Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘სხვადასხვა’ Category

საერთოდ, ფეისბუქ-ისტერიებზე აყოლა ძალიან არ მიყვარს და ხანდახან მაღიზიანებს კიდეც, “ნიუსფიდი” ერთსა და იმავე ინფორმაციას რომ მაჩეჩებს ერთხელ, სამჯერ და ათჯერაც. დღესაც ასეთი დღეა და თუ თქვენს კედელზე ჯერ არ დაუშეარებიათ ახალგაზრდა ქალის სურათი, სტალინის დიდ პორტრეტთან ერთად რომ პოზირებს, დაელოდეთ, აუცილებლად გამოჩნდება.
ამ ახალგაზრდა ქალბატონმა ჩემსავით კარგად იცის ერთი საბჭოური ანეკდოტი:
“ლენინი შეეცადა დაემტკიცებინა, რომ სახელმწიფო შეიძლება მართოს ხალხმა;
სტალინმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფო შეიძლება მართოს ერთმა ადამიანმა;
ხრუშჩოვმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფო შეიძლება მართოს ნებისმიერმა ადამიანმა;
ბრეჟნევმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფო შეიძლება სულაც არავინ მართოს;
ანდროპოვმა ვერაფერი დაამტკიცა;
ჩერნენკომ – მით უმეტეს…
?”

ჰოდა, სწორედ სტალინისადმი მიძღვნილი ამონარიდი მიაწერა სურათს და “კრიტიკოსებს” გაშმაგებისაგენ მოუწოდა.
წინასწარ აღვნიშნავ, რომ ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ და მით უმეტეს, როგორც იტყვიან, “არც არაფერს ვერჩი”, მაგრამ თუ არ ვცდები, ადრეც მომხვდა თვალში მისი პროფილი და ფან-ფეიჯი; როგორც გავიგე, პოლიტიკოსობას უმიზნებს და აღშფოთებას ვერ მალავს მართლმადიდებლობის შელახვის, ერთპიროვნული მმართველობისა და გაყიდული მამულის შემხედვარე.
მაგრამ ასეთი შეხედულებები და უცებ… სტალინი და კერპი? სადაა ლოგიკა?
ახლა სულაც არ ვაპირებ იმის განხილვას, რამდენად ნიჭიერი პოლიტიკოსი ან სტრატეგი იყო იოსებ ბესარიონის ძე, მაგრამ უკვე კარგა ხანია, მაღიზიანებს მისი რეაბილიტაციის მცდელობა და ჯერ კიდევ გაბატონებული კულტი: “ასე კი არ იქნებოდა სტალინის დროს”, “სტალინი უნდათ ამათ”, “სტალინს რომ ეს ენახა”… ჯერ კიდევ შვიდი თუ რვა წლის წინ ქართული ბეჭდური მედიის ერთ-ერთი ფერადყდიანი და გამურულფურცლებიანი ფლაგმანი დაუზარლად ბეჭდავდა სტატიებს აბსურდის ჟანრში, სადაც თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ დიდი ბელადი ლოცვაში ათენებდა და აღამებდა, რომ საკუთარი ხელით უწნავდა გვირგვინებს ნადიუშას, რომ სადღაც რომელიღაც ქოხში თეთრწვერა ბერთან დადიოდა საიდუმლოდ და ბევრი რამ, რომელთა წარმოსადგენადაც მე მაშინ ფანტაზია აღარ მეყო და უბრალოდ, დავივიწყე.
მაგრამ ფაქტი ერთია, სტალინი იქნება, ჩაუშესკუ, მიხეილ სააკაშვილი თუ დესმონ ტუტუ, როგორც ლეიბორისტები იტყოდნენ, ქართულ საზოგადოებას მაინც რჩება ერთი დიდი პრობლემა – ღირებულებების შეფასების უნარის დაკარგვა.
ფაქტი ისაა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკოსს, ისტორიულ პერსონაჟს თუ სასულიერო პირს შარავანდედით მოსილ წმინდანად ან სამკაპით შეიარაღებულ სატანად აღიქვამს და არა ჩვეულებრივ ადამიანად, რომელსაც კარგი თვისებების გარდა მინუსიც შეიძლება ჰქონდეს; ისიც სამწუხარო ფაქტია, რომ ზემოხსენებული როლები ხშირად და მრავალჯერ ენაცვლება ერთმანეთს და ყოველივე ამას ის აგვირგვინებს, რომ უცაბედი პოპულარობა რაციონალურ პოზიციაზე მეტად ფასობს ყველა თაობისა და პროფესიის წარმომადგენლისათვის.
სულ ეს იყო…
მადლობა ყურადღებისთვის!

