Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ველოსიპედი’

ნოსტალგია

ვინც ჩემს ევროპულ ოდისეას თვალს ადევნებდა, ემახსოვრება ჩემი პირველი ველოსიპედი – მოწითალო, ტანწერწეტა, რბილი ტყავის უნაგირითა და გამართული წინა და უკანა ფარებით, რომელმაც უღალატოდ მატარა მთელი ათი თვე.

შინ დაბრუნებამდე მეგობრების მიერ ჯინჯერად მონათლული ველოსიპედი ახალ მდგმურს  – პუტკუნა ნენსის მივყიდე და გული საშინლად დამწყდა. ასე და ამგვარად, ნიდერლანდებში ორი წითური მეგობარი დავტოვე – ჯინჯერი და ოლგა.

ჰოლანდიაში ბევრი ისეთი რამ დავტოვე, რაზეც აქ დაბრუნების შემდეგ საშინლად მწყდება გული. იმიტომ, რომ უბრალოდ, არაჩვეულებრივი იქნებოდა, ჩვენც შეგვეძლოს ირგვლივ, თითქოს უმნიშვნელო წვრილმანებით, წესრიგის, სილამაზისა და სიმყუდროვის შექმნა.

529142_472429826163019_93774388_n

ვაღიარებ, ყველაზე მწარედ მაშინ ვიგრძენი სხვაობა, როცა სახლს მოვუახლოვდი და მიტოვებული ძველთაძველი შენობიდან ნესტოებს ყოველგვარი შესავლის და მორიდების გარეშე ეტაკა შმორის, ნაგვის ბუნკერის, მკვდარი კატის და იმ მკვდარმა კატამ უწყის, კიდევ რის სუნი. რამდენიმე ათეული მეტრის რადიუსში მიწა ეკალ-ბარდებით იყო დაფარული, ხოლო სახლისაკენ მიმავალი გზა – ისეთი ოღრო-ჩოღრო, რომ გორგოლაჭებიანი ჩემოდანი ძლივს მივარახრახე სადარბაზომდე.

მომდევნო ორი კვირა მუდმივად მტკიოდა თავი, რადგან იქ, ტელევიზორის ხმაურს, პოლიტ-დებატებს და ხალხმრავლობას გადაჩვეულს აქ წინასაარჩევნო ციებ-ცხელება დამხვდა და ხშირად სასოწარკვეთამდე მისული იძულებული ვხდებოდი, თავზე ბალიში დამემხო და დამეძინა, რომ როგორმე შემეჩერებინა ჩემს ტვინში შემდინარე ყოვლად არასაჭირო ინფორმაციული ნაგავი.

ადაპტაცია, როგორც იყო, გავიარე და საკუთარი მცდელობა იქითკენ მივმართე, რომ მთელი გარემო თუ არა, საკუთარი ცხოვრება მაინც გამეხადა ოდნავ უფრო ევროპული.

ევროპული ჩვეულებისამებრ, ჩანთაში ყოველთვის მიდევს წყლის ბოთლი, ქუჩაში თითქმის აღარასდროს დავდივარ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით (ჩანთით ვატარებ), ვცდილობ, აქტიურ ცხოვრების წესს მივდიო (თვეების განმავლობაში ვვარჯიშობდი) და ჩავიფიქრე, რომ აუცილებლად შევიძენდი ველოსიპედს.

ჩანაფიქრმა პირვანდელი სახით წელიწადზე მეტხანს იარსება. ამასობაში, ერთ ველო-ტურში წასვლაც მოვასწარი და საბოლოოდ დავასკვენი, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია, სამ საათში 50 კმ გაიაროს, ნამდვილად იმსახურებს დამატებით ორ ბორბალს. ერთი ეგ იყო, ოჯახის უფროსი წევრი კატეგორიულად მიპროტესტებდა განზრახვას. მას ყოვლად ლეგიტიმური შიში აქვს, მისი (გასათხოვარი) ქალიშვილი ვინმეს შერეკილი არ ეგონოს.

