სამი დღეა, გლოვა და ძებნა მაქვს გამოცხადებული მთელი სამსახურის მასშტაბით.
ჩემი საყვარელი ცისფერი USB და მასზე ჩამოკონწიალებული პატარა ბაჭია დავკარგე.
ეს ბაჭია უბრალო მინიატურული ბრელოკი არ გეგონოთ. მიფის იცნობთ თქვენ?
მიფი (ჰოლანდიურად – Nijntje – მხოლოდ ეშმაკმა და ჰოლანდიელებმა იციან, როგორ გამოითქმის) ცნობილი ბაჭიაა, რომელიც ცნობილმა ჰოლანდიელმა გრაფიკოსმა დიკ ბრუნამ თავისი ერთი წლის ქალიშვილისათვის დახატა. ეს პერსონაჟი შემდგომში ფრიად პოპულარული გახდა, მის შესახებ შექმნილი ნახატი წიგნები მსოფლიოს 40 ენაზეა ნათარგმნი და გავრცელებული, ხოლო თავად ბაჭია საკანცელარიო მაღაზიების ქსელის “Bruna” სახეა.
ჰოდა, ჩემი პატარა მიფიც სწორედ იქ მაჩუქეს, როცა პროფესორი ბიძიების ლექციების ჩასაწერად გიგანტური რვეული ვიყიდე. სწორედ ამიტომ მინდა მისი პოვნა ასე ძალიან.
ამავე ციკლიდან: რამდენიმე დღის წინ საძინებლის კარის ღრიჭოში მის დასამაგრებლად გაჩრილი ფანქარი რომ დავინახე, ისტერიკა მოვაწყვე: როგორ გაბედეთ და ნიდერლანდებიდან, კერძოდ ჰააგიდან, მშვიდობის სასახლიდან სუვენირად წამოღებული ფანქარი ასეთი პროზაული საყოფაცხოვრებო მიზნით გამოიყენეთ და თან ლამის გაგისრესიათ-მეთქი???
ჰოდა, საშინლად ვუფრთხილდები ყველაფერს, რაც კი ჩემი საყვარელი ნიდერლანდებიდან წამომიღია და ძალიან გთხოვთ, თუკი სადმე იპოვით ცისფერ “ფლეშკას” ზედ ჩამოკონწიალებული ბაჭიით, გამაგებინეთ. თუ გინდათ, “ფლეშკა” დაიტოვეთ, მაგრამ მიფი დამიბრუნეთ!
წინასწარ ყველას დიდი მადლობა ჩემგან და მიფისგან!