Read Full Post »

ბლოგი იმის ბლოგია, რომ პატრონის ინტერესები გამოხატოს, ასე არაა? ჰოდა, გაიცანით ჩემი პოლონეთი, რეჩპოსპოლიტა პოლსკა.
ძალიანაც რომ მოვინდომო, ალბათ გამიჭირდება ახსნა, რატომ მაინცდამაინც პოლონეთია ჩემი განსაკუთრებული ინტერესის საგანი. ასეთი, ერთი შეხედვით, უმიზეზო აკვიატება ხანდახან მჩვევია ხოლმე, თუმცა, პოლონეთი ის შემთხვევაა, როცა რამდენიმე ხელშესახები მიზეზი მაინც მაქვს. აი, “ჰათიკვას” რატომ ვუსმენ გულაჩუყებული დღეების განმავლობაში, ეს ჯერ კიდევ ვერ გამირკვევია საკუთარ თავთან.
ჩემი პირველი წარმოდგენა პოლონეთზე შორეული ბავშვობიდან იღებს სათავეს, სრულიად შემთხვევით აღმოჩენილ, გვერდებშემოცვეთილ ზღაპრების კრებულს რომ ვუჯექი ლამპის შუქზე, სოფელში, სანამ ღუმელი არ ჩაინავლებოდა და სიცივე იძულებულს არ გამხდიდა, დამეხურა წიგნი და ლოგინში შევწოლილიყავი. საბანში გახვეულს კი კარგა ხანი მჭირდებოდა დასამშვიდებლად, რადგან უსინათლო გდანსკელი მესაათის, ასი წლით დაკარგული ახალგაზრდა მაღაროელისა და უგულო თავადის ამბები ყოველ წაკითხვაზე ხელახლა მაფორიაქებდა.
რასაკვირველია, ზღაპრების შემდეგ ჩემს ტვინში საკმაო ინფორმაციამ მოიყარა თავი. სკოლის პერიოდში მე უკვე ვიცოდი, რომ პოლონეთი იყო ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დააზარალა მეორე მსოფლიო ომმა, რომ მას შემდეგ მაინც შესძლო ფეხზე დადგომა და საკმაოდ სწრაფი ტემპებით განვითარდა ეკონომიკა, რომ აუცილებლად გახდებოდა ევროკავშირისა და ყველა შესაძლო გაერთიანების წევრი, რომელთა სახელები მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი (ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ!). არც ისე დიდი ხნის წინ გავიცანი და შემიყვარდა ჰენრიკ სენკევიჩი, ხოლო ბოლო და ყველაზე ახლო შეხება პოლონეთთან ჩემი ამჟამინდელი მეზობლები არიან – ადამი, ნატალია და მათი ოქროსფერი რეტრივერი ბიანკა.
მე არ ვიცი, ადამს რამდენი პროცენტი კეთილშობილი შლიახტიჩის სისხლი უჩქეფს ძარღვებში, მაგრამ ალბათ თავისი თვალით ექნება ნანახი უძველესი კრაკოვი, იქნებ ვისლაშიც უბანავია ან ოდერზე ნავითაც უსეირნია.
თანამედროვე პოლონეთის მთელი მომხიბლაობის მიუხედავად, ჩემი რეჩპოსპოლიტა პოლსკა მაინც სენკევიჩის რომანებშია. ფიცხი სილეზიელები, ეშმაკის ფეხი მაზურები, ქამრიანი რაინდები – ცულებს რომ ვერცხლივით გრეხდნენ და ხის ტოტებს წვენს ადენდნენ, მებრძოლი ქალები, ხმლის ერთი მოქნევით თავის წასხეპაც რომ შეეძლოთ და მიზანში სროლაც.
