Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პოლონეთი’

რა სჯობს მოგზაურობას.

ახლა უფრო ვაფასებ იმ დროს, როცა თავისუფლად შეიძლებოდა მოგზაურობის დაგეგმვა. მოგზაურობა კი არა, დაგეგმვა: იაფი ბილეთების ძიება, ადგილების შერჩევა, დღეების თვლა… ესეც კი ერთი სიამოვნება ყოფილა. ახლა რა აზრი აქვს რაიმეს თვალიერებას, გეკითხებით მე თქვენ?

ბოლო მოგზაურობა 2019 წლის იანვარში შედგა, პოლონეთში.

ადრე დავწერე ჩემს სწრაფვებზე პოლონეთისკენ, ზღაპრების და ლეგენდების სიყვარულზე, მგონი, ამ ბლოგზეც შემორჩა ის პოსტი.

2019 წლის იანვარი ყველაზე ხელსაყრელი მომენტი იყო ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მოგზაურობისთვის, რადგან ზაფხულში მეორე შვილს ველოდით და ორივეს გვესმოდა, რომ კარგა ხნით ჩაყვინთავდა ჩვენი მოგზაურობის შესაძლებლობა. ისე აგიხდეთ ყველაფერი…

რას ავირჩევდით, თუ არა ყველაზე პოპულარულ (და იაფ) ვროცლავს. ორდღიანი ტურისთვის საკმარისია სრულიად. პოლონეთის პატარა ქალაქია, ევროპული სტილის, ლამაზი, კოპწია.

მაგრამ როგორც იყო, ისე დავიწყოთ.

მოგზაურობის პირველი ეტაპია მგზავრობა თბილისიდან კოპიტნარამდე. გორში ამოსული ვაშლის გამყიდველი დღემდე მახსენდება ხოლმე, ექვს მგზავრში ვაშლის მსურველი რომ ვერ აღმოაჩინა და იმედგაცრუებული ჩავიდა. სინდისმა შემაწუხა თითქოს, მე რომ სამოგზაუროდ მივბრძანდებოდი.

მაგრამ სინდისის ქენჯნა მერე ვიგრძენი, აერობუსის ბორტზე სულ ექვსნი რომ აღმოვჩნდით ტურისტული მისიით. ყველა სხვა დანარჩენი მგზავრი პოლონეთში სეზონურ სამუშაოზე მიიჩქაროდა თურმე. ტურისტები ხომ ისეთები წარმოგვიდგენია: ენთუზიაზმით სავსე, კომფორტული ტანსაცმლით, ცოტა ბარგით, ხელში რუკით, ნახევრად დაცლილი წყლის ბოთლით, მეწყვილესთან დაუღალავად მოქაქანე. კოპიტნარის მოსაცდელი კი დაღლილი, მზერაჩამქრალი, ხელებდაკოჟრილი ხალხით იყო სავსე. ყველა სიკეთესთან ერთად ვროცლავის აეროპორტში ერთ-ერთმა ტელეფონი რუსულად მთხოვა (გაუფერულებული თმის ეფექტი იყო ალბათ). ასე კონტექსტიდან ამოვარდნილები ჩამოვედით ქალაქში და კითხვა-კითხვით მივადექით სასტუმროს.

ჰო, მართლა. თუ რაღაც სასწაულით Tripadvisor-ის რჩევებამდე ამ ბლოგზე აღმოჩნდით, არავითარ შემთხვევაში დაახურდავოთ ევრო აეროპორტის გადამცვლელ პუნქტში. ტურისტებს ძარცვავთო, ჩვენი თანამემამულეები ხშირად საყვედურობენ მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს, მაგრამ აი, ძარცვა ეგაა, თუა.

სასტუმროში მოვეწყვეთ (არც ისე ძვირია, სხვათა შორის, ჰოსტელებისთვის უკვე დავბერდით), მეორე დილით მოურიდებლად ავითვისეთ საფასურში შემავალი საუზმე და ქალაქში გავედით.

