Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘დეპრესია’

სამიოდე კვირის წინ ერთ იურიდიულ ფირმაში მე და ჩემი რამდენიმე ჯგუფელი ვიყავით რაღაც შეხვედრაზე. ოთახში, რომელშიც დაგვსვეს, კედელზე სამი სრულიად ჩვეულებრივი ფოტოპორტრეტი ეკიდა, ოღონდ თავდაყირა. შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჩვენი გაკვირვებულ-ღიმილიანი რეაქციის საპასუხოდ ოდნავი საყვედურით გვითხრა: “This is art, guys!”

არტის რა მოგახსენოთ და ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას ნამდვილად გამოხატავს ის პორტრეტები – რამდენიმე დღეა, იძულებული ვარ, ხელში ჩაბღუჯული ხელსახოცით ვიარო და როგორც კი ცხვირში ვერაგ სისველეს ვიგრძნობ, თავი მაქსიმალურად გადავაგდო უკან. პრინციპში, იმ პორტრეტებზე გამოსახულ სიმპათიურ ახალგაზრდა ქალებზე მეტად ალბათ ქათამს ვგავარ წყლის დალევის პროცესში.
საქმე იმაში გახლავთ, რომ მეოთხე თუ მეხუთე დღეა, რაც ცხვირის კაპილარები მღალატობს. ამას წინათ კი მარცხენა ხელი დამიბუჟდა ორი დღით და სერიოზულად შევშფოთდი, ჩემი გულისკენ მიმავალ გზებზე რამდენს წაუტეხია კისერი და რაღა თრომბმა უნდა დამცეს ბეჭებზე-მეთქი; უძილობა უკვე ყოვლად ბანალური რამაა ჩემნაირი ძილისგუდისთვისაც კი… განწყობა ჰოლანდიური ამინდივით მაქვს – ნულის ბეეევრად ქვემოთ, ნულის ბეეევრად ზემოთ; და ასე დღეში რამდენჯერმე…

ჰოდა, ექიმთან ვიზიტები ზოგადად ჭირის დღესავით მძულს, მაგრამ ორიოდე დღის წინ ვიფიქრე, რამე აზრიანმა მაინც მომკლას-მეთქი და ახლომდებარე კლინიკას მივაშურე. გამიზომეს წნევა (მაღალი მქონდა), წამოვიღე რაღაც უსახელო აბები და რეკომენდაციები, რომელთაგან ნახევარი ვერც იქ გავიგე და ფურცელზე დაწერილის ნახევრის გაშიფვრას ახლაც უიმედოდ ვცდილობ. თუმცა, პატ. ექიმს თუ მედდას ძალიან სერიოზული და შთაგონებული სახით ვუსმენდი, თითქოს მე თვითონ არ ვიცოდი, რომ: შეიძლება გადაღლილი ვიყო, წესიერად კვება და ძილია აუცილებელი, კომპიუტერთან დიდხანს მუშაობაც მავნეა (სასაცილოა უკვე, მაინც როგორ შეიძლება, რომ კომპიუტერთან დიდხანს არ იმუშაო?). მერე დააზუსტა, რომ თურმე ინთერნეშენალ სტუდენტი ვყოფილვარ და გაგებით გააქნია თავი, ყველაფერი ხდება, შეიძლება დეპრესია გქონდეთო, მსუბუქი ფორმით მაინცო. დავიღვარე მადლობებად და სახლში წამოვედი.

დეპრრრრესია და ის კიდევ… სიტყვაც კი მაღიზიანებს, ვითომ მელანქოლიკი უსაქმურების დაავადებად გადააქციეს ეს მართლაც სერიოზული რამე. ისე, გამორიცხული სულ არაა, უმიზეზო ცრემლები და უძილობა ან არაჯანსაღად ხანგრძლივი ძილი სიმპტომებიაო, ასე მითხრა ერთმა. ფუი, ეგ ტიპი მაინც რამ გამახსენა ახლა…

მოკლედ, მგონი, ქანჩები მომეშვა და მოვყანყალდი!