რაც შეეხება დედაქალაქს, რატომღაც ვარშავაზე უწინ ყოველთვის ძველი დედაქალაქი – კრაკოვი მახსენდებოდა. ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე დაცემაც ნახა და აყვავებაც. აქ ყველაფერია – ძველი პოლონური კულტურის ნიმუშები, შეხამებული აღორძინების ხანის არქიტექტურასთან და ევროპაში ერთ-ერთი უძველესი იაგელონის უნივერსიტეტი. კრაკოვს საკონცენტრაციო ბანაკებიც ახსოვს და წითელპალტოიანი პატარა გოგონებიც, თუმცა, ეს ყველაფერი უკან დარჩა. დღეს მის ქუჩებში რაინდული შერკინებები ეწყობა, მხოლოდ ტურისტების გართობის ფუნქცია რომ შერჩა, ხოლო ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ეროვნული კოსტიუმებით მსვლელობა უკვე ტრადიციაა.
აი, ასეთია მოკლედ ის, ჩემი ერთ-ერთი აკვიატებათაგანი;
ბევრისთვის უბრალოდ, ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი სახელმწიფო,
უფრო ცოტასთვის – ევროპაში პირველი კონსტიტუციის,
კინომოყვარულებისთვის – კიშლოვსკისა და ვაიდას,
მელომანებისთვის – შოპენის,
მეცნიერებისათვის – კოპერნიკის,
ლიტერატურის მოყვარულებისთვის – ჰენრიკ სენკევიჩისა და ადამ მიცკევიჩის,
თითქმის ყველასთვის – იანუშ კორჩაკის,
ბევრისთვის – უბრალოდ ზუბროვკის სამშობლო.
ეს ისე, უბრალოდ, რაც პირველი დაფიქრებისთანავე გამახსენდა.
ჩემთვის კი ყოველივე ზემოჩამოთვლილიდან რაღაც შუალედური და ძალიან ახლობელი.
იმედია, ოდესმე აუცილებლად ვნახავ, ყველაფერს თუ არა, უამრავი საუკუნისა და მოვლენის მომსწრე ვისლას მაინც. ვიცი, რომ ვერაფერს მომიყვება, მაგრამ ვცდი, გონების თვალი მაინც გადავავლო ყოველივე იმას, რაც მან მთელი განვლილი საუკუნეების მანძილზე ნახა. ღამით კი აუცილებლად ავხედავ ცას, იქნებ პოლონეთის მიწიდან მაინც დავინახო საშინელ სამსჯავრომდე ზეცას მიჯაჭვული, ცოდვილი, მაგრამ კეთილშობილი პან ტვარდოვსკი.

Read Full Post »

კვირა დღეები დიდად არ მიყვარს, ალბათ იმიტომ, რომ შაბათ-კვირას ვერასოდეს ვიყენებ ისე, როგორც გამიზნული მაქვს. ამიტომაც არ ვიზიარებ შეხედულებას, რომ ორშაბათი მძიმე დღეა, პირიქით, ყოველი ორშაბათიდან კალაპოტში ვდგები და დროსაც უფრო ნაყოფიერად ვანაწილებ.