როგორც უკვე ვთქვით, პატარა და კოპწია ქალაქია. როგორც ყველა ევროპულ ქალაქს, აქვს მთავარი მოედანი, რომელსაც გარს ერტყმის ევროპულად წაწვეტებულსახურავიანი სახლები (ვგიჟდები ამ მოედნებზე) და აქვეა ქალაქის რატუშა. ამავე მოედანზეა მაკდონალდსი და ბურგერ კინგი, კაფე-რესტორნები და მაღაზიებიც. სამწუხაროდ, ვროცლავის ცნობილი შადრევანი გამორთული დაგხვდა.

ზამთარი ცივია. პირველი, რაც გავაკეთეთ, ახლომდებარე Wroclawia-ს სავაჭრო ცენტრში შევედით და თბილი ქუდები ვიყიდეთ. ჩვენ თბილისურად წავედით, თავშიშველები. ისე ციოდა, რომ მთელი დღე გარეთ ვერ ვძლებდით, ქალაქში ორ ცვლად გავდიოდით – დილით და ნაშუადღევს.

პირველ დღეს სავაჭრო ცენტრები და მთავარი მოედანი ავითვისეთ. სავაჭრო ცენტრი სულ სამია: ზემოხსენებული Wroclawia, Renoma და მესამის სახელი აღარ მახსოვს. საშოპინგოდ დიდი არაფერი ქალაქია, თითქმის იგივე ბრენდებია, რაც ჩვენთან, მხოლოდ ССС და Esprit მომხვდა თვალში. და Orsay-ც, ჩვენთან ხომ აღარ არის უკვე.

კიდევ ერთი რამ, რაც ევროპულ ქალაქებში მიყვარს, არის ტრამვაი. რა სჯობს: ზიხარ შენთვის, მისრიალებ, გარემოს არ აბინძურებ, სწრაფია და როგორც წესი, ყველგან მიგიყვანს.

მეორე დღეს გადავწყვიტეთ ტუმსკის კუნძულზე წავსულიყავით. როგორც გადმოცემით ვიცოდი, ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. თუმცა, კუნძულზე მეტად ნახევარკუნძული უფროა ალბათ. ვინაიდან ზუსტად არ ვიცოდით, რომელ გაჩერებაზე უნდა ჩამოვსულიყავით, ტრამვაის უფრო შორს გავყევით და სრულიად შემთხვევით ძალიან დიდ, ლამაზ და დათოვლილ პარკში აღმოვჩნდით. გავისეირნეთ, სურათები გადავიღეთ, სუპერმარკეტში საგზალი მოვიმარაგეთ და უკანა გზაზე კუნძულთან ჩამოვედით.

ტუმსკი მართლა ულამაზესი ადგილია ან ზამთარსა და თოვაში იყო ასეთი მომნუსხველი გაყინული ოდერი. მდინარეზე ხიდია, რომლის მოაჯირზეც ტრადიციული ბოქლომები შეუხუნძლავთ. აქვეა ძველი ორკოშკურიანი შენობა და ეკლესია, რომელშიც ძალიან ლამაზი შობის ინსტალაცია ვნახეთ, ვიტრაჟებთან ერთად. კუნძულს პარკი ეკვრის. ალბათ ზაფხულშიც ძალიან კარგი იქნება აქეთ გასეირნება, განსაკუთრებით, ნავით.

კუნძულიდან მომავლებმა ბურგერ-ბარი ვიპოვეთ და ძალიან კმაყოფილებიც დავრჩით. ეს ტურისტობის კიდევ ერთი დადებითი მხარეა – იმდენს დადიხარ ფეხით, რომ ჭამის მხრივ თავის შეზღუდვა აუცილებელი აღარაა.

