Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ექიმი ჰაუსი’

ზოგადად, სერიალების დიდი მოყვარული არ მეთქმის, თუმცა, რამდენიმე მათგანი ნანახი მაქვს.
მაგალითად, ოთხმოცდაათიანებში ძალიან პოპულარული “კასანდრა” დღესაც ლამის ზეპირად მახსოვს, ამის შემდეგ ერთმანეთს მიეწყო მოცალეობის ჟამს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ნანახი საპნის ოპერები, სტანდარტული სცენარის მიხედვით რომ იყო გადაღებული; “უშნო ბეტი”, რომლის მეშვეობითაც წარმატებით ვფლანგავდი დროს, თუმცა, დღეს რამდენიმე ეპიზოდს თუ გავიხსენებ, “სიცრუის თეორია”, რომელსაც ექსცენტრიული, მაგრამ ნიჭიერი მთავარი გმირის ხათრით მივუჯექი, მაგრამ მალევე გამიცრუა იმედები; “ლოსთი”, რომელიც მესამე სეზონამდე მომწონდა, მაგრამ ამის შემდეგ ყოველ სერიას იმ იმედით ვუყურებდი, რომ ბოლო აღმოჩნდებოდა.
მოკლედ, საკმაოდ შთამბეჭდავი პორტფოლიო გამომივიდა.

თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა, წიგნი იქნება, ფილმი თუ სერიალი; თითოეულ მათგანში შეიძლება იპოვო საინტერესო სახე და პერსონაჟი, მაგრამ მათგან ცოტა მიყვარს ისე, როგორც აუტანელი, ჭირვეული, ექსცენტრიული, ყოველგვარი ჩარჩოებისა და წესების მტერი, ძლიერი ნებისყოფითა და დიდი ინტელექტით დაჯილდოებული ნარკომანი კოჭლი ექიმი.

გრეგორი ჰაუსი – ექიმი თეთრი ხალათის გარეშე, რომელიც მასხრად იგდებს ყველას და ყველაფერს, დაქრის მოტოციკლით, თავისი ხელჯოხს ყოფს სხვის საქმეში, ღებულობს განუსაზღვრელი რაოდენობით ტკივილგამაყუჩებელს/ნარკოტიკს, მოხვდა ფსიქიატრიულ კლინიკაში, სარეაბილიტაციო ცენტრში, ციხეშიც კი, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში მისი გუნდის დახმარებით სვამს ურთულეს დიაგნოზებს და სიცოცხლეს უნარჩუნებს ათეულობით ადამიანს. თუმცა, მისთვის მთავარი ადამიანის სიცოცხლე კი არა, თავსატეხის ამოხსნაა, მთელ მის წარმატებულ კარიერას კი თან სდევს აუტანელი ტკივილი მარჯვენა ფეხში. ექიმი, რომელსაც პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა (როგორც შემდეგ ირკვევა, საკმაოდ მძიმედ გადაიტანა საყვარელ ქალთან დაშორება), თვითრეალიზებას პროფესიის მეშვეობით ახდენს და ძალიან ნაყოფიერადაც. მის ჭირვეულობას მხოლოდ ორი ადამიანი იტანს – მისი საუკეთესო მეგობარი ექიმი უილსონი, რომელიც ყოველთვის საყვედურის გარეშე ღებულობს მის ექსცენტრიულ გამოხტომებს და შეუმცდარად კითხულობს მათ მიღმა დაფარულ სათქმელს და მისი უფროსი, აგრეთვე კარგი ექიმი, კარგი ხელმძღვანელი, ნებისყოფიანი და ჭკვიანი ქალი – ლიზა კადი, რომელმაც კარგად იცის, თუ ვისთან აქვს საქმე და ახერხებს, საავადმყოფოს და პაციენტების სასიკეთოდ მართოს ჰაუსის არაპროგნოზირებადი მოქმედებები.