ვინც ხშირად მსტუმრობთ, ვიცი, სიახლეებიო, იკითხავთ.. არც არაფერი მნიშვნელოვანი – სახლი, უნივერსიტეტი, სუპერმარკეტი. სულ ესაა ჩემი დაფარვის ზონა. მესმის, თუ გიკვირთ, მავანს საფუძვლიანი შეკითხვა გაუჩნდება: შენ ჰოლანდიაში ხარ თუ მონღოლეთშიო. ვისთვის როგორ, ახლა რთული პერიოდი მაქვს და მერე ვეცდები დავადგინო, რა განსხვავებაა ჰოლანდიასა და მონღოლეთს შორის! ჯერჯერობით არ მცალია…

ჰო, რადგან ამჟამად მოსაყოლი ბევრი არაფერი მაქვს, მოდით, იმას მოგიყვებით, თუ რა გეგმა-მინიმუმი მაქვს დასახული ევროპაში ყოფნის დროისათვის. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის დამთავრებას აღნიშვნაც კი არ სჭირდება, ეს უპირველესი მიზანია, დიადი და ნათელი.

უპირველეს ყოვლისა, ვინახულო მეგობარი, რომელიც უკვე წლებია, არ მინახავს და მთელი ის ნერვიულობა, რაც ამ დროის განმავლობაში მაგემა, სულ ძმრად ამოვადინო. კარგით, ვხუმრობ, მაგრამ ერთი-ორი მეგობრული წათაქება არ ასცდება ნამდვილად.

მეორე – მთელი ევროპა თუ არა, ჰოლანდია მაინც ვნახო თავისი ღირსშესანიშნაობებით, მათ შორის, ტიტების პლანტაციებიც. აგერ, რა მშვენიერი რამ ყოფილა შორიახლოს და როგორ არ ვნახო:

მესამე – ვნახო ბრიუგე. ეს ის ბრიუგეა, გადმოცემით თანახმად, ჰიტლერმა რომ თქვა, მის გარდა ყველა ქალაქი დაბომბეთო, ევროპის ვენეციად წოდებული. მართლაც ღირს ნახვად, აი, დარწმუნდით:

მომიწევს, გუგლის ნაბოძებ ფოტოებს დავჯერდე, იმედია, მომეცემა იმის საშუალება, რომ მე თვითონ გადავიღო.

ჯერჯერობით კი ვიქნები ისევ მონღოლურ რეჟიმში.

P.S. გამომრჩა რამე?

P.P.S. ბატონო? კოფიშოპი რა არის? 🙂

Read Full Post »

გუშინ ერთი ალიაქოთი იყო სოც. ქსელებში – სიები დაიდოო, დროზე გაიგეთო, არა, ეჭვი კი არ მეპარება, მაგრამ მაინც გადაამოწმეო, შენ მაინც პირველი იქნები, მაგრამ დააზუსტეო და ა.შ. ზოგსაც ეცინებოდა, თუნდაც ყველაზე რეიტინგულ სასწავლებელში მოხვედრა რატომ უნდა გიხაროდეს ასე, ბოლოს და ბოლოს, გურჯისტანის რიგითი უნივერსიტეტიაო.

მოკლედ, კაცია და გუნება კი არადა, იუზერია და სტატუსი, მაგრამ მე ძალიან გამიხარდა ჩემი ერთი მეგობრის ამბავი. ვირტუალური  მეგობრის, მაგრამ მგონი, სწორედ ესაა ის შემთხვევა, როცა ადამიანთან უამრავ საერთოს პოულობ და რეალური დისტანცია პრობლემა აღარ არის.

ჩემი სეხნია და მომავალი ჩემი კოლეგა მართლა ძალიან ჭკვიანი ბავშვია, თუმცა, საკუთარი ძალების რწმენა აკლია და ინიციატივის გამოჩენასაც ერიდება. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ სასურველ სასწავლებლებს შორის ზემოხსენებული ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტი კი არ ჩაწერა, არამედ სრულიად სხვა. რა თქმა უნდა, პირველივე მათგანში მოხვდა, მაგრამ მისი ნიჭი და უნარები გულწრფელად მენანება ამ უნივერსიტეტისთვის და სამომავლო პერსპექტივებიც არცთუ სახარბიელო ჩანს. სწორედ ამიტომ რეგისტრაციის პირველი დღიდანვე ყურებს ვუჭედავ თბილისში გადმოსვლის აუცილებლობის დამადასტურებელი არგუმენტებით.

