Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘უნივერსიტეტი’

ერთმა ჩვენმა მეგობარმა და ძალიან კარგმა ბლოგერმა ცოტა ხნის წინ იკითხა, პოსტის გამოქვეყნებას აზრი თუ აქვსო. კარგი კითხვაა. ზაფხულის, ფეხბურთის, პოლიტიკისა და სხვა მსგავსი თემატიკის სიჭარბის გამო ვორდპრესის დეშბორდში უკვე ძალიან იშვიათად ვიხედები, მაგრამ პოსტის წერას მაინც შევუდექი. ბოლოს და ბოლოს, მე უკვე დიდი ხანია, ონლაინ-დღიურის წარმოებაზე გადავედი.

 ვინც ჩემს ბლოგს თვალყურს ადევნებდა, ემახსოვრება თუ როგორი დაბნეული, მადადაკარგული და ახლობლებს მონატრებული ვიყავი აქ ჩამოსვლის პირველ დღეებში ანუ გასული წლის აგვისტოში. ახლა აქ ყოფნის ბოლო დღეებს ვითვლი და გული მწყდება – ერთი მხრივ იმიტომ, რომ აქაურობას მივეჩვიე და დარწმუნებული ვარ, ძალიან მომენატრება; მეორე მხრივ, ჩემი სტუდენტობის მეშვიდე წელი დასრულდა და შესაძლოა, ბოლოც აღმოჩნდეს.

გული მწყდება, რადგან მქონდა საკმაოდ მძიმე, დატვირთული, ფიზიკურად და მორალურად დამღლელი, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი წელი. აქ პირველად შემეშინდა იმის, რომ გამოცდებს ვერ ჩავაბარებდი, ვერ დავწერდი ნორმალურ თემას, ვერ მოვერეოდი ზღვა მასალას, ვერ ვისწავლიდი უცხო ენაზე. გავიგე, რას ნიშნავს, როცა საათებს და წუთებს ითვლი სტიპენდიის მოლოდინში, რომ თავად განსაზღვრავ, როდის და რა ისწავლო, როდის დაიძინო, რა ჭამო და რა ინტენსივობით. აქ გავიგე, რას ნიშნავს, როცა ცუდად ხარ და არ გინდა, ახლობლები, რომლებიც ამხელა მანძილზე ვერაფერს გიშველიან, ანერვიულო და ამიტომ მაშინაც კი უღიმი მათ, როცა თავი და გული გახეთქვაზე გაქვს.

მაგრამ ეს ყველაფერი უკვე კარგად გასახსენებელთა რიცხვში შედის, რადგან დროს ერთი უცნაური თვისება აქვს – სწრაფად გადის და ყველაფერი, რაც ადრე გაწუხებდა, სასიამოვნო მოგონებებად შეიძლება შემოგრჩეს.

შეიძლებოდა, ბევრი რამ უკეთ გამეკეთებინა, მეტი მომესწრო, მეტად ორგანიზებული ვყოფილიყავი, მაგრამ ამას უკვე სამომავლოდ გავითვალისწინებ. ახლა კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ცუდად თუ კარგად, ყველაფერს კისერი მოვუგრიხე და მომავალ კვირას ჩემი პროგრამის დახურვის ოფიციალურ ცერემონიალზე მეც იმ სტუდენტთა რიგში ვიქნები, ვინც პროგრამა წარმატებით დაასრულა.

ალბათ იკითხავთ, სათაური რაღა შუაშიაო. მოგახსენებთ:

რამდენიმე დღის წინ, უნივერსიტეტიდან სახლში რომ მოვდიოდი, ფანჯრებზე მიმაგრებული დროშის ტარზე მოკონწიალე ორი ზურგჩანთა შევნიშნე. ვიფიქრე, გარეცხეს და აშრობენ-მეთქი, მაგრამ ორი დღის შემდეგ რომ გავიარე და რამდენიმე ზურგჩანთა სხვა სახლებზეც დავთვალე, დავინტერესდი, რა ხდებოდა. თურმე, ნუ იტყვით და ეს იმის აღსანიშნავად ხდება, რომ ამ ოჯახის ახალგაზრდა წევრმა წარმატებით ჩააბარა ყველა გამოცდა, ამიტომ ზურგჩანთა, რომლითაც წიგნებს ატარებდა უნივერსიტეტში, აღარ სჭირდება და მას ყველას დასანახად ჰკიდებს დროშის ტარზე. ეს ნიშნავს, რომ ის ამაყობს თავისი წარმატებით და მეზობლებს შეუძლიათ, მიულოცონ კიდეც. მშვენიერი ტრადიციაა, არა???

სამწუხაროდ, ჩემი ფანჯარა არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ დროშა გამოვკიდო. თანაც, მე ჩემი ზურგჩანთა ჯერ კიდევ მჭირდება. ახლა უკვე შემიძლია, ცოტაოდენი საგზალი ჩავალაგო და დარჩენილი დღეების განმავლობაში მშვიდი სინდისით ვიხეტიალო ბებერი ევროპის მიწაზე.

Read Full Post »

გუშინ ერთი ალიაქოთი იყო სოც. ქსელებში – სიები დაიდოო, დროზე გაიგეთო, არა, ეჭვი კი არ მეპარება, მაგრამ მაინც გადაამოწმეო, შენ მაინც პირველი იქნები, მაგრამ დააზუსტეო და ა.შ. ზოგსაც ეცინებოდა, თუნდაც ყველაზე რეიტინგულ სასწავლებელში მოხვედრა რატომ უნდა გიხაროდეს ასე, ბოლოს და ბოლოს, გურჯისტანის რიგითი უნივერსიტეტიაო.