ზემოხსენებულ ველო-ტურში რამდენიმე ველომოყვარული გავიცანი და აი, მაშინ დაიძრა საქმე.

ერთიც ვნახოთ და სამსახურებრივ შეხვედრაზე სერიოზული და აკადემიური სახით მჯდარს მესიჯი მომივიდა: “თამარ, აქ ხარ? დარეკე, ამას ყიდულობ (ლინკი)”.

ოთახიდან დაოთხილი გამოვვარდი, უმოწყალოდ ჩავუყარე წყალში შრომა თანამშრომელს (რომელიც ამ დროს თურმე ინტერვიუს იღებდა და მე სწორედ მისი რესპონდენტის ზურგს უკან შევკარი კამარა) და სასწრაფოდ გადავრეკე გამყიდველთან. მეორე დღეს ზემოხსენებული მესიჯის ავტორმა არ დაიზარა, ველოსიპედის სანახავად წამყვა, საფუძვლიანი შემოწმების შემდეგ გამყიდველს ისედაც დაბალი ფასი უფრო დააკლებინა და პატარ-პატარა დეფექტების გასასწორებლად თავის მეგობართან გამიშვა (დამსახურებული მადლობა მას!).

დიახ, მე (ისევ) “ვკატაობ”!

ველოსიპედის ექიმთან ჩემი მეგობარი წამყვა. ახალგაზრდა პერსპექტიულმა ყმაწვილმა, რომელიც თინეიჯერობის ასაკს ახლახანს თუ იქნება გადაცილებული, საეჭვოდ აგვხედ-დაგვხედა (ორ გასათხოვარ ქალს), შემდეგ, როგორც ჩანს, ჩემი მეგობრის მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე მეტად გულმა ჩემი გაცვეთილი “ოლსტარებისკენ” გაუწია და გაუბედავი ღიმილით მკითხა:

– ისა.. თქვენ “კატაობთ”?

ჩემდა გასაკვირად, დავიბენი.

– ჰმ… დიახ! – უხერხული შმუშვნით ვუპასუხე და ფიქრი, ხომ არ დავბერდი ველოსიპედის ჭენებისთვის, სასწრაფოდ ამოვიგდე თავიდან. ისე საიმედოდ ამოვიგდე, რომ გუშინ, როცა შეკეთებული ველოსიპედი ტაქსში ჩავჩურთე და მძღოლმა მკითხა, ბავშვისთვის ხომ არ მიმქონდა, მხოლოდ “სულელი!”-ს გაფიქრებით შემოვიფარგლე.

imagesჰოდა, ასე, ზემოხსენებულ სულელ ტაქსისტს თავი ნახევარ საათში დავაღწიე და ახლა უკვე ჩემს აივანზეც დგას ველოსიპედი. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი მეზობლები, უბრალოდ, გულზე სკდებიან!

და ბოლოს, სასიამოვნო დამთხვევა: ჩემი ველოსიპედი, არც მეტი და არც ნაკლები, ჰოლანდიური ფირმისაა!

რაც მართალია, მართალია, ცოტაოდენი მონატრებული ჰოლანდია ნამდვილად არ მაწყენს…

Read Full Post »

დღეს ჩემი შვებულების ბოლო დღეა, წუხელ თბილისში ჩამოვქანდი მინივენით. ვიფიქრე, სამსახურში გასვლის წინ დამწვარ მუხლებს მაინც მოვიშუშებ და ადაპტაციას გავივლი-მეთქი. ახლა ვრწმუნდები, რაოდენ სწორი გადაწყვეტილება მიმიღია: ამ დილით ვერც ერთი კვირის განმავლობაში მაგარ საწოლზე დაჩეჩქვილი გვერდები ავითრიე და ვერც გაბრუებული თავი. საოცარი ისაა, რომ იმ საწოლზე მშვენივრად მეძინა, მხოლოდ წუხელ ვიგრძენი განსხვავება, როცა საკუთარ ლოგინში ჩავყვინთე.

სახლს მაინც არაფერი სჯობს!

