Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘Uncategorized’ Category

ზაფხულის მოღრუბლული და უჟმური დღეები ისევე მაღიზიანებს, როგორც “ფეისბუქზე” მომრავლებული პოეტების ფეიჯები.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სიცხისგან თავბრუ დამეხვას, მირჩევნია, მთელი თავისი სიმწვავით ვიგრძნო ზაფხული, ვიდრე სამუშაო ადგილიდან ნაცრისფერ ცას ვუყურო და იმაზე ვინერვიულო, შვებულების პერიოდში ამინდები ხომ არ გამიფუჭდება.

ორი წლის განმავლობაში პირველად მიწევს ოფიციალური დასვენება და თუკი ცხრიდან ორ დღეზე მეტი გამოდგა წვიმიანი, ჩათვალეთ, რომ ყველაფერი ამომშხამდა მომდევნო შვებულებამდე.

რაღა დაგიმალოთ და სული მიმდიოდა, ისე მინდოდა საზღვრებს გარეთ გაძრომა. ჯერ იყო და ვიფიქრე, სტამბულს მივაშურებ და შემოვუვლი-მეთქი, მაგრამ ჯერ იმიტომ გადავიფიქრე, რომ მითხრეს, ჯოჯოხეთურად ცხელაო და მეორეც – კომპანიონი ვერ ვიპოვე. ის შვებულება კი რა შვებულებაა, თუკი ვინმემ კამერა არ ჩაგიჩხაკუნა და ათიოდე საპროფილე ფოტო არ წამოიღე, რომელსაც ეტაპობრივად დადებ სოც.ქსელში და ნოსტალგიური სათაურებით მოიოხებ გულს.

ქალბატონი დედა ჩემი საცოდაობით იწვის და ლამისაა, წიხლით გამაგდოს თურქეთის ზღვისპირეთში, მაგრამ მარტო ქალი აუზშიაც თუ ზღვაშიაც ბრალიაო, ნათქვამია. არავისზე ნაკლებად დავისვენებ, მაგრამ ზემოხსენებული ქალბატონიც მეცოდება, მასაც უნდა დასვენება და ვიცი, თავისი ნებით არსად წავა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ტვინი გვარიანად მაქვს გადაღლილი და სწორედ რომ პენსიონერულ დასვენებას მთხოვს მისი ყველა უჯრედი, გადავწყვიტე, ამჯერად ჩვენს შავზღვისპირეთს დავჯერდეთ და ერთად დავისვენოთ.

SONY DSCდილის ექვს საათზე ზღვაზე გავალთ, როცა პლაჟი ჯერ კიდევ ცარიელია, ჰაერი და წყალი კი ისევ იკბინება. დროის ეს მონაკვეთი ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან ზღვა წყნარი და გამჭვირვალეა, ჰაერი – სუფთა, მზე ჯერ კიდევ არ აჭერს და იძულებული ხარ, განუწყვეტლივ იცურო, რომ ტუჩები არ დაგილურჯდეს.

ცხრა საათზე პლაჟზე უკვე ხალხმრავლობაა. თუ სიღრმეში არ გახვედი, წყალში ვიღაცას აუცილებლად წამოედები. ასეთ დროს უკვე პლაჟზე განცხრომაც შეიძლება. მოიდე გვერდით უზარმაზარი მოხარშული სიმინდი, ჯერ ყნოსე, შემდეგ პირწმინდად გაასუფთავე და ბოლოს ნაქურჩალიც გატკვირე.

შუადღისას მისწრებაა ფიჭვის ტყეში წამოგორება (იმედია, მიწა მშრალი იქნება) და წიგნის კითხვა. საბედნიეროდ, ჩემი სმარტფონი მთელ ბიბლიოთეკას იტევს და სქელტანიანი რომანების ზიდვა აღარ მომიწევს. სწორედ ასე წავიკითხე შარშან სენკევიჩის სქელტანიანი რომანები. ახლა მარტინზე გადავალ. ფიჭვნარის ჰაერს ისტორიული რომანები უფრო უხდება თურმე…

როცა მზე ოდნავ გადაიხრება, ისევ ზღვაზე ჩავალ, რომელიც ამ დროს უკვე მღვრიეა, მეტად ღელავს და უკულტურო დამსვენებლებს ნაგვის ჩაყრაც მოუსწრიათ. თუმცა, სწორედ ესაა, რაც რამდენიმე დღით გაქვს ნაყიდი და სჯობია, თვალი დახუჭო, თუკი რამდენიმე მეტრში მოტივტივე ცელოფანს ან რაიმე უარესს დაინახავ.

