Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘გუსტავ კლიმტი’

ამ დილით ჯერ კიდევ ძილ-ღვიძილში მყოფი მივხვდი, რომ საკუთარ ლოგინში მეძინა და არა ვენის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში. ამ სასიამოვნო აღმოჩენით კმაყოფილი ალბათ გადავბრუნდებოდი მეორე გვერდზე და ძილს გავაგრძელებდი, რომ არა ჩემი ოჯახის წევრების ყოვლად აღმაშფოთებელი ჩვევა, დაჟინებით რეკონ სკაიპში, სანამ არ ვუპასუხებ. საბოლოოდ კი გამოვიდა, რომ ფრიად გამოუძინებელი და გაბრუებული ავდექი. მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ის მოვახერხე, რომ მონატრებულ ხალხს წავექაქანე და ბარგი აგერ, ახლახან ამოვალაგე. ჰოდა, ასე თუ ისე, უკვე დამშვიდებული სინდისით დავჯექ წერად საწერისა, ფონს ცხელი ყავის ფინჯანი და სარეცხი მანქანის ზუზუნი ქმნის.

წინასწარ გაფრთხილებთ, რომ მთელი კვირის ამბების მოყოლას ვაპირებ. შესაბამისად, პოსტიც, ალბათ, გრძელი და მოსაწყენი გამომივა.

მოკლედ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ “კლასგარეშე” აქტივობაში მონაწილეობა მივიღე და ექვსთვიანი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ მე და ჩემმა ხუთმა კურსელმა ჩემოდნები ჩავალაგეთ და ვენისკენ ავიღეთ გეზი საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად და უნივერსიტეტის ღირსების დასაცავად.

კონსტანცელი კონსტანსი

სასტუმრო, სადაც უნივერსიტეტმა სულგრძელად დაგვაბინავა, შუა საუკუნეების შენობას ჰგავდა ფართო შესასვლელით, მოხვეული კიბეებითა და მაღალი ჭერით, ლიფტიც კი რაღაცნაირი რეტრო სტილის დაგხვდა. ჩვენი ნომერი მესამე სართულზე იყო, ნომერში კი გველოდა ძალიან კარგი შხაპის კაბინა და ყოვლად გამოუსადეგარი ვაი-ფაი. პირადად მე კი ერთი კვირა ვიცხოვრე გერმანელ “რუმმეითთან”, ერთობ გადასარევ და შესანიშნავ ახალგაზრდა ფროილაინ კონსტანსთან კონსტანციდან.

ფროილაინ კონსტანსი იმითაა ყოვლად შესანიშნავი, რომ უაღრესად ჭკვიანი, გერმანულად პუნქტუალური, პასუხისმგებლობის გრძნობითა და დამოუკიდებლობით აღჭურვილი ახალგაზრდა ქალბატონია. იგი დაახლოებით ხუთი წლის წინ წამოვიდა სახლიდან, სწავლა გააგრძელა უცხო ქვეყანაში, აიღო ბაკალავრის დიპლომი, ახლა მაგისტრის ხარისხს უმიზნებს და სამომავლოდ შეერთებული შტატებისკენ გეგმავს გეზის აღებას. მისი ქულები ყოველთვის შთამბეჭდავია, არის მკაცრი რეჟიმის მოყვარული, ვეგეტარიანელია, იკვებება ჯანსაღი ცხოვრების ყველა წესის დაცვით, თევზივით ცურავს, ყოველდღიურად ვარჯიშობს და სერფინგით სრიალებს.

დამერწმუნებით ალბათ, რომ ცოტა არ იყოს, შეგშურდება ადამიანს, როდესაც ყოველ დილით უყურებ, როგორ ფხიზლდება შენი რუმმეითი გამამხნევებელი ვარჯიშის მეშვეობით ლოგინშივე, შემდეგ რამდენიმე აზიდვას აკეთებს იატაკზე, სპორტულებს იცვამს და სარბენად მიდის. ამის შემდეგ კი მთელი დღის განმავლობაში ენერგიულია, ფანჯარას სულ ღიას ტოვებს, რომ ოთახში სუფთა ჰაერი შემოუშვას, მაგრამ უბედურება ისაა, რომ თვითონ კაჟივითაა, შენ კი რამდენიმე დღეში აღმოაჩენ, რომ თურმე გაცივებულხარ. ჩანთაში სულ უდევს ბუტერბროდი, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც მუდმივად ფორმაშია და შესაბამის სიტუაციაში აღმოაჩენ, რომ სპორტული სტილის გარდა თურმე კაბა და მაღალი ქუსლებიც ძალიან უხდება.