იმავე საღამოს გადავწყვიტეთ, ცოტაც გვეხეტიალა. სასტუმროდან ცენტრის მოპირდაპირე მხარეს წავედით და ქალაქის გარეუბანში აღმოვჩნდით. აქ გრძლად ჩარიგებული, ორსართულიანი და ალბათ დაბალჭერიანი სახლებია, მაგრამ არ ვიცი, ამ სახლების წინ ჩარიგებული ბუჩქების, ქვაფენილის, თოვლის თუ მოგზაურობის მონატრების დამსახურება იყო, რომ ეს შედარებით მოკრძალებული უბანიც კი ძალიან ლამაზი მეჩვენებოდა.

ასე ვიხეტიალეთ ფეხების გაფიჩხებამდე და სასტუმროში დავბრუნდით. მეორე დილით უკვე ვბრუნდებოდით. დილით სავაჭრო ცენტრში გემრიელი ყავა დავლიეთ და აეროპორტისკენ ავიღეთ გეზი. ერთსაათიანის ნაცვლად ავტობუსის ნახევარსაათიანი ბილეთი ვიყიდეთ და როგორც კი დროს გადასცდა, გული მიკანკალებდა, არავის შეემოწმებინა ბილეთი და ავტობუსიდან არ ჩამოვესვით. გზად ავტობუსმა ერთი მოუვლელი უბანი გაიარა, რომელსაც გარემოვაჭრეებიც არ აკლდა. საბედნიეროდ, კოტროლიორი არ ამოსულა და აეროპორტამდე მშვიდობით მივედით.

ორი დღისთვის სულ ეს იყო.

აქვე ფოტოები:

Read Full Post »