პლაჟიდან არასოდეს მოვდივარ მზის ჩასვლამდე. საღამოს, როცა უკვე გრილი ნიავი უბერავს, ქოლგას ვკეცავ, ვიცვამ და ვჯდები, სანამ არ შეღამდება.

ამის შემდეგ კი გადაწყვეტილი მაქვს, ჩავიცვა ულტრამოკლე შორტები და კედები, გავიკეთო ყურსასმენები და რამდენიმე კილომეტრი გავირბინო ზღვის გასწვრივ. შხაპის შემდეგ კი თხელ პლედში გავეხვევი და სანამ ძილი თავს წამართმევს, კიდევ ერთი თავის წაკითხვას მოვასწრებ.

———————————————————————–

coffeeეს შვებულების დროს. მანამდე კი ისევ ჩემი სახლის წინ ქუჩაში მიწევს სირბილი. ჩემდა სამწუხაროდ, სასიამოვნოზე ნაკლებ გრილი და საკმაოდ ძლიერი ქარი უბერავს, სამსახურში საზაფხულო კაბაზე ჟაკეტი მაცვია და ცხელი ყავის ფინჯანზე ხანდახან კლავიატურაზე მიცივებულ თითებსაც კი ვითბობ.

არადა, ჯერ კიდევ ზაფხულია…

Read Full Post »

ერთმა ჩვენმა მეგობარმა და ძალიან კარგმა ბლოგერმა ცოტა ხნის წინ იკითხა, პოსტის გამოქვეყნებას აზრი თუ აქვსო. კარგი კითხვაა. ზაფხულის, ფეხბურთის, პოლიტიკისა და სხვა მსგავსი თემატიკის სიჭარბის გამო ვორდპრესის დეშბორდში უკვე ძალიან იშვიათად ვიხედები, მაგრამ პოსტის წერას მაინც შევუდექი. ბოლოს და ბოლოს, მე უკვე დიდი ხანია, ონლაინ-დღიურის წარმოებაზე გადავედი.

 ვინც ჩემს ბლოგს თვალყურს ადევნებდა, ემახსოვრება თუ როგორი დაბნეული, მადადაკარგული და ახლობლებს მონატრებული ვიყავი აქ ჩამოსვლის პირველ დღეებში ანუ გასული წლის აგვისტოში. ახლა აქ ყოფნის ბოლო დღეებს ვითვლი და გული მწყდება – ერთი მხრივ იმიტომ, რომ აქაურობას მივეჩვიე და დარწმუნებული ვარ, ძალიან მომენატრება; მეორე მხრივ, ჩემი სტუდენტობის მეშვიდე წელი დასრულდა და შესაძლოა, ბოლოც აღმოჩნდეს.

გული მწყდება, რადგან მქონდა საკმაოდ მძიმე, დატვირთული, ფიზიკურად და მორალურად დამღლელი, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი წელი. აქ პირველად შემეშინდა იმის, რომ გამოცდებს ვერ ჩავაბარებდი, ვერ დავწერდი ნორმალურ თემას, ვერ მოვერეოდი ზღვა მასალას, ვერ ვისწავლიდი უცხო ენაზე. გავიგე, რას ნიშნავს, როცა საათებს და წუთებს ითვლი სტიპენდიის მოლოდინში, რომ თავად განსაზღვრავ, როდის და რა ისწავლო, როდის დაიძინო, რა ჭამო და რა ინტენსივობით. აქ გავიგე, რას ნიშნავს, როცა ცუდად ხარ და არ გინდა, ახლობლები, რომლებიც ამხელა მანძილზე ვერაფერს გიშველიან, ანერვიულო და ამიტომ მაშინაც კი უღიმი მათ, როცა თავი და გული გახეთქვაზე გაქვს.

მაგრამ ეს ყველაფერი უკვე კარგად გასახსენებელთა რიცხვში შედის, რადგან დროს ერთი უცნაური თვისება აქვს – სწრაფად გადის და ყველაფერი, რაც ადრე გაწუხებდა, სასიამოვნო მოგონებებად შეიძლება შემოგრჩეს.