მთელი ზემოთჩამოთვლილი ღირსებების მიუხედავად, კონსტანსი დღემდე დაუწყვილებლად დაიარება. როგორც შემდეგ თვითონვე თქვა, მასზე დედამაც კი ჩაიქნია ხელი, რადგან არსად ეგულება ასეთივე სპორტული ცხოვრების წესის მოყვარული, განათლებული ყმაწვილი, რომელიც მისი ქალიშვილისნაირ “გერლფრენდს” აიტანდა.

მოკლედ, ოთახის მეზობლის მხრივ ამ ერთი კვირის განმავლობაში ყველაფერი კარგზე უკეთ იყო.

ვენა

საყვარელი, კომპაქტური და კოხტა ჰოლანდიის შემდეგ ვენაში ორი რამ მეცა თვალში: უზარმაზარი, ბერძნულ-რომაული სტილის შენობები და ინგლისურის მასიური არცოდნა. პირველმა აღმაფრთოვანა, მეორემ – ცოტა არ იყოს, გამაოცა.

ვენის პარლამენტის შენობის წინ ათენას უზარმაზარი ქანდაკება დგას, შესასვლელისკენ მიმავალ გზაზე კი კეისარი, ტაციტუსი, ტიტუს ლივიუსი, ჰეროდოტე და ძმანი მათნი მოკალათებულან. შენობა წაუბერძნულებს, მაღალკოლონებიანი შესასვლელი აქვს, მოხატული ჭერი და ლავგარდანებზე ქანდაკებებია ჩამწკრივებული. ათენამ ჩემი პირდაპირი მნიშვნელობით ბნელი ბავშვობა გამახსენა, მითოლოგიას რომ ვუკირკიტებდი და იდეალებს ფილმის გმირების ნაცვლად ოლიმპოზე ვეძებდი. როგორც ჩემმა ჩინელმა კურსელმა აღნიშნა, გოგოებს უფრო აფროდიტე უყვართ, მაგრამ ათენას რომ ავხედე, ასე მეგონა, ძველ ნაცნობს შევხვდი. დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც ფიდიასის ცნობილი ქანდაკება წარმომედგინა მაშინ, პატარაობაში.

პარლამენტის შენობის გარდა ქალაქში კიდევ უამრავი ძველი და ლამაზი შენობაა, მათ შორის ქალაქის რატუშა, ჰაბსბურგების ცნობილი სასახლე(ებ)ი, წმ. სტეფანის კათედრალი და “ვოტივკირხე” (იმედია, სწორად გამოვთქვამ). სამწუხაროდ, უკანასკნელი ორი მათგანი შეფუთული დამხვდა, როგორც ჩანს, რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ვენის უნივერსიტეტი და ოპერა. სამწუხაროდ, იურიდიული ფაკულტეტის შენობა არცთუ შთამბეჭდავია, ხოლო ოპერა ერთ-ერთი ის შენობათაგანია, რომლის დათვალიერება შიგნიდანაც მოვახერხე. კარგი იქნებოდა, იქ შტრაუსის ან მოცარტის მოსასმენად წავსულიყავი და არა იურისტი ბიძიების პრეზენტაციებისათვის ტაშის დასაკრავად. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ეს პრეზენტაციები არცთუ მოსაბეზრებელი იყო, განსაკუთრებით კი ერთი პროფესორისა, რომელიც გიტარაზე ბლუზმენივით უკრავდა და მღეროდა.

