ბლოგი იმის ბლოგია, რომ პატრონის ინტერესები გამოხატოს, ასე არაა? ჰოდა, გაიცანით ჩემი პოლონეთი, რეჩპოსპოლიტა პოლსკა.
ძალიანაც რომ მოვინდომო, ალბათ გამიჭირდება ახსნა, რატომ მაინცდამაინც პოლონეთია ჩემი განსაკუთრებული ინტერესის საგანი. ასეთი, ერთი შეხედვით, უმიზეზო აკვიატება ხანდახან მჩვევია ხოლმე, თუმცა, პოლონეთი ის შემთხვევაა, როცა რამდენიმე ხელშესახები მიზეზი მაინც მაქვს. აი, “ჰათიკვას” რატომ ვუსმენ გულაჩუყებული დღეების განმავლობაში, ეს ჯერ კიდევ ვერ გამირკვევია საკუთარ თავთან.
ჩემი პირველი წარმოდგენა პოლონეთზე შორეული ბავშვობიდან იღებს სათავეს, სრულიად შემთხვევით აღმოჩენილ, გვერდებშემოცვეთილ ზღაპრების კრებულს რომ ვუჯექი ლამპის შუქზე, სოფელში, სანამ ღუმელი არ ჩაინავლებოდა და სიცივე იძულებულს არ გამხდიდა, დამეხურა წიგნი და ლოგინში შევწოლილიყავი. საბანში გახვეულს კი კარგა ხანი მჭირდებოდა დასამშვიდებლად, რადგან უსინათლო გდანსკელი მესაათის, ასი წლით დაკარგული ახალგაზრდა მაღაროელისა და უგულო თავადის ამბები ყოველ წაკითხვაზე ხელახლა მაფორიაქებდა.
რასაკვირველია, ზღაპრების შემდეგ ჩემს ტვინში საკმაო ინფორმაციამ მოიყარა თავი. სკოლის პერიოდში მე უკვე ვიცოდი, რომ პოლონეთი იყო ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დააზარალა მეორე მსოფლიო ომმა, რომ მას შემდეგ მაინც შესძლო ფეხზე დადგომა და საკმაოდ სწრაფი ტემპებით განვითარდა ეკონომიკა, რომ აუცილებლად გახდებოდა ევროკავშირისა და ყველა შესაძლო გაერთიანების წევრი, რომელთა სახელები მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი (ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ!). არც ისე დიდი ხნის წინ გავიცანი და შემიყვარდა ჰენრიკ სენკევიჩი, ხოლო ბოლო და ყველაზე ახლო შეხება პოლონეთთან ჩემი ამჟამინდელი მეზობლები არიან – ადამი, ნატალია და მათი ოქროსფერი რეტრივერი ბიანკა.
მე არ ვიცი, ადამს რამდენი პროცენტი კეთილშობილი შლიახტიჩის სისხლი უჩქეფს ძარღვებში, მაგრამ ალბათ თავისი თვალით ექნება ნანახი უძველესი კრაკოვი, იქნებ ვისლაშიც უბანავია ან ოდერზე ნავითაც უსეირნია.
თანამედროვე პოლონეთის მთელი მომხიბლაობის მიუხედავად, ჩემი რეჩპოსპოლიტა პოლსკა მაინც სენკევიჩის რომანებშია. ფიცხი სილეზიელები, ეშმაკის ფეხი მაზურები, ქამრიანი რაინდები – ცულებს რომ ვერცხლივით გრეხდნენ და ხის ტოტებს წვენს ადენდნენ, მებრძოლი ქალები, ხმლის ერთი მოქნევით თავის წასხეპაც რომ შეეძლოთ და მიზანში სროლაც.
რაც შეეხება დედაქალაქს, რატომღაც ვარშავაზე უწინ ყოველთვის ძველი დედაქალაქი – კრაკოვი მახსენდებოდა. ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე დაცემაც ნახა და აყვავებაც. აქ ყველაფერია – ძველი პოლონური კულტურის ნიმუშები, შეხამებული აღორძინების ხანის არქიტექტურასთან და ევროპაში ერთ-ერთი უძველესი იაგელონის უნივერსიტეტი. კრაკოვს საკონცენტრაციო ბანაკებიც ახსოვს და წითელპალტოიანი პატარა გოგონებიც, თუმცა, ეს ყველაფერი უკან დარჩა. დღეს მის ქუჩებში რაინდული შერკინებები ეწყობა, მხოლოდ ტურისტების გართობის ფუნქცია რომ შერჩა, ხოლო ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ეროვნული კოსტიუმებით მსვლელობა უკვე ტრადიციაა.
აი, ასეთია მოკლედ ის, ჩემი ერთ-ერთი აკვიატებათაგანი;
ბევრისთვის უბრალოდ, ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი სახელმწიფო,
უფრო ცოტასთვის – ევროპაში პირველი კონსტიტუციის,
კინომოყვარულებისთვის – კიშლოვსკისა და ვაიდას,
მელომანებისთვის – შოპენის,
მეცნიერებისათვის – კოპერნიკის,
ლიტერატურის მოყვარულებისთვის – ჰენრიკ სენკევიჩისა და ადამ მიცკევიჩის,
თითქმის ყველასთვის – იანუშ კორჩაკის,
ბევრისთვის – უბრალოდ ზუბროვკის სამშობლო.
ეს ისე, უბრალოდ, რაც პირველი დაფიქრებისთანავე გამახსენდა.
ჩემთვის კი ყოველივე ზემოჩამოთვლილიდან რაღაც შუალედური და ძალიან ახლობელი.
იმედია, ოდესმე აუცილებლად ვნახავ, ყველაფერს თუ არა, უამრავი საუკუნისა და მოვლენის მომსწრე ვისლას მაინც. ვიცი, რომ ვერაფერს მომიყვება, მაგრამ ვცდი, გონების თვალი მაინც გადავავლო ყოველივე იმას, რაც მან მთელი განვლილი საუკუნეების მანძილზე ნახა. ღამით კი აუცილებლად ავხედავ ცას, იქნებ პოლონეთის მიწიდან მაინც დავინახო საშინელ სამსჯავრომდე ზეცას მიჯაჭვული, ცოდვილი, მაგრამ კეთილშობილი პან ტვარდოვსკი.
Posts Tagged ‘კოპერნიკი’
Moja Polska
Posted in სხვადასხვა, tagged ვაიდა, ვარშავა, ზუბროვკა, კიშლოვსკი, კოპერნიკი, კორჩაკი, კრაკოვი, მიცკევიჩი, პოლონეთი, სენკევიჩი, შოპენი on იანვარი 25, 2012| 17 Comments »