შეიძლებოდა, ბევრი რამ უკეთ გამეკეთებინა, მეტი მომესწრო, მეტად ორგანიზებული ვყოფილიყავი, მაგრამ ამას უკვე სამომავლოდ გავითვალისწინებ. ახლა კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ცუდად თუ კარგად, ყველაფერს კისერი მოვუგრიხე და მომავალ კვირას ჩემი პროგრამის დახურვის ოფიციალურ ცერემონიალზე მეც იმ სტუდენტთა რიგში ვიქნები, ვინც პროგრამა წარმატებით დაასრულა.

ალბათ იკითხავთ, სათაური რაღა შუაშიაო. მოგახსენებთ:

რამდენიმე დღის წინ, უნივერსიტეტიდან სახლში რომ მოვდიოდი, ფანჯრებზე მიმაგრებული დროშის ტარზე მოკონწიალე ორი ზურგჩანთა შევნიშნე. ვიფიქრე, გარეცხეს და აშრობენ-მეთქი, მაგრამ ორი დღის შემდეგ რომ გავიარე და რამდენიმე ზურგჩანთა სხვა სახლებზეც დავთვალე, დავინტერესდი, რა ხდებოდა. თურმე, ნუ იტყვით და ეს იმის აღსანიშნავად ხდება, რომ ამ ოჯახის ახალგაზრდა წევრმა წარმატებით ჩააბარა ყველა გამოცდა, ამიტომ ზურგჩანთა, რომლითაც წიგნებს ატარებდა უნივერსიტეტში, აღარ სჭირდება და მას ყველას დასანახად ჰკიდებს დროშის ტარზე. ეს ნიშნავს, რომ ის ამაყობს თავისი წარმატებით და მეზობლებს შეუძლიათ, მიულოცონ კიდეც. მშვენიერი ტრადიციაა, არა???

სამწუხაროდ, ჩემი ფანჯარა არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ დროშა გამოვკიდო. თანაც, მე ჩემი ზურგჩანთა ჯერ კიდევ მჭირდება. ახლა უკვე შემიძლია, ცოტაოდენი საგზალი ჩავალაგო და დარჩენილი დღეების განმავლობაში მშვიდი სინდისით ვიხეტიალო ბებერი ევროპის მიწაზე.

Read Full Post »

როცა 60%-იანი ალბათობა მაინც არსებობს, რომ თანხა, რომელსაც ელოდები, შეიძლება ჩარიცხული იყოს, წადი და შეამოწმე ბანკომატი;

თუ უახლოესი ბანკომატი არ მუშაობს, სხვა მონახე, თუნდაც შორს წასვლა დაგჭირდეს;

თუკი არც ის მუშაობს, არ დაიზარო და გარეუბნიდან ცენტრში წადი;

თუკი ბანკის ოფისის ოთხი ბანკომატი არ მუშაობს, იქვე კიდევ ორია და ისინი შეამოწმე;

და თუ ყველაფერი ამაოა, ნუ დაიზარებ, იპოვე მეშვიდე ბანკომატი და აუცილებლად გაგიმართლებს!!!

ჰოდა, სულ რაღაც ერთი საათის წინ ჰოლანდიას ისეთმა საბრძოლო ყიჟინამ გადაუარა, რომ ვილჰელმ ორანელის საფლავზე ალბათ სულ ია-ვარდები გადაიფინებოდა.

დამეწვიეთ ახლა, სანამ სუფრაც გაშლილია და მასპინძელიც კარგ ხასიათზეა! პიცა მიირთვით, ან ლორი, ან ეს ნარინჯისფერი ნამცხვარი, ევრო 2012-თან დაკავშირებით რომ გამოუშვიათ, ფენქეიქებიც გვაქვს, კარტოფილი ქათმის ფილეთი და დესერტად ყავა ბევრი შოკოლადით.

დამეწვიეთ, თორემ ამდენს მარტო ნამდვილად ვერ მოვერევი 🙂

 

 

Read Full Post »

5 მაისი

ესეც ასე. ვინებეთ ადგომა, დავლიეთ ყავა, ორიოდე საათის შემდეგ რაღაც-რაღაცები ჩავცმუცნეთ. რა მაგის პასუხია და ბიუჯეტი გვაქვს დასაგეგმი, იქით წასვლა-წამოსვლა, აქეთ ქსეროქსები, გადახდილი ბინის ქირა და საკმაოდ შეგვითხელდა ჯიბე. სტიპენდია კი 20 მაისამდე არ იქნება.