მოკლედ, კაცია და გუნება კი არადა, იუზერია და სტატუსი, მაგრამ მე ძალიან გამიხარდა ჩემი ერთი მეგობრის ამბავი. ვირტუალური  მეგობრის, მაგრამ მგონი, სწორედ ესაა ის შემთხვევა, როცა ადამიანთან უამრავ საერთოს პოულობ და რეალური დისტანცია პრობლემა აღარ არის.

ჩემი სეხნია და მომავალი ჩემი კოლეგა მართლა ძალიან ჭკვიანი ბავშვია, თუმცა, საკუთარი ძალების რწმენა აკლია და ინიციატივის გამოჩენასაც ერიდება. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ სასურველ სასწავლებლებს შორის ზემოხსენებული ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტი კი არ ჩაწერა, არამედ სრულიად სხვა. რა თქმა უნდა, პირველივე მათგანში მოხვდა, მაგრამ მისი ნიჭი და უნარები გულწრფელად მენანება ამ უნივერსიტეტისთვის და სამომავლო პერსპექტივებიც არცთუ სახარბიელო ჩანს. სწორედ ამიტომ რეგისტრაციის პირველი დღიდანვე ყურებს ვუჭედავ თბილისში გადმოსვლის აუცილებლობის დამადასტურებელი არგუმენტებით.

ჭკვიანი და შრომისმოყვარე ადამიანების პრობლემა ხშირად სწორედ ისაა, რომ პასიურები არიან; ფიქრობენ, რომ შრომა უპირველესია, რომ მათი ცოდნა ადრე თუ გვიან აუცილებლად დაფასდება, რომ თუ გამორჩეული იქნები სწავლით, ყველაფერი თავისთავად მოვა. ცოდვა გამხელილი სჯობს და ჩემი მეგობრის შემთხვევაში ეს მშობლების “ბრალიცაა”, ისინი სხვა დროსა და სიტუაციაში მოღვაწეობდნენ და არ იციან, თუ რა ბრძოლაა საჭირო დღეს თავის გამოსაჩენად, რაც წარმატებული მომავლის წინაპირობაა. სწორედ ამიტომ იყო, რომ მათი ქალიშვილი ერთხელ უკვე დაუმსახურებლად გამოაკლდა არცთუ უმნიშვნელო ღონისძიებას. სამაგიეროდ, მე ვიცი, რადგან ჩემს ირგვლივ უამრავი ნიჭიერი და განათლებული ადამიანია, რომელთაც ვერა და ვერ მიეცათ ამ ცოდნის გამოყენების შანსი და არსებობს იმის საფრთხე, რომ ასე უსახელოდ დაიკარგონ. არადა, ნებისმიერი დამსაქმებელი ინატრებდა ასეთ პროფესიონალს. მოკლედ, ესაა ჩვენი რეალობა!

ჩემი მეგობარი ჩემი ბლოგის აქტიური მკითხველია და ამ ფორმითაც მივაწვდი სათქმელს: სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სტატიკური, მხოლოდ შენს თავში არსებული ცოდნა არაფერს გარგებს. ეს ცოდნა სხვებსაც უნდა დაანახო, ამისთვის კი ინიციატივა და აქტიურობაა საჭირო და ეს აუცილებლად უნდა გამოიმუშავო, საამისო ასპარეზი კი მანდ თითქმის არ არის! ამიტომ, აუცილებლად იფიქრე იმაზე, რასაც სულ გიმეორებ. წელიც რომ გაგიცდეს, ეგ არაფერია, ჯერ პატარა ხარ და ყველაფერს მოასწრებ!

ყველა სტუდენტს ვუსურვებ წარმატებებს, გაუმჯობესებულ სიტუაციას საქართველოს ყველა სასწავლებელში და გირჩევთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები!

ეს ყველაზე მთავარია!

Read Full Post »

თორმეტი დღე დამრჩა ჩემი გათვლებით, ზუსტად თორმეტი. არადა, არც ვიზა მაქვს, არც ბილეთი და არც ბარგის ჩალაგება დამიწყია ჯერ.

ჰო, ვისაც დააინტერესებს, თუ საით გამიწევია, მოვახსენებ, რომ იყო ასეთი თეოლოგი და ჰუმანისტი – დეზიდერიუს ერასმუსი, რომლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტადაც მაქვს პატივი, ორწლიანი ჯახირის შემდეგ მოვიაზრებოდე.  ჰოდა, უნდა გავფრინდე ახალ სიმაღლეებთან და სირთულეებთან შესაჭიდებლად.

ალბათ ძალიან ახლოს უნდა მიცნობდეთ, რომ მიხვდეთ, რამხელა იმედებს ვამყარებ ამ ერთ წელზე. პროფესიულ ზრდასა და კარიერული წინსვლის პერსპექტივას რომ თავი დავანებოთ, ერთი წელი სრულიად მარტო უნდა ვიყო უცხო ქვეყანაში, ქალაქსა და ხალხში და ისიც კარგად ვიცი, თუ როგორ მძიმე რეჟიმში მომიწევს ცხოვრება. შიშით არაფრის მეშინია, პირიქით, იმედი მაქვს, რომ იქიდან დაბრუნებულს ბოლოს და ბოლოს, აღარ დამჭირდება იმის მტკიცება, რომ უკვე გავიზარდე!

ჯერჯერობით კი ველოდები წერილს, რომელმაც უნდა მაცნობოს, რომ ვიზა თითქმის მზადაა და ბილეთიც დაჯავშნული.

გამახარე, gmail-ო!

Read Full Post »