მოკლედ, ბოლო რამდენიმე დღეს თუ არ ჩავთვლით, იოგურტის მეტი თითქმის არაფერი მიჭამია. ეს ბოლო რამდენიმე დღე კი ორგანიზმი მიჯანყდება ხოლმე.
უკვე რამდენჯერმე ვახსენე ფუნთუშები, აქ რომ იყიდება – დარიჩინიანი და ქიშმიშით გაძეძგილი. მენიუში ღირსეული ადგილი უჭირავს ჩემს საყვარელ რძის პროდუქტებს, რომელთა უამრავი სახეობა იყიდება აქ; ერთი-ორჯერ დონერსაც მივეპარე. ცოტა პარადოქსული ფაქტი ისაა, რომ ყველის ქვეყანაში ვცხოვრობ და ყველაზე ნაკლებად სწორედ მას ვეტანები. სულგუნი არ იციან საწყლებმა, რა ამათი ბრალია…
დღეს დილიდან ჩავუჯექი სამეცადინოს და კმაყოფილიც ვიყავი – კარგი სტარტი ავიღე. აი, ნაშუადღევს კი ყბის ძირები ისე ამეწვა, ვიფიქრე, ტვინმა ალბათ სანერწყვე ჯირკვლებიდან გამოჟონა-მეთქი. არადა, კვირა დღეს არც სუპერმარკეტი მუშაობს და არც ახლომდებარე თურქული მინი-კაფე. რა მექნა, მაცივარშიც არაფერი მქონდა, ჩავიცვი და სახლიდან გავედი, ვიფიქრე, იქნებ სუფთა ჰაერმა და მზემ ოდნავ დამიმშვიდოს ცხოველური ინსტიქტები-მეთქი. სეირნობისას კი ზეციდან მივიღე ნიშანი ბენზინგასამართ სადგურთან არსებული სუპერმარკეტის ღია კარის სახით. დამეთანხმებით ალბათ, რომ ზეცაზე და ღმერთზე ფიქრი ცარიელი კუჭით ბევრად მარტივია და უფრო გულწრფელიც გამოდის.
სასეირნოდ გასულს ჯიბეში ცოტა ფულიც აღმომაჩნდა და სახლისკენ გაყინული პიცითა და ცოტა შოკოლადით დატვირთული წამოვედი. პიცა ნამდვილად გემრიელი აღმოჩნდა, თუმცა, იოგურტებსა და რძეს შეჩვეულმა ჩემმა სტომაქმა უკვე სხვა მიზეზით დაიწყო წუწუნი. აღარ დავწვრილმანდები – არც თქვენ დაინტერესდებით და არც ჩემი პოსტის ესთეტიკურ მხარეს დაამშვენებს მაინცდამაინც.
მოკლედ, სტუდენტურ წუწუნს მოვრჩები და ჩემს დიასახლისზე მოგიყვებით, უკვე რომ დააინტერესა ჩემი რამდენიმე მკითხველი.
ქალბატონი ელინა ჰოლანდიელი არ არის, თუმცა, დიდი ხანია აქ ცხოვრობს. ჩამოსვლის დღიდან ლამის ყოველდღე მკითხულობს, რამე ხომ არ მიჭირს, რაიმეს შეძენა ხომ არ მინდა და ა.შ. ჩემს მიერ ველოსიპედის შეძენის ამბავი რომ გაიგო, გულწრფელად მთხოვა, ფრთხილად ვყოფილიყავი. ჩასავარდნი არხების და გუბურების მეტი რა არის აქ!
ერთიც ვნახოთ და გუშინ სკაიპში დამირეკეს. რა თქმა უნდა, ვუპასუხე. თავდაპირველად არავინ ჩანდა, ორიოდე წამში კი ჭრელ სარაფანსა და შავ სათვალეში გამოწყობილი ელინა განარნარდა კამერის წინ, რომელსაც ასევე უცნაურად გამოწყობილი მეუღლე შეენაცვლა (არადა, ეს კაცი ორიოდე დღის წინ თავისსავე ოფისში ვნახე, უაღრესად სერიოზულ და საქმიან გარემოში). ასე მოხაზეს წრე, რომლის შუაში ერთმანეთს შეხვდნენ, ვალსის გამარტივებული ვარიანტი შეასრულეს და ისევ წრეს გაუყვნენ. ამის შემდეგ ორივე კამერისკენ მოტრიალდა და გულიანად დამიქნიეს ხელი. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ყურებამდე გაღიმებული მივჩერებოდი ამ სანახაობას… თურმე ნუ იტყვით და ქალბატონი ელინა დის დაბადების დღეს აღნიშნავდა, რომელიც თავის მხრივ, სხვა ქვეყანაში იმყოფება (აღარ მახსოვს). ჰოდა, სამოცდაათიანების სტილში გამოვეწყვეთო, ასე ამიხსნა.
რა საინტერესოა, სამოც წელს მიღწეულმა ადამიანმა ასეთი ხალისი რომ შეინარჩუნო, რა არის საჭირო? ელინას ნამდვილად არ გამოუვლია მარტივი ცხოვრება, არც მძიმე სამუშაო დაკლებია, არც ავადმყოფობა, არც ოჯახური პრობლემები. თუმცა, ნამდვილად ჰყავს მოსიყვარულე მეუღლე და შვილები, მოხუცი მშობლები და და-ძმა. ყველაფრის მიუხედავად, აქ ცხოვრების წესივითაა, რომ კვირის ბოლო გაატარო ოჯახთან, დაისვენო, განიტვირთო… ალბათ მართლაც მნიშვნელოვანია ასეთი მომენტები, რათა მომავალი მძიმე კვირისთვის დაიმუხტო.
ჩვენთან კი? მძიმე რეჟიმს გამოგლეჯილი წუთები ალბათ ვერ ატარებს ისეთ ეფექტს, როგორიც საჭიროა. რასაკვირველია, ყველას არ ვგულისხმობ. ხომ იცით, ზოგის ბამბაც ჩხრიალებს, ზოგის კი …