ასე, ქაღალდის ფული – ოცდაათი ევრო, კიდევ ექვსი ევრო – მონეტებით და ახლა ხურდის თვლაზე გადავიდეთ, რატომღაც ვერასოდეს რომ ვასაღებ და ჯიბეებს მახევს. აჰა, ხუთცენტიანების დათვლის თავი არ მაქვს, უჯრაში ჩავყრი, შვიდი ევრო კი შემიგროვებია დანარჩენი ხურდებით. არა უშავს, წავალ სუპერმარკეტში და გზად ბანკომატსაც შევამოწმებ, ბარათზეც უნდა მქონდეს ცოტა.

სუპერმარკეტში თხუთმეტი ევრო დავტოვე, ბანკომატმა კი სასიამოვნოდ გამაოცა – 38 ევრო მქონია, გაცილებით ნაკლებს ველოდი. მოკლედ, ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით 80 ევრო ბევრი არ არის, მაგრამ არც ცოტაა, თუ გავანაწილებ, სავსებით საკმარისია. წავალ სახლში, რავიოლებს მოვხარშავ.

8 მაისი

გაუთვალისწინებელი ხარჯი = მინუს ათი ევრო. ჰმ, ეს მინდოდა ახლა? არადა, სადილზე ვართ დაპატიჟებული და ყვავილები და შოკოლადი მაინც ხომ უნდა ვიყიდოთ? ჯანდაბას, ამ ათი ევროსას იმ სადილზე შევჭამ და ეგ იქნება 🙂 .

10 მაისი

Imageისეთი ფოტოები ხომ გინახავთ, ადამიანი გაუნძრევლად რომ დგას და მისი ჩრდილი ფარულ სურვილებს ააშკარავებს? აი, ვინმეს რომ ჩემთვის სუპერმარკეტში ასეთი სურათი გადაეღო, აუცილებლად დაინახავდა, როგორ ჩავყავი სახე ლიმბურგულ მარწყვის ტორტში!

არა უშავს, აი, იქნება სტიპენდია და ვიყიდი… მთლიანად შევჭამ! მარტო შევჭამ! სულ ხელით შევჭამ!

11 მაისი

ბედი არ გინდა? რა ცუდად ვარ! მოვიწამლე თუ ვირუსი შემხვდა ნეტავი? ქარიც დღესაა მაინცდამაინც, ასეთ ქარში და ასე მისუსტებული ველოსიპედით ვერ წავალ, საკმაოდ შორია. სამგზავრო ბარათზე თანხა არ მაქვს, მის გარეშე კი ტრამვაისა და მეტროში სამნახევარი ევროს გადახდა მომიწევს, არადა, ორი ტრამვაის გამოცვლა მიწევს მეტრომდე, ამდენივე აქეთა გზაზე… ეჰ! გადაწყდა, სახლში ვრჩები, მაინც ცუდად ვარ… წავალ, ბავშვებს გავაფრთხილებ, რომ არ მივდივარ…

12 მაისი

Imageჰმ! გვიჭირს ამხანაგებო, გვიჭირს! 25 ევრო არ არის ბევრი, მაგრამ 20-ში ან 21-ში სტიპენდია იქნება. წავალ, სპაგეტის მოვამზადებ… იაფიც არის, ადვილი მოსამზადებელიც და ალბათ, გემრიელიც, მაგრამ ისე ამოვიდა ყელში, რომ ენა აღარ მიბრუნდება ამის სათქმელად…

14 მაისი

ისე, თუ 35-ცენტიანი სპაგეტიც იყიდებოდა, აქამდე რატომ ვერ შევამჩნიე? რა დიდი განსხვავებაა, სპაგეტი სპაგეტია…

20 მაისი

სტიპენდია არ არის… ჯანდაბას, ხვალ მაინც იქნება! დღეს ბოლო ევროები დავხარჯე, ზეგაც რომ იყოს არა უშავს, არ მოვკვდები შიმშილით, მარაგი მაქვს.

21 მაისი

სტიპენდია კიდევ არ დარიცხულა… უცნაურია, ხვალ ან ზეგ აუცილებლად იქნება, ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა დაიგვიანეს და 23-ში ჩარიცხეს, ჯანდაბას მაგათი თავი. წავალ, პურს და ნუტელას შევჭამ, გადასარევი რამეა. თუ გშია, ორჯერ გადასარევია!

22 მაისი

სტიპენდია არ არის, უჯრიდან ხუთცენტიანები ამოვფხიკე. აი, ის ხუთცენტიანები, დათვლა რომ დამეზარა!