თან წავიღე:

– საცურაო კოსტიუმები და ყველაზე მოკლე და თხელი ტანსაცმელი, რაც კი მოვიძიე;
– ჩემი საყვარელი სმარტფონი მოზრდილი ფლეილისტითა და მარტინის და დრიუონის რომანებითურთ;
– ბოტასების ერთი წყვილი და სპორტული ქურთუკი;
– ციფრული ფოტოაპარატი;
– ელემენტარული მასალა გერმანული ენის შესწავლის მსურველთათვის;
– ორიოდე ნორმატიული აქტი;
– ტკბილეულობის მოკრძალებული მარაგი;
– წვრილმანი მედიკამენტები;
– მზიანი ამინდების იმედი.

ამინდი

რა უნდა იყოს იმაზე დიდი კატასტროფა, როცა რვა ძლივს გამოძებნილი დღიდან პირველი სამი წვიმიანია? წვიმიანი და ცივი!

სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ამ ცივ და წვიმიან დღეებშიც კი გმირულად ვატარებდი წინა პოსტში ხსენებულ და ყბადაღებულ ულტრამოკლე შორტებს!

სამშაბათს დილით, როცა ფარდა იმ იმედით გავწიე, წყლის ხმა ალბათ ონკანიდან მოდის-მეთქი და კოკისპირულმა წვიმამ შემოასხა, ლამის იყო ყბა მომექცა. წავჩანჩალდი პირის დასაბანად და სარკეში საკუთარი თავიც ყურადღებით დავათვალიერე – ხავსი, რაღაც სასწაულით, ჯერ არ მომკიდებოდა.

ის იყო, მტკიცედ გადავწყვიტე, ზეგ თბილისში ვბრუნდები-მეთქი, რომ წვიმამ იკლო და ცოტა ხანში ისე ჩამოცხა, სპორტული ქურთუკი ლამის ტანზე მიმეკრა. სასწრაფოდ ავიკარი გუდა-ნაბადი და პლაჟზე გავვარდი.

ამის შემდეგ ამინდებს არა უშავდა, შიგადაშიგ წამოწვიმა ერთი-ორჯერ. ეგ იყო, ზღვა ამ პერიოდისთვის საკმაოდ ცივი იყო და ზღვაურიც სასურველზე გრილი.

შვებულების სოციალ-ეკონომიკური და კულტურული ასპექტები

პირველ საღამოს რომ მიმოვიხედე და პლაჟზე კანტიკუნტად გაფანტული ხალხი სრულიად უწვალებლად დავთვალე, რაღაცნაირად გული დამწყდა. შემეცოდნენ ადგილობრივები, რომელთა შემოსავლის ძირითადი წყარო დამსვენებლებია. ქობულეთში ამ მხრივ წელს ნამდვილად არ იყო საქმე კარგად.

განსაკუთრებით ეს კვების ობიექტების მომსახურების ხარისხზე აისახა. როგორც ჩანს, მოთხოვნა და შემოსავალი დაბალია. ალბათ სწორედ ამის გამო იყო, რომ იმ კაფეებში, სადაც ადრე დავდიოდი სასადილოდ, ორჯერ ისეთი საშინელება მომართვეს, მთელი ღამე მინერალურ წყალს ვყლურწავდი.

ერთი სასიამოვნო სიახლე, რაც დამხვდა, გასაქირავებელი ველოსიპედებია. სწორედ ამის გამო იყო, რომ საღამოობით, როცა დამსვენებლების უმრავლესობა გიპიურიან-შლეიფიან კაბებს მიაფრიალებდა და ქუსლებს მიაკაკუნებდა, მე მუხლებამდე ტალახის შხეფებით ამოსვრილი და თმაგაჩეჩილი მივრბოდი სახლში.

ვინც ამ აწ უკვე დამსვენებლებისაგან დავიწყებულ ადგილას ყოფილა თუნდაც გავლით, კარგად მოეხსენება, რომ კვების ობიექტები პირდაპირ კავშირშია ცოცხალ მუსიკასთან. საბედნიეროდ, მოიძებნება ერთი-ორი წერტილი, სადაც ნორმალური ჯგუფი ნორმალურად უკრავს, მაგრამ უმეტესწილად… ბრრრ!!!