ბოლო დღეს, წამოსვლის წინ, საშინლად მოჟამული ამინდი იყო, მაგრამ სასტუმროში ჯდომას მაინც გასეირნება ვარჩიე. ჰოდა, იმდენი მოვახერხე, რომ მხარი მექცა და დავიკარგე. ორსაათიანი ხეტიალის შემდეგ ცოტა არ იყოს, ხასიათი გამიფუჭდა, მაგრამ არ ვიცი, ეს დაღლილობის ბრალი იყო თუ იმის, რომ ძალიან უჟმურ ადგილას მოვხვდი, სადაც უბრალო სახლები ერთმანეთზე იყო მიწყობილი, ქუჩები ვიწრო, ხოლო აქა-იქ თურქულ-ჩინური ჯიხურები აჭყეტავდა. ალბათ ეს ყველა დიდი ქალაქის სენია – მუზეუმივით ცენტრი და ყოვლად უსახური პერიფერიები. საბედნიეროდ, აღარ მომიწია ტაქსში ჩაჯდომა, რაღაცნაირად გავაგენი ცენტრისკენ და ბოლო, რასაც თვალი შევავლე, იყო კვლავ უნივერსიტეტის მოხატული კედლები და შადრევანზე ამაყად გადმომდგარი ათენა.

სამზარეულო

როდესაც უცხო ქვეყანაში მიდიხარ, დიეტა უნდა დაივიწყო და გასინჯო ის, რაც მართლა ადგილობრივია, ტრადიციული და ცნობილი. პირადად მე სამი ასეთი რამ მეგულება ვენაში – გულიაში, ვენური შნიცელი და “სახერ-ტორტი”. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გულიაში პირველი კერძია, რომელსაც ბოლო რვა თვის განმავლობაში გემო ჩავატანე, რადგან ჰოლანდიაში სანელებლებს მაინცდამაინც არ სწყალობენ და ჩემი მეგრულ სამზარეულოს მიჩვეული რეცეპტორებისთვის ყველაფერი საშინლად უგემურია. გულიაშის პირველმა კოვზმა კი დედაჩემის მომზადებული სადილი გამახსენა, ბევრი მწვანილით, გემოვნებით შერჩეული სანელებლებითა და სურნელოვანი, მადისმომგვრელი ორთქლით.

ვენური შნიცელით მაინცდამაინც ვერ აღვფრთოვანდი, რადგან გავბრიყვდი და ხბოსი შევუკვეთე. ხბოს ხორცი კი, ცოტა არ იყოს და მშრალია. სამწუხაროდ, მართლა მომიწია ქამრის მოჭერა, რადგან შემეშინდა, რომ ოფიციალური სადილისთვის გამზადებული კაბა შეიძლებოდა, აღარ მომრგებოდა, ამიტომაც, ჩემთვის გამზადებული ღორის შნიცელი დღესაც მელოდება სადღაც, ვენაში.

ჭეშმარიტად ვენური

და ბოლოს, უგემრიელესი “სახერ-ტორტი”, რომელიც შოკოლადის მოყვარულებს ნამდვილად მოეწონებათ. ერთი შეხედვით, თითქოს განსაკუთრებული არაფერია, უბრალოდ, ნამდვილი, ოდნავ მწარე შოკოლადის მინანქარი და ასეთივე ბისკვიტი, მაგრამ ამ შავ შედევრს უმეტესწილად გვერდს თეთრი კრემი უმშვენებს, თავზე კი შოკოლადის მრგვალი ფილა ადევს. ჩემი რჩევა იქნება, რაც არ უნდა მკაცრ დიეტაზე იყოთ, სახერ-ტორტი გაუსინჯავი არ დატოვოთ და ბოლოს ესპრესოც დააყოლეთ. ვენაში ყავის ფასი კარგად იციან, კარგად ამზადებენ და თან აუცილებლად მოაქვთ ჭიქით წყალი. ასე რომ, პირველად დავაგემოვნე ნამდვილი ესპრესო ყველა წესის დაცვით – ყავა, წყალი, ისევ ყავა, ისევ წყალი. ასე ყოველ ჯერზე ხელახლა შეიძლება შეიგრძნო ნამდვილი ყავის არომატი.