კარგი, მოდი, ცოტა საღად მივუდგეთ საკითხს, რა გვაძლევს ენერგიას? გავითვალისწინოთ, რომ ბევრ ყავას ვსვამ და მოდი, რძე მივაშველოთ ორგანიზმს, კალციუმი რომ არ დაგვაკლდეს. მით უმეტეს, ერთი ლიტრი რძე 58 ცენტი ღირს; გავიყოლოთ ორი ცალი იოგურტი, მოშიებულზე კარგია, მით უმეტეს, ახლა ცხელა და ორმაგად კარგია. და კიდევ ბრინჯის ვაფლი წავიღოთ, ერთი შეკვრა ოცი ცენტი ღირს, საუზმეზე მისწრებაა. მშვენიერი ნადავლია, აი, სად გამოგვადგა მოულოდნელი რეზერვი. სტიპენდია ხვალ იქნება, ან ზეგ…

23 მაისი

Imageსტიპენდია კიდევ არ დარიცხულა, ეჰ, წავიდეთ, ვიყიდოთ კიდევ რამე. რამე რა, ისევ ბრინჯის ვაფლი და რძე ვიყიდოთ, ყველაზე იაფი ეგ არის.

ოთხი შეკვრა ვაფლი და ერთი ლიტრი რძე. ესეც ძლივს გადადის ყელში უკვე, ჯანდაბას…

24 მაისი

საბოლოოდ გავკოტრდი. უკანასკნელი შეკვრა ვაფლი ეს-ესაა შევახრამუნეთ. ეჰ, წავალ ცენტრში, ოცდოლარიანი მაქვს შემორჩენილი და იმას დავახურდავებ. ორ კრიზისს გადაურჩა და ალბათ, სწორედ დღევანდელ დღეს ელოდებოდა. თხუთმეტი ევრო გამოვა დაახლოებით.

სამნახევარი ევრო საკომისიო რა ამბავია!!! ღორებო, არადა, რამდენად მიღირს ახლა ეგ სამნახევარი ევრო.. :ცენზურა: :ცენზურა: :ცენზურა:

ხასიათი გამიფუჭდა. თანაც, ცენტრში ყველაფრის ერთად გარემონტება მოუნდომებიათ, რა უბედურებაა ეს? რამდენი წრე დავარტყა? მზე აჭერს, მტვერი ზედ მეყრება, მაკდონალდსთან ჩავიარე… მოიცა, ჩემი დროც მოვა!

ასე, ამ ბოდიალში ლექციაზე მაინც დავაგვიანე და სუპერმარკეტში წავალ. ვყიდულობთ პურს, ნუტელას ყველაზე იაფფასიან ბიძაშვილს, სპაგეტის. ესეც ასე, შვიდი ევრო დავტოვეთ… დანარჩენი სამი ევრო მეორეგან დავტოვე – ისევ ბრინჯის ვაფლი და რძე. მე მგონი, ყველაზე კარგი გამოსავალია შიმშილობისას…

საღამოს ისევ გავედი ბანკომატის შესამოწმებლად – შენც არ მომიკვდე!

25 მაისი

პარასკევია. დავიჯერო, დღესაც არ გვაღირსებენ?

არა!

ჯანდაბას, დავჯდები და ვლოღნი ისევ იმ სულელურ ვაფლს. შენ ისა თქვი, ეგეც რომ აღარ მექნება, მერე რა უნდა ვქნა. ბოლო სამი დღეა, ბრინჯის ვაფლის (“ხლებცის” რომ ვეძახით, აი, იმის) და რძის დიეტაზე ვარ.

26 მაისი

ბოლო ვიზიტი სუპერმარკეტში ამ კვირისთვის – ჯერ ერთი, რომ კვირას არ იმუშავებს და მეორეც ის, რომ ფული სულ აღარ მაქვს.

აჰა, ბედი უარეს დარტყმას მიმზადებს თურმე – ოცცენტიანი ვაფლი აღარ არის!

მარტო მე გამოვზიდე მთელი პარტია თუ ვინმე ჩემს დღეში მყოფი ცხოვრობს სადმე ახლო-მახლო?

27 მაისი

დღეს გავხსენი ბოლო შეკვრა სპაგეტი, დავლიე რძე, ხვალისა და ზეგისთვის მაქვს ცოტაოდენი რძე, ცოტაოდენივე სპაგეტი, ამდენივე კეტჩუპი და ყავა. ჩაიც მაქვს, მაგრამ შაქარი აღარ… კიდევ არის ყოვლად უვარგისი ყავა ერთჯერად პაკეტებში, რომელიც ჯერ კიდევ პირველმა მეზობელმა, ფრედერიკმა დატოვა, სექტემბრის დასაწყისში აქედან რომ წავიდა და აქამდე ხელი არ მიხლია. გაჭირვება მიჩვენე და გასაღებას გიჩვენებო. ისე, არც ის კეტჩუპი მომეწონა თავის დროზე, ორი თვე ხელუხლებლად იდო მაცივარში.