ერთ-ერთი რესტორნის სცენაზე ცნობილი “ნიჭიერი” სოსო ნარიმანიძე დავლანდე, მეორეგან კი ორი სლავური გარეგნობის გოგჩო, რომელთაც ხმა და სმენა ნამდვილად არ ჰქონდათ, სინდის-ნამუსის რა მოგახსენოთ, უცხო ხალხის გაჭორვა არ მჩვევია. ვერ გამიგია, როცა “ვია გრა”-ს და ალა პუგაჩოვას სიმღერებს ასრულებდნენ საუცხოო მანერით, რატომ მიჩნდებოდა მათი სცენიდან ჩამოღებისა და წკიპურტის კვრით შუა ზღვაში გაგზავნის სურვილი… ალბათ, მათი ფიგურა შემშურდა…

რაღაც ჩემდა ჭირად სახლთან მდებარე რესტორანში, სადაც ყოველთვის ისეთი სიწყნარე იყო, როგორც მორგში, ახალი დასი დაუქირავებიათ და მინდოდა თუ არა, ღამის ორ საათამდე ვუსმენდი ვიღაც ტემპერამენტიან ბიძიას: “რესტორანი “ედემი
კარგია?!”, “ხელები დამანახეთ”, “იუბილარს ვულოცავთ” და “აეეეეეე, ს დნიომ რაჟძენიააააა (უკვე სიმღერით)”…

თავდაპირველად თავზე ბალიშის დამხობა საქმეს შველოდა, მაგრამ მერე დასს ვიღაც სიგარეტით სექსუალურად ხმაჩახრინწული დეიდა შეუერთდა სექსუალურივე რეპერტუარით: “ო ბოჟე, კაკოი მუჟჩინააა, ია ხაჩუ ატ წებია სინაა..”, მერე რაღაცას ამბობდა ქალიშვილზეც, მაგრამ საკუთარმა ბუზღუნ-ბურტყუნმა შემიშალა ხელი, რომ ტექსტი ბოლომდე გამეაზრებინა.

ამის შემდეგ :ცენზურა: :ცენზურა: ყურსასმენებს ვიკეთებდი და ისე ვიძინებდი.

Remember when you were young, 
You shone like the sun.
Shine on you crazy diamond.

გმადლობთ, მისტერ გილმორ!

საუბრები მეგობართან:

“როგორაა საქმე თამარა, მზე არის? თუ  რომ ჩამოხვალ, სოლარიუმში ხარ გასაქცევი?”
 
“მე: ზემო სართულზე ვარ და აქ კოღო არ მაწუხებს.
ის: რატომ, ართრიტი აქვს?”
 
“მე: იცი, გერმანულის სწავლა მინდა, ალბათ რუსთავში ვივლი.
ის: აუცილებლად იარე! გერმანული ძალიან მაგარი ენაა, და რუსთავში ყოველი მეორე გერმანულად ლაპარაკობს. ამაზე კარგ ადგილს ვერ ნახავ გერმანულის სასწავლად!”
 

შენც მადლობა, ჩემი საღამოების გახალისებისთვის! 🙂

ჩხუბი მეგობართან:

ამაზე საუბარი აქ არ მინდა.

რომ არა ყოველივე ზემოაღნიშნული, ყველაფერი სწორედ ისე იქნებოდა, როგორც ვგეგმავდი.

მიუხედავად ამისა, დასვენებამ სწორედ რომ სულზე მომისწრო. ხვალიდან ახალი ძალებით გავდივარ სამსახურში.

ახლა ვზივარ, დამწვარ მუხლებს სულს ვუბერავ და ნაყინს გეახლებით. ფერი ოდნავ ვიცვალე, “ფეისბუქზე” რამდენიმე ფოტო ავტვირთე, ვამაყობ, რომ ვარჯიშს კვლავაც ვაგრძელებდი და ფორმიდან არ ამოვვარდნილვარ.