ძილი – ძილს არ ვიცი, რა ვუშველო… კომპიუტერის გამორთვა, ლოგინში ჩაწოლა და თვალების დახუჭვაც კი ვცადე, მაგრამ გაგიგონიათ? სიჩუმეში ათასი აზრი მომაწვება და როგორც წესი, ნეგატიურ ტალღაზე გადავერთვები ხოლმე. იძულებული ვარ, ავდგე, ლეპტოპი ავიღო და ლოგინთან მოვიდგა. ადგომისას აღმოვაჩენ, რომ თურმე იმდენი მიწრიალია, რომ ლოგინზე განივად ვწევარ. ისღა დამრჩენია, რაიმე ჩავრთო და ამის ფონზე როდის-როდის ჩამეძინება. ისე, ქართული ფილმები მშველის ხოლმე, რაღაცნაირად მამშვიდებს…

კვება – გარდა იმისა, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის მზადება ჭირივით მეზარება, საქმეს ისიც ართულებს, რომ სამზარეულოს მეზობლებთან ვიყოფ. სამართლიანობა მოითხოვს, ვაღიაროთ, რომ პან ადამი უაღრესად წესიერი ყმაწვილია – რასაც მოიმზადებს, წამსვე ალაგებს. შაბათობით კი გენერალური დალაგება აქვს – საუზმის მერე მტვერსასრუტს ააზუზუნებს და სამზარეულოსაც მიაკრიალებს ხოლმე. რა ვქნა, შაბათობით საქმე არაფერი მაქვს და ტყუილად ხომ არ ვიჯდებიო, ასე მითხრა ერთხელ. სულ ქართველივით იქცევა…
რაც შეეხება პანა ნატალიას, რამდენადაც სასიამოვნო და სიმპათიური ახალგაზრდა პანაა, მით მეტად აღმაშფოთებელი ჩვევა აქვს – მეორე დღისთვის შემოინახოს გასარეცხი ჭურჭელი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბევრი დაუგროვდება. არადა, რა საყვარლები არიან, ერთად რომ ამზადებენ ხოლმე, უნდა ნახოთ! პერიოდულად კართან მოყარაულე ენაგადმოგდებულ ბიანკას ეხუმრებიან… სრული იდილია აქვთ, მოკლედ! ჰოდა, ვერც ვბრაზდები, რა ვქნა, ისემც უქნიათ, სულ ნუ გარეცხავენ იმ ჭურჭელს, მაინც საშინლად მეზარება მომზადება…

კომპიუტერი – რანაირად მოვერიდო, აბა, რანაირად? ვმეცადინეობ – კომპიუტერთან, ვერთობი – კომპიუტერთან, ფილმს ვუყურებ – კომპიუტერში, მუსიკას ვუსმენ – კომპიუტერში, ვურთიერთობ – კომპიუტერით, ინფორმაციას ვღებულობ – კომპიუტერით…

ინთერნეშენალ სტუდენტი – არ მოვისაწყლებ თავს ახლა და არ ვიტყვი, დავიტანჯე, სახლში მინდა-მეთქი… სახლში მინდა, როგორ არა, მაგრამ აქაურობა ძალიან მომწონს. ისე, ცოტა მარტოსული კი ვარ. საკუთარი თავი გამოვიჭირე იმაში, რომ ვერბალურ კონტაქტებზე მეტად უფრო ვირტუალურს მივეჩვიე და ეს არცთუ კარგია, ჩვენში რომ დარჩეს. თუმცა, ობიექტური გარემოებების გამო უფროა ეგ! ფაქტი ისაა, რომ რაც აქ ვარ, ქართულ მუსიკას და ფილმებს მივეძალე, ამდენი ერთად მგონი, მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მინახავს… ასე რომ, რაღაც მაინც მაწუხებს შიგნიდან ალბათ, შეუმჩნევლად, მაგრამ მაწუხებს…

აჰა, სანამ ვწერ, ცხვირმა ისევ განგაში ამიტეხა! წავალ, პირს დავიბან და მერე ისევ ყირამალა…

Read Full Post »