ჭკვიანი და შრომისმოყვარე ადამიანების პრობლემა ხშირად სწორედ ისაა, რომ პასიურები არიან; ფიქრობენ, რომ შრომა უპირველესია, რომ მათი ცოდნა ადრე თუ გვიან აუცილებლად დაფასდება, რომ თუ გამორჩეული იქნები სწავლით, ყველაფერი თავისთავად მოვა. ცოდვა გამხელილი სჯობს და ჩემი მეგობრის შემთხვევაში ეს მშობლების “ბრალიცაა”, ისინი სხვა დროსა და სიტუაციაში მოღვაწეობდნენ და არ იციან, თუ რა ბრძოლაა საჭირო დღეს თავის გამოსაჩენად, რაც წარმატებული მომავლის წინაპირობაა. სწორედ ამიტომ იყო, რომ მათი ქალიშვილი ერთხელ უკვე დაუმსახურებლად გამოაკლდა არცთუ უმნიშვნელო ღონისძიებას. სამაგიეროდ, მე ვიცი, რადგან ჩემს ირგვლივ უამრავი ნიჭიერი და განათლებული ადამიანია, რომელთაც ვერა და ვერ მიეცათ ამ ცოდნის გამოყენების შანსი და არსებობს იმის საფრთხე, რომ ასე უსახელოდ დაიკარგონ. არადა, ნებისმიერი დამსაქმებელი ინატრებდა ასეთ პროფესიონალს. მოკლედ, ესაა ჩვენი რეალობა!

ჩემი მეგობარი ჩემი ბლოგის აქტიური მკითხველია და ამ ფორმითაც მივაწვდი სათქმელს: სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სტატიკური, მხოლოდ შენს თავში არსებული ცოდნა არაფერს გარგებს. ეს ცოდნა სხვებსაც უნდა დაანახო, ამისთვის კი ინიციატივა და აქტიურობაა საჭირო და ეს აუცილებლად უნდა გამოიმუშავო, საამისო ასპარეზი კი მანდ თითქმის არ არის! ამიტომ, აუცილებლად იფიქრე იმაზე, რასაც სულ გიმეორებ. წელიც რომ გაგიცდეს, ეგ არაფერია, ჯერ პატარა ხარ და ყველაფერს მოასწრებ!

ყველა სტუდენტს ვუსურვებ წარმატებებს, გაუმჯობესებულ სიტუაციას საქართველოს ყველა სასწავლებელში და გირჩევთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები!

ეს ყველაზე მთავარია!

Read Full Post »

ნახევარი დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა და დროც საკმაოდ მქონდა საიმისოდ, რომ ერთი კარგი ფილმი მენახა. “Shine” – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და მთავარი გმირის (რომლის როლსაც ჯეფრი რაში ასრულებს) უშუალო ხელშეწყობით გადაღებული. ვინც ცოტათი ახლოს მაინც მიცნობს, კარგად მოეხსენება ებრაელებისადმი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ. ამ ფილმის წყალობით კი დღეს კიდევ ერთი პატივსაცემი ებრაელი აღმოვაჩინე – დევიდ ჰელფგოტი.

ემოციური და საკმაოდ მძიმე ფილმია, მისი ყურებისას არონოფსკის “შავი გედი” გამახსენდა, ლამის სრულიად კაცობრიობა რომ აღაფრთოვანა და მე არ მომეწონა (მხოლოდ ნატალი პორტმანის წვლილი დავაფასე). თუმცა, “შავი გედისგან” განსხვავებით, “ნათებამ” ხანგრძლივი და დადებითი ემოციები დამიტოვა.