ჰაუსი და ქალები ცალკე თემაა. ფიზიკური ნაკლის მიუხედავად, ექიმს მათი ყურადღება ნამდვილად არ აკლია, თუმცა, თავად სრულ გულგრილობას ინარჩუნებს. მან საკუთარი ნებით თქვა უარი ადვოკატ სტეისისთან (აი, იმ ქალთან, ზემოთ რომ ვახსენეთ) ურთიერთობის აღდგენაზე მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი მზად იყო, მის გამო ქმარი მიეტოვებინა. თუმცა, საბოლოოდ ისევ თავად გააცნობიერა, რომ მისი და სტეისის ურთიერთობა თავიდანვე დასანგრევად იყო განწირული და საკუთარი ნებით გაუშვა ქალი ქმართან, როგორც თვითონ თქვა, ძალიან კარგ და ღირსეულ ადამიანთან, რომელიც თავადვე გადაარჩინა სიკვდილს. მისთვის თავბრუს დახვევა ვერც მომხიბვლელმა ექიმმა ქემერონმა შეძლო, ვერც რამდენიმე პაციენტმა, რომლებიც შემდეგ ყოველგვარი კვალის გარეშე გაქრნენ მისი ცხოვრებიდან.

ერთადერთი ქალი, რომელიც პირადად მე, როგორც მაყურებელს, ჰაუსისთვის შესაფერისად მიმაჩნდა, ისევ ლიზა კადი იყო – ჰაუსის ღირსეული მოწინააღმდეგე და კოლეგა ხუთი თუ ექვსი სეზონის განმავლობაში. მთელი ამ დროის მანძილზე ველოდი მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობის გაბმას, თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ამას გაცილებით რთული და ხანგრძლივი წინაპირობები ჰქონია, ვიდრე წარმოვიდგენდი. ამ ორ ადამიანს შორის ნელ-ნელა იბმებოდა უხილავი ძაფები, თურმე ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროიდან, როდესაც ორივე გამორჩეული სტუდენტი იყო და ერთმანეთს ექიშპებოდნენ კიდეც. თუმცა, თითოეულ მათგანს მწარედ ახსოვს გადატანილი წარუმატებელი ურთიერთობები და ახლა ფრთხილად სინჯავენ ერთმანეთისაკენ მიმავალ თითოეულ ნაბიჯს.

ჩემთვის პირადად კულმინაცია იყო მეექვსე სეზონის ბოლო ეპიზოდი. ეს იყო პირველად, როცა შეუმცდარ ჰაუსს პაციენტი მოუკვდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სწორად გააკეთა; პირველად მოხდა, რომ პაციენტმა თავისი სიმამაცითა და გამძლეობით მასში პატივისცემა და თანაგრძნობა გამოიწვია. ის ამ შემთხვევაშიც მართალი იყო, არაფერი შეშლია, მაგრამ მიუხედავად ამისა, პირველად დაკარგა თავი და იყვირა: “ჰო, ჯანდაბას, ყველაფერი სწორად გავაკეთე, ყველაფერი, მაგრამ მაინც მოკვდა!!!” გადაღლილმა და მოშლილმა სახლში საგულდაგულოდ გადამალული ვიკოდინის ფლაკონი მოძებნა, რომლის მიღებასაც არცთუ დიდი ხნის წინ უდიდესი ძალისხმევის ფასად მოეშვა. ამით ის მზად იყო, კვლავ უარი ეთქვა ყოველივე ადამიანურზე და წყალწაღებულ ნარკომანად, ცივსისხლიან ექიმად ქცეულიყო, მაგრამ სწორედ ამ მომენტში მოევლინა ლიზა – ერთადერთი ქალი, რომელსაც მისი ცხოვრებისაკენ მობრუნება შეეძლო და მოაბრუნა კიდეც. სიმართლე გითხრათ, ასეთი კმაყოფილებით ალბათ არასოდეს დამისრულებია სეზონი და დავლოდებივარ ახალს.