ბლოგი იმის ბლოგია, რომ პატრონის ინტერესები გამოხატოს, ასე არაა? ჰოდა, გაიცანით ჩემი პოლონეთი, რეჩპოსპოლიტა პოლსკა.
ძალიანაც რომ მოვინდომო, ალბათ გამიჭირდება ახსნა, რატომ მაინცდამაინც პოლონეთია ჩემი განსაკუთრებული ინტერესის საგანი. ასეთი, ერთი შეხედვით, უმიზეზო აკვიატება ხანდახან მჩვევია ხოლმე, თუმცა, პოლონეთი ის შემთხვევაა, როცა რამდენიმე ხელშესახები მიზეზი მაინც მაქვს. აი, “ჰათიკვას” რატომ ვუსმენ გულაჩუყებული დღეების განმავლობაში, ეს ჯერ კიდევ ვერ გამირკვევია საკუთარ თავთან.
ჩემი პირველი წარმოდგენა პოლონეთზე შორეული ბავშვობიდან იღებს სათავეს, სრულიად შემთხვევით აღმოჩენილ, გვერდებშემოცვეთილ ზღაპრების კრებულს რომ ვუჯექი ლამპის შუქზე, სოფელში, სანამ ღუმელი არ ჩაინავლებოდა და სიცივე იძულებულს არ გამხდიდა, დამეხურა წიგნი და ლოგინში შევწოლილიყავი. საბანში გახვეულს კი კარგა ხანი მჭირდებოდა დასამშვიდებლად, რადგან უსინათლო გდანსკელი მესაათის, ასი წლით დაკარგული ახალგაზრდა მაღაროელისა და უგულო თავადის ამბები ყოველ წაკითხვაზე ხელახლა მაფორიაქებდა.
რასაკვირველია, ზღაპრების შემდეგ ჩემს ტვინში საკმაო ინფორმაციამ მოიყარა თავი. სკოლის პერიოდში მე უკვე ვიცოდი, რომ პოლონეთი იყო ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დააზარალა მეორე მსოფლიო ომმა, რომ მას შემდეგ მაინც შესძლო ფეხზე დადგომა და საკმაოდ სწრაფი ტემპებით განვითარდა ეკონომიკა, რომ აუცილებლად გახდებოდა ევროკავშირისა და ყველა შესაძლო გაერთიანების წევრი, რომელთა სახელები მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი (ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ!). არც ისე დიდი ხნის წინ გავიცანი და შემიყვარდა ჰენრიკ სენკევიჩი, ხოლო ბოლო და ყველაზე ახლო შეხება პოლონეთთან ჩემი ამჟამინდელი მეზობლები არიან – ადამი, ნატალია და მათი ოქროსფერი რეტრივერი ბიანკა.
მე არ ვიცი, ადამს რამდენი პროცენტი კეთილშობილი შლიახტიჩის სისხლი უჩქეფს ძარღვებში, მაგრამ ალბათ თავისი თვალით ექნება ნანახი უძველესი კრაკოვი, იქნებ ვისლაშიც უბანავია ან ოდერზე ნავითაც უსეირნია.
თანამედროვე პოლონეთის მთელი მომხიბლაობის მიუხედავად, ჩემი რეჩპოსპოლიტა პოლსკა მაინც სენკევიჩის რომანებშია. ფიცხი სილეზიელები, ეშმაკის ფეხი მაზურები, ქამრიანი რაინდები – ცულებს რომ ვერცხლივით გრეხდნენ და ხის ტოტებს წვენს ადენდნენ, მებრძოლი ქალები, ხმლის ერთი მოქნევით თავის წასხეპაც რომ შეეძლოთ და მიზანში სროლაც.
რაც შეეხება დედაქალაქს, რატომღაც ვარშავაზე უწინ ყოველთვის ძველი დედაქალაქი – კრაკოვი მახსენდებოდა. ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე დაცემაც ნახა და აყვავებაც. აქ ყველაფერია – ძველი პოლონური კულტურის ნიმუშები, შეხამებული აღორძინების ხანის არქიტექტურასთან და ევროპაში ერთ-ერთი უძველესი იაგელონის უნივერსიტეტი. კრაკოვს საკონცენტრაციო ბანაკებიც ახსოვს და წითელპალტოიანი პატარა გოგონებიც, თუმცა, ეს ყველაფერი უკან დარჩა. დღეს მის ქუჩებში რაინდული შერკინებები ეწყობა, მხოლოდ ტურისტების გართობის ფუნქცია რომ შერჩა, ხოლო ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ეროვნული კოსტიუმებით მსვლელობა უკვე ტრადიციაა.
აი, ასეთია მოკლედ ის, ჩემი ერთ-ერთი აკვიატებათაგანი;
ბევრისთვის უბრალოდ, ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი სახელმწიფო,
უფრო ცოტასთვის – ევროპაში პირველი კონსტიტუციის,
კინომოყვარულებისთვის – კიშლოვსკისა და ვაიდას,
მელომანებისთვის – შოპენის,
მეცნიერებისათვის – კოპერნიკის,
ლიტერატურის მოყვარულებისთვის – ჰენრიკ სენკევიჩისა და ადამ მიცკევიჩის,
თითქმის ყველასთვის – იანუშ კორჩაკის,
ბევრისთვის – უბრალოდ ზუბროვკის სამშობლო.
ეს ისე, უბრალოდ, რაც პირველი დაფიქრებისთანავე გამახსენდა.
ჩემთვის კი ყოველივე ზემოჩამოთვლილიდან რაღაც შუალედური და ძალიან ახლობელი.
იმედია, ოდესმე აუცილებლად ვნახავ, ყველაფერს თუ არა, უამრავი საუკუნისა და მოვლენის მომსწრე ვისლას მაინც. ვიცი, რომ ვერაფერს მომიყვება, მაგრამ ვცდი, გონების თვალი მაინც გადავავლო ყოველივე იმას, რაც მან მთელი განვლილი საუკუნეების მანძილზე ნახა. ღამით კი აუცილებლად ავხედავ ცას, იქნებ პოლონეთის მიწიდან მაინც დავინახო საშინელ სამსჯავრომდე ზეცას მიჯაჭვული, ცოდვილი, მაგრამ კეთილშობილი პან ტვარდოვსკი.

Read Full Post »