ალბერტინა

“ალბერტინა” საგამოფენო დარბაზია, სადაც წამოსვლის დღეს ვიყავი, გამოფენაზე კი ბევრი რამ ვნახე: იმპრესიონისტები, კუბისტები და კიდევ ბევრი მიმდინარეობის პატივცემული წარმომადგენლები, რომელთაგან ზოგი მომეწონა, ზოგი არა. მხატვრობაში დიდ გათვითცნობიერებას ვერ დავიბრალებ, მაგრამ რიგითი მნახველის პოზიციიდან ორი სიტყვა ნამდვილად მაქვს სათქმელი. ამ ორიდან ერთი სიტყვა გუსტავ კლიმტს ეკუთვნის, მეორე – ედვარდ მუნკს.

კლიმტს გასაგები მიზეზების გამო გამოფენის ყველაზე დიდი ტერიტორია ეთმობოდა, გამოფენილებიდან უმეტესობა კი დაუსრულებელი ნახატი ან ესკიზები იყო. მიუხედავად ამისა, ხელწერა მაშინვე ვიცანი (ინფორმაციისთვის, ოთახში მისი ცნობილი “კოცნის” დიდი რეპროდუქცია მიკიდია). კლიმტის ტექნიკის შესახებ გამოფენის კედლებზე განთავსებული ინფორმაციით თავს არ შეგაწყენთ. პირადად მე ყველაზე მეტად იმან გამაოცა, როგორ ახერხებდა მხატვარი ფანქრის ორი მოსმით ისეთი ეროტიკული შტრიხების შემოტანას, რომელთა ნატურალიზმი, სითამამე და გამომსახველობა ნებისმიერ ნიუს ფოტოგრაფს ან მხატვარს შეშურდებოდა.

რაც შეეხება მუნკს, ის ჯერჯერობით ერთადერთი მხატვარია, რომელსაც ჩემნაირ სქელკანიანთანაც კი მოაქვს ემოცია და სათქმელი. მის ნამუშევრებზე სახეებს რაღაც გაურკვეველი ემოციები აღბეჭდვიათ, რომელიც პირადად მე ძრწოლას მგვრის. განსაკუთრებით “წითური მწვანეთვალება ქალი”. არ ვიცი, ვის მოსწონს ასეთები, მაგრამ მე ალბათ ყველა მათგანის დანახვაზე უკვე ეს ქალი გამახსენდება.

“ალბერტინაში” გასეირნების შემდეგ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა გავაკეთე: ყველაზე მეტად მაინც აღორძინების ხანის მხატვრობა მომწონს. გამოფენის მეორე ნაწილში, სადაც სამეფო ოჯახის საცხოვრებელი ოთახები იყო აღდგენილი, რაფაელის, მიქელანჯელოსა და დიურერის ნამუშევრები დამხვდა და ჩემდა გასახარად, თითოეული მათგანი ვიცანი. ყველაზე მეტად კი დიურერის ცნობილი “მლოცველის ხელების” ნახვა მესიამოვნა, რომელიც ყოველთვის ძალიან მომწონდა.

და ბოლოს

ვენური ოდისეის ბოლო დასამახსოვრებელი შტრიხი კი იყო მთვარიან ღამეში ღრუბლების თავზე ფრენა ვენიდან როტერდამის მიმართულებით. ასეთი ლამაზი ხედი თვითმფრინავიდან ჯერ არ მინახავს (სამწუხაროდ, გადაღება ვერ მოვახერხე) და სწორედ ამის გამო მთელი საათნახევრის განმავლობაში ცხვირი ილუმინატორზე მქონდა მიჭყლეტილი და ბოლოს ასევე ჩამეძინა.

ეს კვირა მოსაწყენად ნამდვილად არ მეცალა, მაგრამ სწორედ იქ, ღრუბლებს ზემოთ აღმოვაჩინე, თუ როგორ ძალიან მიხაროდა ჰოლანდიაში დაბრუნება, რომელიც უკვე ჩემი მეორე სახლია. აქ მელოდებოდა ჩემი ოთახი, ველოსიპედი, ნორმალური ინტერნეტი და დილის ძილი, რომელიც ასე უგულოდ დამიფრთხეს პოსტის დასაწყისში.

Read Full Post »