მოკლედ, ხვალ (უკვე დღეს) თუ სტიპენდია არ დაირიცხა, ნამდვილად არ ვიცი, რას ვიზამ… ოთხმოცი ცენტი მიჩხკუნებს საფულეში. მერე უკვე ის დროა, გულზე ხელები დავიკრიფო 😦

28 მაისი

Whit Monday ყოფილა დღეს ანუ დღე, როცა ჰოლანდიელების უმეტესობა თურმე პიკნიკებზე მიბრძანდება და ოფიციალური დასვენების დღეა. შესაბამისად, არც სტიპენდია იქნება და არც ის ორი მნიშვნელოვანი მეილი, რამდენიმე დღის განმავლობაში რომ ვუცდი. მეგონა, ქართველებს ყველაზე მეტი დასვენების დღე გვქონდა მაისში, მაგრამ ამ მართლა ნარინჯისფერებმა ნახევარზე თვეზე მეტი, მგონი, დროსტარებაში გალიეს. ახლომდებარე სუპერმარკეტები არ მუშაობდა და შედარებით შორს წავედი, ერთი იოგურტის საყიდლად სალაროსთან ოცდახუთწუთიან რიგში ვიყურყუტე და უკან გამოვბრუნდი. შინ დაბრუნებულმა ბოლო მოვუღე ჩემს მწირ სადილს და პოსტს დღევანდელი პუნქტი დავუმატე, როგორც ჭეშმარიტ ბლოგერს შეშვენის… თუ რა დამრჩა გუშინდელი მარაგიდან, თავად განსაჯეთ…

P.S. 

მთელი ამ დღეების განმავლობაში კულინარიულ საიტებზე დავსუნსულებ და იმ ბედნიერ დროზე ვოცნებობ, როცა სტიპენდია მეღირსება და ასეთ რაღაცებს ვშთანთქავ. აგერ, რა გიგანტური სენდვიჩია! მთლიანად შევჭამდი… არა, მთლიანად არ შევჭამდი, მაგრამ ხომ დავიკავებ, ხომ ჩავკბეჩ, ბედნიერი ხომ ვიქნები…

სულ სათითაოდ გამახსენდა, თუკი ოდესმე ვინმემ რომელიმე კაფეში დამპატიჟა და ვიუარე. როგორ დავიჯერო, რომ ამისთვის ვისჯები? რამდენჯერმე, დიეტაზე ყოფნისას დამესიზმრა, რომ უზარმაზარ ულუფას ვნთქავდი და დაფეთებულმა გამოვიღვიძე, ახლა კი სიზმარშიც ვერ გამიხარია…

ალბათ მშიერი კუჭის ბრალია, რომ აგერ, სამი საათი დაიწყო და მე პოსტს ვწერ. ვინძლო ვეღარ გიხილოთ, ერმა იცოდეს მაინც, რამ მომკლა…

ისე, ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი მცირე თანხა მქონდა, მაგრამ არ მოვმკვდარვარ. ე.ი. წინა თვეებში ფულს ვფლანგავდი. “ჯამაგირი არ ყოფნის კაცს, კაცი უნდა ეყოს ჯამაგირსო”… ასეა, ასე, მუშნი ბატონო! რდგ

P.P.S. ასე, პოსტიც დავაფაბლიშეთ, იქნებ ახლა ვიმეცადინო და მერე დაძინებას ვცდი. რამდენიმე საათში სტიპენდია იქნება…. ან არ იქნება…

Read Full Post »

ჩემი პოლონელი მეზობლები, ჰოსთები, ფლეთმეითები თუ როგორც ჰქვიათ, ძალიან საყვარელი წყვილია. მართალია, პოსტებში და სტატუსებში ხშირად ვქოთქოთებ დაულაგებელი სამზარეულოს, გაფუჭებული მტვერსასრუტის, მოდემის და ბევრი სხვა რამის გამო, მაგრამ ხანდახან, თვალს რომ მოვკრავ, როგორ უსხედან სანთლებიან მაგიდას თითო ბოკალი სასმელით ხელში, ან აივანზე პოკერს რომ თამაშობენ, ან ხანმოკლე კინკლაობის შემდეგ როგორ ჩნდება მისაღები ოთახის მაგიდაზე ყვავილების თაიგული, თვალებში გულები მენთება და  და მზად ვარ, ჩემი ხელით გავრეცხო მთელი სამზარეულოს ჭურჭელი.