მეშვიდე სეზონის განმავლობაში ბევრი მაყურებლისაგან მესმოდა: “შეყვარებული ჰაუსი აღარ შეეფერება სერიალს”, “ადრე უფრო ექსცენტრიული იყო”, “ბედნიერი ჰაუსი რაღაც ვეღარაა ისეთი” და ა.შ. რაღა დაგიმალოთ და ასეთი ხანგრძლივი ნაცნობობის შემდეგ გრეგს უკვე რეალურ და ახლობელ ადამიანად აღვიქვამდი და თავადვე გამაოცა იმ ფაქტმა, რომ მსგავსი კომენტარები მაღიზიანებდა 🙂 . ჩემი აზრით კი შეყვარებული ჰაუსი სწორედაც რომ ძალიან კარგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არც ახლა აკლდა თავხედობა და უტაქტობა, ექსცენტრიული გამოხტომები და ურთულესი თავსატეხები, გვერდით ლიზა ჰყავდა, რომელსაც აგრეთვე დაუზარლად უშლიდა ნერვებს, თუმცა, აგრეთვე უზომოდ უყვარდა. მაყურებლებისა არ მიკვირს, რადგან თავად ჰაუსმა რამდენჯერმე ლამის უმიზეზოდ თქვა უარი ლიზაზე, რადგან თითქმის დავიწყებული ჰქონდა, რომ ისიც შეიძლებოდა, ბედნიერი ყოფილიყო და ვინმეს ჰყვარებოდა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ჩვეული ამპლუიდან არ ამოვარდნილიყო და საბოლოოდ ეს ურთიერთობაც კრახით დაასრულა. არ ვიცი, ეს რატომ მოხდა: ლიზას როლის შემსრულებელთან დადებულ კონტრაქტს გაუვიდა ვადა თუ თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ფაქტია, რომ მიუხედავად მეშვიდე სეზონის ფრიად ეფექტური და არაპროგნოზირებადი დასასრულისა, გული საშინლად დამწყდა.

ახლა მერვე სეზონს ვუყურებ. ჰაუსს ახალი გუნდი ჰყავს, ძველებიდან მხოლოდ ექიმი ჩეიზი შემორჩა, მეორე ყოფილი გუნდელი კი ახლა მისი უფროსია. ლიზას სახელი ექიმმა უილსონმა მხოლოდ ერთხელ ახსენა, როცა ჰაუსის ახალ შეფს აუხსნა, თუ რატომ არ შეეძლო ჯიუტი ხელქვეითის მორჯულება. ჰაუსი ძველებურად ხსნის თავსატეხებს, სიცოცხლეს უმწარებს თანამშრომლებს, ფიქტიურად დაქორწინდა უკრაინელ არალეგალ ემიგრანტზე, მოცალეობის ჟამს ფორტეპიანოზე უკრავს და თავისი გუნდის წევრების ფარული აზრების ამოცნობით ერთობა. ამის მიუხედავად, პირადად მე საშინლად მაკლია ლიზა და ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, მას არ ენატრებოდეს.

ალბათ სწორედ ამის გამოა, რომ როდესაც გავიგე, რომ სერიალი მაისში მთავრდება, ერთის მხრივ გული დამწყდა, მაგრამ მესიამოვნა კიდეც. მე მგონი, სჯობს მანამდე დამთავრდეს, სანამ ექიმი ჰაუსი ერთგულ მაყურებლებს ჯერ კიდევ უყვართ. სულ ცოტაღა დარჩა იმის გარკვევამდე, თუ რა ელის მთავარ გმირს – სრული მარტოობა თუ რაიმე სხვა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მის უახლოეს მეგობარს, ექიმ უილსონს კიბო აქვს.

მოკლედ, ასეა, კიდევ რამდენიმე ეპიზოდიც და ლეგენდა მთავრდება. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ამ სერიალს ვუყურებ, მინდოდა პოსტის დაწერა. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ გრეგორი ჰაუსი არ არის რიგითი პერსონაჟი, არამედ უაღრესად საინტერესო და მრავალმხრივი გმირია, რომლის შექმნაშიც, რასაკვირველია, განსაკუთრებული წვლილი მისი როლის შემსრულებელს – ჰიუ ლორის მიუძღვის. ეს უაღრესად ნიჭიერი ადამიანი კიდევ ბევრ სფეროში მოსინჯავს თავს და წარმატებასაც მიაღწევს, მაგრამ ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, ყოველთვის ერთადერთ და შეუცვლელ ჰაუსად დარჩება.

პოსტის ბოლოს კი დავძენ, რომ ნელ – ნელა თავიდან მოვყევი სერიალს, განტვირთვის მიზნით კვირაში ორ-სამ ეპიზოდს ვუყურებ და წინასწარ ვიცი, სადაც დავასრულებ: სადღაც მეშვიდე სეზონის შუაში – გრეგს და ლიზას ერთად დავტოვებ, სანამ ყველაფერი ისევ აიწეწება.

და ისიც ვიცი, რომ მეტ სერიალს, უბრალოდ, აღარ ვუყურებ.

Read Full Post »