წინ კიდევ აგვისტოს ნახევარი და ხავერდოვანი სეზონია. ასე რომ, ვისაც ჯერ არ დაგისვენიათ, სასიამოვნო დროის გატარებას და მზიან ამინდებს გისურვებთ!

 

Read Full Post »

ჩემი ველოსიპედი

წეღან “ფეისბუქის” ერთ კარგ ჯგუფში წავიწუწუნე, რა მრჯიდა, წინა პოსტს შუაღამისას რომ ვწერდი-მეთქი, თითქოს არ ვიცოდი, კვირის პოსტი რომ დასაწერი მქონდა. არადა, ისიც კვირის გამოდის. ეჰ, ზარმაცი სტუდენტივით მომდის, ბოლოსკენ რომ გადაინახავს სამეცადინოს და გამოცდის წინ რომელ წიგნს ეტაკოს,  რომ აღარ იცის. ისე, სამეცადინო მართლა ბევრი მაქვს და რეჟიმის გაუმჯობესება და დახვეწა მომიწევს. ამაზე შემდეგ…

ჩემი ველოსიპედით ყველას თავი მოვაბეზრე უკვე, მაგრამ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა კარგი რამაა ეს. ტყუილად კი არ დამირქმევია სახელი.

თემატური სურათისთვის მადლობა გრინმარს

დილით ადრე ადგომა ყოველთვის ძალიან მიჭირს, რადგან დილის ძილზე მეტად მხოლოდ ტკბილეულობა მიყვარს. მას შემდეგ კი, რაც ვიცი, რომ ქვემოთ ჩემი რაში მელოდება, მალევე წამოვხტები ხოლმე.

უმეტესწილად დილით ადრე მიწევს გასვლა და თუ კარგი ამინდია, ჯერჯერობით კი აქ კარგი ამინდებია, სახეში ამომავალი მზის შუქი მირტყამს, ხოლო ახალგაკრეჭილი გაზონებიდან მოთიბული ბალახის სუნი მცემს. თავისუფალ გზაზე თუ ვმოძრაობ, ყურსასმენებსაც ვიკეთებ და პედლებს მუსიკის რიტმში ვატრიალებ. ცოტა სიფრთხილე მაინც საჭიროა, შეიძლება გზად ბენტერა იხვი ან თოლია გადაგეყაროს და გვერდის აქცევა ვერ მოიფიქროს. გზად ხიდი მაქვს გადასავლელი, დასაწყისში აღმართია და ოდნავ ვიღლები, სამაგიეროდ, ხიდის მეორე ნახევრის გასავლელად მხოლოდ დაღლილი ფეხების მოდუნება და ინერციით დაშვებაა საჭირო, იქვე პატარა მოხვევა და დავეშვით… ამის შემდეგ უკვე იდეალურად სწორი ბილიკია, რომლის უდიდესი ნაწილი ხეივანში გადის. თუ წინ არავინაა, თავის უკან გადაწევა და ხეებისა და მათ შორის ცის ნაგლეჯის ყურებაც შეიძლება, სახეში გრილი ჰაერი მხვდება, მაგრამ მცხელა.

უნივერსიტეტამდე კიდევ ერთი მოსახვევია, რომელიც ხანდახან გამომრჩება ხოლმე, თუკი რამეზე ჩავფიქრდი, თუმცა, ეს დიდად მნიშვნელოვანი არცაა, სხვა გზით მივალ. ერთი ეგაა, იმ ხმას ვეღარ მოვისმენ, ჩემი ველოსიპედის უკანა თვალი მოსახვევში რომ ოდნავ გამოსცემს და მსიამოვნებს. უნივერსიტეტის ეზოში სვლას ვანელებ, შემდეგ კი თავისუფალ ადგილს ვეძებ და ჩემს რაშს საიმედოდ ვაბამ.  საკეტის ჩატკაცუნების ხმა, შემდეგ შესამოწმებლად მოქაჩვა და უკვე შემიძლია, აუდიტორიაში შევიდე.