თუმცა, ეს ზემოთაღწერილი იდილიური სურათები ესოდენ სრულყოფილი არ იქნებოდა, ამ წყვილის ფეხებთან გაწოლილი ოქროსფერი რეტრივერის გარეშე.

ბიანკა ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. გარდა იმისა, რომ ამ წყვილის ერთობლივი ცხოვრების მემატიანეა, საკუთარ თავზე გადააქვს მათი ყველა ჩხუბი და შერიგება. ასე მაგალითად, ერთ-ერთი, მაგრამ ჩვენი მეზობლობის განმავლობაში ყველაზე მძიმე კონფლიქტის შედეგად აღელვებული პანა თავსხმა წვიმაში გავიდა გარეთ და ბიანკაც თან გაიყოლა. ვალენტინობის დღესასწაულზე კი პანმა გულის ფორმის ბუშტებით გაავსო სახლი და ცუგა მშვენივრად გაერთო – მანამ დაატარებდა პირით ოთახიდან ოთახში, სანამ ერთი არ გაუსკდა და გვარიანი შიში არ ჭამა. ამის შემდეგ ჭკუა ისწავლა და მარტო თავისი კუთვნილი ჩოგბურთის ბურთის ღრღნას სჯერდება.

დაახლოებით ორი კვირის წინ პანი და პანა ლონდონში წავიდნენ. მანამდე ძალიან მორიდებით მთხოვეს, იქნებ ძაღლს მიგვიხედო, თან წაყვანა ძვირი გვიჯდებაო. მე, როგორც ხათრიანმა და კარგმა მეზობელმა, უარი ვერ ვუთხარი და ორი დღის განმავლობაში მქონდა პატივი, ამ კეთილშობილი ქალბატონის აღზრდაში ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა.

შაბათ დილით, უფრო სწორად, შუადღისას ბიანკას აღშფოთებულ-საყვედურნარევმა წკმუტუნმა გამაღვიძა, ნახევარი ღამის ნათევმა ძლივს ავითრიე წელი და შევეცადე, დამემშვიდებინა, საბელი ჩავაბი და გარეთ გავედით.

მინდა გითხრათ, რომ პატრონების უნამუსობით აღშფოთება ძაღლს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამონელებული და მეც რომ გავუბედე და გარეთ გავიყვანე, სულ გაგიჟდა და გადაირია. ჯერ იყო და სულ ძალისძალად წამათრია ახლომდებარე გაზონისკენ, სადაც ზურგზე გაგორდა და სულ ცოტა ხნის წინ გათიბულ ბალახში ამოიგანგლა. შემდეგ კი საბელი გამომგლიჯა და ბრაზიანი ღრენით გამერიდა, იქვე ჩაწვა და იმავე საბელის ღეჭვას შეუდგა. ამასობაში მე სულ გადამეწურა იმედი, რომ დიადი მისია, რომლისთვისაც გარეთ გამოვედით, ამჯერად შესრულდებოდა და ეს გაუგონარი არსება დიდის გაჭირვებით შემოვათრიე სახლში.

პირველი წარუმატებლობით ცოტა არ იყოს, ხასიათი წამიხდა და დავფიქრდი, ნეტავი, რა ურჩევნიათ პოლონელებს, დიასახლისს ახალი ხალიჩები უყიდონ თუ ძაღლი გამექცეს-მეთქი, მაგრამ მეორე ჯერზეც გავრისკე. თუმცა, ამჯერად უფრო იმედიანად ვიყავი, რადგან ჯიბეში ძეხვის ნაჭერი მედო და თუკი ბიანკა ისევ წამგლეჯდა საბელს, სარფიანი გაცვლის შეთავაზება შემეძლო. საბედნიეროდ, მეორე ჯერზე პანას კეთილგონიერებამ სძლია და მორჩილად გამომყვა. გახარებულ გულზე ძეხვის ნაჭერი მაინც მივეცი, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრად მაქვს აკრძალული პატრონებისგან.

