რამდენიმე წუთის წინ დავასრულე ახალაღმოჩენილი ბლოგის გაცნობა (იხ. Pepperland), რომელიც სულ რაღაც საათნახევარში შემომეკითხა. ერთი მხრივ, კარგია, რომ ბევრი პოსტი არ არის, თორემ გავათენებდი ალბათ… არადა, ხვალისთვის ბევრი რამ მაქვს დაგეგმილი! ცუდი ისაა, რომ მაინც არ მეძინება – ყავამ (დიდი ფინჯნით) თავისი საქმე გააკეთა, გავითვალისწინებ გამოცდების პერიოდისთვისაც…
ჩემი სტუდენტური ცხოვრება სრულყოფილ სახეს იძენს, სახეზეა სრული პაკეტი:
– ნაქირავებ ოთახში გაღვიძება;
– დილით ადრე სახლიდან ფეხის წვერებზე გასვლა, მეზობლები რომ არ გააღვიძო;
– შორიდან მოახლოებული ტრამვაისთვის თვალის მოკვრა და გაჩერებამდე მირბენა;
– ყურსასმენების დავიწყება და ამის გამო მოწყენილი სახით ჯდომა;
– მეორე ტრამვაის ლოდინში ბაქანზე ბოლთის ცემა და კიდევ ერთხელ საყვედური საკუთარი თავისადმი, რომ ნახევარი საათით ადრე არ ადექი. მაშინ არც დაგვიანების შეგეშინდებოდა და ყურსასმენებიც არ დაგავიწყდებოდა;
– აუდიტორიაში შევარდნა სწორედ მაშინ, როცა პროფესორი პროექტორს უტრიალებს და შვებით ამოსუნთქვა;
– დაგვიანებული სტუდენტის გატარება, რომელიც თითის წვერებზე მიიწევს რიგებს შორის და ოდნავი კმაყოფილება იმის გამო, რომ მის ადგილას შენ არ ხარ;
– საინტერესო ლექციის მიუხედავად მოწოლილი მთქნარების ხელით შეკავება (რა ვქნა, წუხელ გვიან დავიძინე!);
– ლექციის შემდეგ ასლების გადასაღებად წასვლა და დიდი საქმის მოშორების შემდეგ დამძიმებული ზურგჩანთითა და კმაყოფილი სახით კამპუსის ტერიტორიის დატოვება.
ამ უკანასკნელი პუნქტის შედეგად ჩემს ოთახს ახალი რეკვიზიტები შეემატა – “ქსეროქსები”, ქართველი თუ ევროპელი სტუდენტის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ნამდვილად არ მახსოვს, ვინ გამოიგონა ქსეროქსის აპარატი, მაგრამ ნამდვილად იმსახურებს სამოთხეში საპატიო ადგილს. ჰოდა, მისდამი მადლიერებით აღვსილი, რომ თანხის რაღაც ოდენობა დამაზოგინა, დროდადრო მუშტრის თვალით ვზომავ საკმაოდ მოზრდილ შეკვრას და ვცდილობ ელექტრონული მასალის მოცულობას შევადარო. არ იფიქროთ, რომ ვწუწუნებ, ეს უმადურობა იქნება ჩემი მხრიდან. მე სხვებზე მეტად გამიმართლა და მაქვს შესაძლებლობა, რომ ყოველივე ამას ახლოს გავეცნო და ვისწავლო, მაშინ როცა ბევრ ჩემს კოლეგას ალბათ, წვდომა არ აქვს მასალასთან, რომელსაც სიამოვნებით აითვისებდა.
სასწავლო პროცესი თანდათანობით იკრებს ძალებს და მეც შესაბამისად მიქრება დღის რეჟიმიდან თავისუფალი დრო; იზრდება შესაძენი წიგნების რიცხვი და მათ უკუპროპორციულად მცირდება ჩემი დანაზოგის რაოდენობა. თუმცა, მე საწუწუნოდ საქმე არც აქ მაქვს – ტყუილად კი არაა ახლომდებარე არხები და გუბურები იხვებითა და ბატებით გადავსებული, კრიზისის პერიოდში ალბათ, ნადირობას დავიწყებ და თავს ასე გავიტან.
ჰო, ორიოდე სიტყვასაც დავძენ სტერეოტიპების რღვევის თაობაზე. დაიმახსოვრეთ, ტყუილია, რომ ევროპაში:
– ქუჩაში დავარდნის შემთხვევაშიც კი ყველას თავისი საქმე აქვს და ყურადღებას არავინ მოგაქცევთ;
– დარეკვა რომ დაგჭირდეთ, მობილურს არავინ გათხოვებთ;
– მგზავრები კონდუქტორთან არ ჩხუბობენ (იშვიათად, ძალიან იშვიათად!);
– ქუჩაში იდეალური სისუფთავეა;
– საჯარო სამსახურში ელექტრონულ სისტემას პრობლემა არასოდეს ექმნება და ამის გამო იდეალური წესრიგია;
– დიდი ქალაქების გარეუბნები ისეთივე გრანდიოზულია, როგორიც ცენტრი (თუმცა, ადგილი, სადაც მე ვცხოვრობ, ძალიან ლამაზია);
– ყველას გემოვნებით და ინდივიდუალურად აცვია;
– კაფეში ყველა თავისას იხდის – ეს არ ვიცი, რამდენად ვრცელდება მთელ ევროპაზე,
მაგრამ მას შემდეგ რაც მე, ჩეხ ირინას და მექსიკელ ოსკარს ჰოლანდიური Pancake-ებით გაგვიმასპინძლდა, ჩვენმა დიასახლისმა ხანჯალივით იშიშვლა მეუღლის ჯიბიდან საკრედიტო ბარათი, დახლთან გავიდა და მალევე შემობრუნდა, გაბრძოლებაც კი ვერ მოვასწარით;
– შემახსენეთ კიდევ რამე…
მგონი, ნელ-ნელა ვხვდები, რატომ თვლიდნენ ჩვენი მშობლები სტუდენტობას მათი ახალგაზრდობის უბედნიერეს ხანად. მათი უმეტესობა ხომ სწორედ სტუდენტობისას იწყებდა დამოუკიდებლად ცხოვრებას: მიდიოდა სხვა ქალაქში, უწევდა საკუთარი თავის მიხედვა, ზოგჯერ სამუშაოს შოვნა, მცირე თანხით დაკმაყოფილება, მასზე ხელმოკლე მეგობრისათვის თავისი ულუფის გაყოფა, მეგობრებთან ერთად ბოლო კაპიკების ნაყინში დახარჯვა… მაგრამ მთავარი სხვა იყო: თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შეგრძნება; შეგრძნება იმისა, რომ გაიზარდე, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მარტოს გიწევს და პასუხისმგებელიც თავად ხარ! დანარჩენი კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად გაართმევ თავს ყოველივე ამას… საინტერესოა, რატომ უწევენ ასეთი მშობლები შვილებს შემდეგ დათვურ სამსახურს? ან იქნებ, არც უწევენ, არ ვიცი…
ეჰ, წავალ, დავიძინებ… შუაღამისას, სტუდენტურად…