ნიჭიერი ადამიანის ხვედრი უმძიმესი შრომაა წარმატების მისაღწევად. იმდენად მძიმე შრომა, რომ შესაძლოა, შენს თავში ყველაფრის ჩაკვლა მოგიწიოს – იმ პატარა ბიჭისაც კი, კლასობანასთვის დახაზულ უჯრებში ასკინკილით რომ დახტოდა. ამ ბიჭმა შესაძლოა, მოგვიანებით, ფსიქიატრიული საავადმყოფოს კედლებში გაიღვიძოს. შესაძლოა, ამ ყველაფერმა თავი ისე დაგაკარგვინოს, რომ შარვლის ჩაცმა ან საკუთარი სახლის მისამართი გავიწყდებოდეს. არა, თავი არ დაგიკარგავს, მაგრამ თავში მხოლოდ მუსიკაა – ტიტანური, საოცარი მუსიკა.

მშობელი, რომელსაც გენიოსის გაზრდის დაუოკებელი სურვილი ღრღნის, შესაძლოა, გამხეცდეს, თუკი გრძნობს, რომ შვილის ნიჭი და შესაძლებლობები მის კონტროლს აღარ ემორჩილება.  ვაჟის სამუდამოდ დაკარგვის შიშით შესაძლოა, ბარიერად იქცეს შვილისთვის. ადამიანმა, რომელიც ყოველთვის გვერდით გედგა, გეხმარებოდა და გამხნევებდა, შესაძლოა, ისევე დაგინგრიოს ცხოვრება, როგორც ერთ დროს მას დაუმტვრიეს ვიოლინო. შესაძლოა, მშობელმა ინახულოს შვილი მხოლოდ მაშინ, როცა მისი ნიჭი მისსავე საზიანოდ შემობრუნდა და ახლა მხოლოდ კაფეში თავშეყრილი უსაქმურებს თუ ართობს. ინახულოს ისე, რომ ვერ დაძლიოს თავისი სიამაყე; არ გაუმხილოს, როგორ ტიროდა, როცა მის დაკრულ რახმანინოვს ისმენდა – მამა-შვილის ოცნების ნაწარმოებს.  სწორედ ამიტომ ჭაობიდან თავდაღწეული, მამის საფლავზე მისული შვილი ვეღარაფერს იგრძნობს.

წარმატება აუცილებლად მოვა, თუკი ასე ძალიან გიყვარს საკუთარი საქმე. უფრო სწორად, ეს საქმეც აღარაა, ეს უკვე გულისცემა და ცხოვრების რიტმია. შესაძლოა, სამყაროს აღქმაც კი დაკარგო, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მხოლოდ ნოტების გადაშლა შეგეძლოს, უკვე ასაკში შესულმა მისცე ყველა იმ ცელქობის უფლება საკუთარ თავს, რაც კი ბავშვობაში დაგაკლდა. მთავარი ისაა, რომ უფსკრულში გადაჩეხილმაც კი არ დაკარგო ყოველივე ის, რაც ზემოთ ამოსვლაში თუ არ დაგეხმარება, ხელის შემშველებელს მაინც გაპოვნინებს, იქნებ მეორე ნახევარსაც – სიყვარულის უნარი, შინაგანი სისუფთავე, გულწრფელობა. სწორედ ეს აგატირებს ბოლოს, როცა კვლავ გაიგონებ გულწრფელ და აღფრთოვანებულ აპლოდისმენტებს, მაყურებელთა შორის საყვარელ ადამიანებს – დედასა და ცოლს დაინახავ და იგრძნობ, რომ ბნელი და ცარიელი დერეფანი უკვე უკანაა, წინ კი – მხოლოდ სინათლე.

ბოლოს – არაჩვეულებრივი მუსიკა, რომელიც მთელ ფილმს გასდევს ფონად:

Read Full Post »

« Newer Posts - Older Posts »