Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სწავლა’

ერთმა ჩვენმა მეგობარმა და ძალიან კარგმა ბლოგერმა ცოტა ხნის წინ იკითხა, პოსტის გამოქვეყნებას აზრი თუ აქვსო. კარგი კითხვაა. ზაფხულის, ფეხბურთის, პოლიტიკისა და სხვა მსგავსი თემატიკის სიჭარბის გამო ვორდპრესის დეშბორდში უკვე ძალიან იშვიათად ვიხედები, მაგრამ პოსტის წერას მაინც შევუდექი. ბოლოს და ბოლოს, მე უკვე დიდი ხანია, ონლაინ-დღიურის წარმოებაზე გადავედი.

 ვინც ჩემს ბლოგს თვალყურს ადევნებდა, ემახსოვრება თუ როგორი დაბნეული, მადადაკარგული და ახლობლებს მონატრებული ვიყავი აქ ჩამოსვლის პირველ დღეებში ანუ გასული წლის აგვისტოში. ახლა აქ ყოფნის ბოლო დღეებს ვითვლი და გული მწყდება – ერთი მხრივ იმიტომ, რომ აქაურობას მივეჩვიე და დარწმუნებული ვარ, ძალიან მომენატრება; მეორე მხრივ, ჩემი სტუდენტობის მეშვიდე წელი დასრულდა და შესაძლოა, ბოლოც აღმოჩნდეს.

გული მწყდება, რადგან მქონდა საკმაოდ მძიმე, დატვირთული, ფიზიკურად და მორალურად დამღლელი, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი წელი. აქ პირველად შემეშინდა იმის, რომ გამოცდებს ვერ ჩავაბარებდი, ვერ დავწერდი ნორმალურ თემას, ვერ მოვერეოდი ზღვა მასალას, ვერ ვისწავლიდი უცხო ენაზე. გავიგე, რას ნიშნავს, როცა საათებს და წუთებს ითვლი სტიპენდიის მოლოდინში, რომ თავად განსაზღვრავ, როდის და რა ისწავლო, როდის დაიძინო, რა ჭამო და რა ინტენსივობით. აქ გავიგე, რას ნიშნავს, როცა ცუდად ხარ და არ გინდა, ახლობლები, რომლებიც ამხელა მანძილზე ვერაფერს გიშველიან, ანერვიულო და ამიტომ მაშინაც კი უღიმი მათ, როცა თავი და გული გახეთქვაზე გაქვს.

მაგრამ ეს ყველაფერი უკვე კარგად გასახსენებელთა რიცხვში შედის, რადგან დროს ერთი უცნაური თვისება აქვს – სწრაფად გადის და ყველაფერი, რაც ადრე გაწუხებდა, სასიამოვნო მოგონებებად შეიძლება შემოგრჩეს.

შეიძლებოდა, ბევრი რამ უკეთ გამეკეთებინა, მეტი მომესწრო, მეტად ორგანიზებული ვყოფილიყავი, მაგრამ ამას უკვე სამომავლოდ გავითვალისწინებ. ახლა კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ცუდად თუ კარგად, ყველაფერს კისერი მოვუგრიხე და მომავალ კვირას ჩემი პროგრამის დახურვის ოფიციალურ ცერემონიალზე მეც იმ სტუდენტთა რიგში ვიქნები, ვინც პროგრამა წარმატებით დაასრულა.

ალბათ იკითხავთ, სათაური რაღა შუაშიაო. მოგახსენებთ:

რამდენიმე დღის წინ, უნივერსიტეტიდან სახლში რომ მოვდიოდი, ფანჯრებზე მიმაგრებული დროშის ტარზე მოკონწიალე ორი ზურგჩანთა შევნიშნე. ვიფიქრე, გარეცხეს და აშრობენ-მეთქი, მაგრამ ორი დღის შემდეგ რომ გავიარე და რამდენიმე ზურგჩანთა სხვა სახლებზეც დავთვალე, დავინტერესდი, რა ხდებოდა. თურმე, ნუ იტყვით და ეს იმის აღსანიშნავად ხდება, რომ ამ ოჯახის ახალგაზრდა წევრმა წარმატებით ჩააბარა ყველა გამოცდა, ამიტომ ზურგჩანთა, რომლითაც წიგნებს ატარებდა უნივერსიტეტში, აღარ სჭირდება და მას ყველას დასანახად ჰკიდებს დროშის ტარზე. ეს ნიშნავს, რომ ის ამაყობს თავისი წარმატებით და მეზობლებს შეუძლიათ, მიულოცონ კიდეც. მშვენიერი ტრადიციაა, არა???

სამწუხაროდ, ჩემი ფანჯარა არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ დროშა გამოვკიდო. თანაც, მე ჩემი ზურგჩანთა ჯერ კიდევ მჭირდება. ახლა უკვე შემიძლია, ცოტაოდენი საგზალი ჩავალაგო და დარჩენილი დღეების განმავლობაში მშვიდი სინდისით ვიხეტიალო ბებერი ევროპის მიწაზე.

Read Full Post »

თორმეტი დღე დამრჩა ჩემი გათვლებით, ზუსტად თორმეტი. არადა, არც ვიზა მაქვს, არც ბილეთი და არც ბარგის ჩალაგება დამიწყია ჯერ.

ჰო, ვისაც დააინტერესებს, თუ საით გამიწევია, მოვახსენებ, რომ იყო ასეთი თეოლოგი და ჰუმანისტი – დეზიდერიუს ერასმუსი, რომლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტადაც მაქვს პატივი, ორწლიანი ჯახირის შემდეგ მოვიაზრებოდე.  ჰოდა, უნდა გავფრინდე ახალ სიმაღლეებთან და სირთულეებთან შესაჭიდებლად.

ალბათ ძალიან ახლოს უნდა მიცნობდეთ, რომ მიხვდეთ, რამხელა იმედებს ვამყარებ ამ ერთ წელზე. პროფესიულ ზრდასა და კარიერული წინსვლის პერსპექტივას რომ თავი დავანებოთ, ერთი წელი სრულიად მარტო უნდა ვიყო უცხო ქვეყანაში, ქალაქსა და ხალხში და ისიც კარგად ვიცი, თუ როგორ მძიმე რეჟიმში მომიწევს ცხოვრება. შიშით არაფრის მეშინია, პირიქით, იმედი მაქვს, რომ იქიდან დაბრუნებულს ბოლოს და ბოლოს, აღარ დამჭირდება იმის მტკიცება, რომ უკვე გავიზარდე!

ჯერჯერობით კი ველოდები წერილს, რომელმაც უნდა მაცნობოს, რომ ვიზა თითქმის მზადაა და ბილეთიც დაჯავშნული.

გამახარე, gmail-ო!

Read Full Post »