საღამოს, როცა სადილის მოსამზადებლად ჩავედი, ბიანკა სამზარეულოს კარში იდგა და საწყლად შეჭმუხნული შუბლით მადევნებდა თვალყურს. ბოლოს, როცა იმედი გადაეწურა, რომ კიდევ მიიღებდა ძეხვის ნაჭერს, თავის ჯამს მიადგა და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ადამიანის იერით უგემურად მიახრამუნა ცოტაოდენი საკვები. შემდეგ გამომცდელი მზერით გამომხედა, მაგრამ სინდისის ქენჯნის რომ ვერაფერი შემატყო, ისევ მიბრუნდა და ჯამი ამოასუფთავა.

ასე დავცუხცუხებდით მთელი დღეები, თუკი ვინმე გაწრიპული და გაუზრდელი ფინია არ გაგვაბრაზებდა

მეორე დღეს აღმოვაჩინე, რომ თუკი ბიანკას რუსულად ვეტყოდი, დაჯექი-მეთქი, მიჯერებდა. სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული არ ვარ, სიტყვაზე რეაგირებდა თუ ჟესტზე, მაგრამ ორივე შემთხვევაში, ბიანკასთან კომუნიკაცია ახლა რუსულადაც არის შესაძლებელი. სამწუხაროდ, მე პოლონური არ ვიცი, თორემ ალბათ ნაკლებ გავწვალდებოდი. მიუხედავად ამისა, მთელ დიპლომატიას მოვუხმე და როგორც იყო, დავზავდით. შედეგად, მეორე დღემ გაცილებით მშვიდად ჩაიარა, ვიდრე პირველმა. თუმცა, ცუგა ჩემნაირი უჟმური პატრონის ხელში (სამეცადინო მქონდა და რა მექნა!) მოწყენილი იყო.

მესამე დღეს კი ისეთი გულთბილი შეხვედრა ჰქონდა პატრონებთან, რომ სიმართლე გითხრათ, გული ამიჩუყდა. ჯერ იყო და სადარბაზოს კარის ჯახუნზე კარს მიასკდა და ლამის შუბლით გაანგრია. ცოტა ხნის შემდეგ კი, როცა მეც დავრწმუნდი, რომ ეს მისი პატრონები იყვნენ და არა ქვემო სართულის მეზობლები, კარი გავუღე. დიდი ხტუნვის, სიხარულის გამომხატველი წკმუტუნის, კისრის ფხანისა და ალერსიანი სიტყვების შემდეგ, როგორც იქნა, დააწყნარეს. ასე დასრულდა ჩემი ორდღიანი დოგსიტერობა.

ჩემი ჰოლანდიური საგა ამ ეტაპზე ბოლო თვეებს ითვლის. სიმართლე გითხრათ, უკვე წინასწარ მწყდება გული ჩემს სხვენზე, ველოსიპედზე, შიდა ეზოში გამავალ აივანზე და წითელსახურავიან სახლებზე, თქვენ წარმოიდგინეთ, პოლონელ მეზობლებსა და ბიანკაზეც.  მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეზობლების თვალში დიდად გახსნილი ადამიანის შთაბეჭდილებას ალბათ, არ ვტოვებ (არადა, სინამდვილეში იდილიას არ ვურღვევ!), მაინც მივეჩვიე რაღაცნაირად. ძაღლს რაც შეეხება, ჩემი მეგობრის თქმის არ იყოს, არ მე ვიტყოდი უარს, ასეთ ბანჯგვლიან და თბილ ოთხფეხზე მეზრუნა. მით უმეტეს, ასეთ ჭკვიანსა და ერთგულზე, ყოველი შეხვედრისას ფეხებში რომ გაგიგორდება, კისრის ფხანისას განაბული წევს და თათებს მკლავებზე გისვამს (რა მისი ბრალია, ბრჭყალების ნაკვალევი რომ მეტყობა მერე!). ორდღიანმა ძიძაობამ და იმ ემოციურმა შეხვედრამ კი საერთოდ ბოლო მომიღო. ხუმრობის გარეშე რომ გითხრათ, დარწმუნებული არ ვარ, რომ ასეთივე ემოციურ შეხვედრას მომიწყობენ აეროპორტში, როცა დავბრუნდები 🙂 .

ის კი ნამდვილად ვიცი, რომ თუკი ოდესმე და სადმე ისევ გადავეყარე ბიანკას, ნამდვილად მიცნობს და შეიძლება სასეირნოდაც კი მშვიდად გამომყვეს. ჭკვიანი და თბილი გოგოა და იმიტომ …

სახლში დატოვეს…

ასე ერთობა მარტოობის ჟამს 🙂

Read Full Post »

Older Posts »