ჰო, მართლა, ჯინჯერს ჩამკეტიც თავისივე ფერის ვუყიდე, უხდება…

 

Read Full Post »

მიუხედავად მდინარეში ყვინთვისა, ველოსიპედის შეძენა არ გადამიფიქრებია. ჰოდა, ვიყიდე კიდეც! ძალიან მახარებს ის, რომ ჩემი შენაძენი ახალივით გამოიყურება და ფერიც კი საჩემოა – მუქი წითელი… მუხრუჭები ამასაც საჭეზე აქვს, მაგრამ ხმარება უკვე ვისწავლე – სამი საათია, ქალაქის მეორე ბოლოდან სახლისკენ მოვიწევ და როგორც იქნა, მოვაღწიე! გულისა და ხელ-ფეხის კანკალს რომ თავი დავანებოთ, ქალაქის თითქმის ყველა უცნობი ადგილი შემომეთვალიერა – გზა ამერია რამდენჯერმე!

ვაღიარებ, იყო შემთხვევები, როცა კინაღამ ისევ განვიცადე მარცხი: ერთხელ წითელზე გავიჭერი და შუა გზაზე დავამუხრუჭე, მაგრამ მძღოლმა თავი დამიქნია და ჟესტით გამამხნევა; ხიდზე გადმოსვლისას ქარმა ლამის წონასწორობა დამაკარგვინა და ტროტუარზე მომავალმა ჭაღარა ბაბუამ გულიანად გამიღიმა; მოსახვევში ძლივს მივხვდი, მანქანა გზას რომ მითმობდა და მეორე მძღოლისგანაც დავიმსახურე შემწყნარებლური ღიმილი. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ბრაზიან დეიდას გადავუჭერი გზა, თუმცა, მისი რისხვა მეც ისევე მეკუთვნოდა, როგორც ხუთ-ექვს ველოსიპედისტს, რომელთა ნაკადსაც ავედევნე…

ახლა როდეს რჩევას ვითვალისწინებ და ვფიქრობ, რა დავარქვა ჩემს რაშს…

Read Full Post »

ჩემი დიასახლისი ევროპელისათვის უჩვეულოდ გულისხმიერია. ადრეც ვახსენე სტერეოტიპი რომ მაქვს გამჯდარი ევროპელების გულგრილობის თაობაზე, რაც ამ ქალბატონის დადასტურებისამებრ, მთლად უსაფუძვლო ნამდვილად არაა. ჰოდა, ამ გამონაკლისმა რამდენიმე დღის წინ თავისთან დამპატიჟა. იცოდა, რომ სახლში მარტო ვიყავი და სამეცადინოც ჯერ არაფერი მქონდა.

რა თქმა უნდა, ვესტუმრე! დღის პირველი ნახევარი კოკისპირულად წვიმდა, ნაშუადღევს კი გამოიდარა, ჩემდა საუბედუროდ… გამოვიყვანეთ (მისი) ველოსიპედები და სასეირნოდ წავედით.

მინდა გითხრათ, რომ ეს სამოც წელს მიღწეული მანდილოსანი ჩემზე ყოჩაღად იჯდა ველოსიპედზე. მე კი დიდი ჯაფა მადგა – გარდა იმისა, რომ მანევრირებისას საჭეს ძლივს ვიმორჩილებდი, ქარიც ამოვარდა და წონასწორობის შენარჩუნებაში ესეც მიშლიდა ხელს.  რას ნიშნავს მაინც პრაქტიკა!

მაგრამ მთავარი შემდეგ უნდა მომხდარიყო თურმე! ერთ-ერთ მოსახვევში, რომელსაც წინ დაღმართი უძღოდა, ინერციით დიდი სისწრაფე ავკრიფე, მოხვევა ვეღარ მოვასწარი და ველოსიპედიანად გადავეშვი გზისპირა მდინარეში.

