მე მგონი, ვბერდები.
აბა, სხვა რით უნდა აიხსნას ის, რომ თუ თინეიჯერობისას (მანამდეც) ეგნატე ნინოშვილს ვერ მაგდებინებდნენ ხელიდან, მოგვიანებით “ომსა და მშვიდობას” და “ჯადოსნურ მთას” და სხვა, როგორც ერთი მხცოვანი ბლოგერი იტყოდა, ზებორინგულ სქელ-სქელ რომანებს, დღეს ახალთარგმნილ ბესტსელერებზე მეტად არაფერი მიხარია, უფრო ფენტეზის ვეძალები.
არა, იმას არ ვამბობ, რომ ფენტეზი მხოლოდ თინეიჯერებისთვისაა. არ ვარ ამ აზრის! მაგრამ თუ ადრე რაღაც ღრმააზროვან წიაღსვლებს ვეძებდი წიგნებში, ზეფილოსოფიურს, ზეგენიალურს და თავადაც არ ვიცი, როგორს, დღეს რაც მჭირდება, არის ამბები, სასურველია ბევრი პერსონაჟითა და მძაფრი სიუჟეტით.
ვბერდები-მეთქი, იმიტომ, რომ ფილოსოფიური წიაღსვლები ძალიან მღლის და ყველაზე მეტად ამჟამად მხოლოდ რეალობისგან დროებით გამოთიშვა მსიამოვნებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამისთვის დრო მხოლოდ ტრანსპორტში მაქვს, კიდევ უფრო ვაფასებ გამოთიშვის ყველა შესაძლებლობას.
კიდევ იმიტომ ვბერდები, რომ ბოლო დროს წაკითხული ყველა წიგნის, ბოდიში – სერიის, მთავარი გმირები თინეიჯერები არიან. “ვამპირული ომებისაც”, “ჯოჯოხეთური მექანიზმებისაც” და “სასიკვდილო იარაღებისაც”. ალბათ, ქვეცნობიერად სადღაც გული მწყდება, რომ ჩემი თინეიჯერობის ყველაზე დიდი ექშენი შეღამებულზე ჩაბნელებულ ქუჩებში ბოდიალი იყო. ხუმრობა იქით იყოს და მეტი ექშენისა და ადრენალინისგან ალბათ მხოლოდ იღბალმა მიხსნა.
“ვამპირულ ომებზე” აქ არ დავწერ უბრალო მიზეზის გამო – არ მომეწონა. სულ ორი წიგნია თარგმნილი, სხვები რომ იყოს, ალბათ, ბოლომდე წავიკითხავდი, მაგრამ უკანასკნელ ორთან შედარებაც არ შეიძლება. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით!
ჰო, აქვე არ შეიძლება, მადლობა არ ვუთხრა ამ ზეგენიალურ გამომცემლობას – “წიგნები ბათუმში”, რომელსაც ხოტბა და დიდება არც ახლა აკლია და სრულიად დამსახურებულად, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ მადლიერებასაც მივამატებ.
ახლა, რაც შეეხება “სასიკვდილო იარაღებს”: აქ არის აბსოლუტურად ყველაფერი: ანგელოზები, დემონები, განდიდების მანიით, მსოფლიოზე მბრძანებლობის იდეითა და თავისი მოდგმის სიწმინდის შენარჩუნებით გამსჭვალული ბოროტი და ძლევამოსილი გმირები, ჩვეულებრივი ადამიანები არაჩვეულებრივი შესაძლებლობებით, არაჩვეულებრივი გმირები სრულიად ჩვეულებრივი და ადამიანური შეცდომებით, აკრძალული ხილის სიტკბო და საკუთარ თავთან და გარშემომყოფების წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა, თავგანწირვა და საჭირო დროს უკან დახევა, შემწყნარებლობისა და თანასწორობის იდეა და რაც მთავარია, პატიების უნარი.
“ჯოჯოხეთური მექანიზმები”, ჩემი მოკრძალებული აზრით, “სასიკვდილო იარაღებს”, ცოტა არ იყოს, ჩამოუვარდება. ჩემი აზრით, თანამედროვე აშშ-ს ფონზე გაშლილი პარალელური სამყარო გაცილებით ეფექტურია, ვიდრე “ჯოჯოხეთური მექანიზმების” ეპოქის მრუმე, ნესტიანი და ჩაშავებული ლონდონი. თუმცა, თუ ჩემსავით არ გეყოთ “სასიკვდილო იარაღები” და ამ სამყაროში კიდევ უფრო მეტხანს მოგინდებათ დარჩენა, “ჯოჯოხეთური მექანიზმების” წაკითხვა საამისოდ ნამდვილად მისწრებაა.
მოკლედ, ზაფხულია: შვებულებისა და არდადეგების, ბევრი თავისუფალი დროის, მზიანი დღეების (რა ვუყოთ, თუ ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდით ამინდზე), ნეტარი უსაქმურობის, ბევრი ნაყინის ჭამის, ზღვაზე ან მთაში ნებივრობის და წიგნების ნება-ნება ფურცვლის დრო. ჰოდა, დეიდა კასანდრას ეს ორი სერია საამისოდ მე პირადად ზედგამოჭრილი მეჩვენება.
ბონუსად აგერ, თქვენ, “სასიკვდილო იარაღების” და “ჯოჯოხეთური მექანიზმების” ბმულები “ფლიბუსტა”-ზე.
და მშვენიერი ფან-არტიც:
სურათები აღებულია deviantart.com-იდან.