ვერ მოგატყუებთ, თვალწინ მთელმა ცხოვრებამ გამირბინა-მეთქი, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მაგრამ ორმა საღმა აზრმა ნამდვილად მოასწრო მოფრენა. პირველმა მაშინ გამიელვა, დგაფუნი რომ გავიგონე და თვალწინ მხოლოდ მღვრიე სიმწვანე დავინახე: “ძალიან ღრმა ხომ არაა?”. თუმცა, იგი ფსკერზე ფეხის დადგმისა და ამოყვინთვისთანავე ჩაანაცვლა რიგით მეორემ და უფრო პრაგმატულმა: “ველოსიპედი!!!” მშველელად მოვლენილ ახალგაზრდა ქერათმიან ყმაწვილს ჩემი ფიქრების მპყრობელი ნივთი მივაწოდე და მეც მალე ამოვედი გზაზე. ჩემს დიასახლისს კი გაოგნებისა და ატეხილი ხარხარის მიუხედავად ჩემი მარცხის ფოტოზე ასახვა უკვე მოესწრო და ინტერვიუს ჩამოსართმევად მომვარდა. დოკუმენტური მასალა დღემდე ინახება მის აიფონში.

საბედნიეროდ, ველოსიპედი ჩემსავით მთელი და უვნებელი აღმოჩნდა, თორემ დამატებითი და არცთუ მცირე ხარჯის თავი ნამდვილად არ მქონდა. ინციდენტის მიზეზს რაც შეეხება, ჩემს უბედურებაში დამნაშავე არც მეტი, არც ნაკლები, ტექნიკური პროგრესი აღმოჩნდა. ერთი მითხარით, საიდან უნდა მცოდნოდა მე, საბჭოთა ველოსიპედზე გაზრდილ ბავშვს, სოფლის უკაცრიელ გზებზე რომ დაქროდა და თავი ბუცეფალზე წარმოედგინა, რომ ამ გაზიზინებულ, ევროპულ მოდელს მუხრუჭები საჭეზე ჰქონდა? მე მეგონა, პედლების უკუღმა დატრიალება ველოსიპედის გასაჩერებლად უნივერსალური მეთოდი იყო.

ჩემდა მეორედ საბედნიეროდ, თან არც მობილური მქონია, არც ფოტოაპარატი და მით უმეტეს, ლეპტოპი. წყალიც თბილი იყო და ამჯერად უვნებლად გადავრჩი. მე და ქალბატონმა დიასახლისმა, რომელიც მთელი გზა ყველა შემხვედრს აფრთხილებდა, ჩემგან დისტანცია დაეცვათ, სეირნობა მაინც გავაგრძელეთ, შემდეგ კი მისსავე სახლში წავედით, სადაც მე შხაპში შემაგდო, ჩემი ტანსაცმელი კი – სარეცხ მანქანაში.

მაინც იღბლიანი მეთქმის – კიდევ კარგი, ავარია ქალაქგარეთ მომივიდა და არა ქუჩაში, თორემ ამ პოსტის წერის გუნებაზე ნამდვილად არ ვიქნებოდი ახლა. ჩემი მარცხის შესახებ ოჯახის წევრებისთვის არ მითქვამს, რადგან ვიცი, მთელი ჩემი აქ ყოფნის დროის განმავლობაში იმაზე ინერვიულებენ, როგორ დავდივარ ქალაქში.

ჩემმა დიასახლისმა დღეს საჩუქარი მომიტანა, როგორც თვითონ მითხრა – თავისი დანაშაულის გამოსასყიდად, რადგან ველოსიპედის გაჩერება არ მასწავლა. სურნელოვანი სანთელი, რომელსაც ძველებური მურაბის ქილის ფორმა აქვს, ახლა ჩემს პატარა მაგიდაზე დგას, დროდადრო თავს ვხდი და ოთახში კენკრის მძაფრი სუნი დგება. ჰოდა, ამით კიდევ ერთი მიემატა ჩემს ლინდგრენისეულ ასოციაციებს. რაღა უნდა ფანჯარაზე შემომჯდარი, ამ ქილისკენ ხარბად მომზირალი კარლსონის წარმოდგენას? არც არაფერი!

სწავლა ჯერ არ დამიწყია, რის წყალობითაც ჩემს წარმოსახვას ჯერ კიდევ სცალია…

P.S. მაინც ვივლი ველოსიპედით! ოღონდ, ფრთხილად…

Read Full Post »

Older Posts »