როდის გამოვაქვეყნე პირველი პოსტი ვორდპრესზე?
არც მახსოვს. ბევრმა წყალმა კი ჩაიარა იმის მერე.
მეც შევიცვალე, ბლოგოსფეროც, სოციალური მედიაც, ცხოვრებაც.
იყო დრო, პოსტის დასაწერად და წარმატებით გასაზიარებლად რამდენიმედღიანი კვლევა, ტექსტის კარგად დალაგება, უკვე წარმატებული ბლოგერისაგან თეგ-თამაშში გამოწვევა ან გალინკვა, მრავალვიზიტორიან ბლოგზე გონებამახვილური, საინტერესო ან სულაც, არაკეთილმოსურნე ან კრიტიკული კომენტარის დატოვება იყო საჭირო, ან სკანდალური სათაური, ან ყველაფერი ერთად. იყო დრო, ვიზიტორებს ვითვლიდი, ტექსტს ვაშალაშინებდი, ადმინ-პანელს ვარეფრეშებდი, ახალ თემებს ვსინჯავდი, კონცეფციაზე და სლოგანზე ვმუშაობდი, დასამახსოვრებელ ავატარს ვარჩევდი. ფოტოებს გუგლში ვეძებდი, ისეთს, პოსტს რომ მოუხდებოდა. დრო იდგა ასეთი: უინსტაგრამო, უსმარტფონო.
კარგი დრო იყო.

ჩაიარა იმ დრომ. იმდროინდელი ბლოგერებიდან უმეტესობა სოციალური მედიის ექსპერტი/მენეჯერი გახდა, ზოგი – ტელეწამყვანი ან ჟურნალისტი, ზოგი – გაქრა, ზოგიც – დარჩა.
ბლოგერების ახალი თაობა წამოსულა, თურმე ნუ იტყვით. სხედან ინსტაგრამზე და საიდანღაც გამოწერილ ამანათებს ხსნიან. ნახეთ, რა მივიღე: ვიტამინების ნაკრები, სახის კანის მოვლის საშუალებები რეტინოლის რეკორდული შემცველობით, თვალის პაჩები, რეზინის ხელთათმანები, სანიტაიზერი, რომელიც ხელს არ აშრობს და ა.შ. ბლოგერები ვართო… რთულია ბლოგერის ცხოვრებაო, სულ იმაზე ფიქრობ, რა გამოაქვეყნოო. ჰმ, თქვენი ცხოვრებაა რთული, თქვენი? მუსიკა გინდა? მანდვეა! ფილტრები? მანდვეა (თავის მოწესრიგებაც კი არაა საჭირო, ვიდეოში რომ ლამაზად გამოჩნდე). მუსიკა, ერთი-ორი მოსექსუალურო მოძრაობა, ბრძნული ციტატა აღწერაში ან სულაც მრავალწერტილი და პოსტიც მზადაა. რთული ბედი გარგუნათ სოციალური მედიის უზენაესმა, ნამდვილად.
იმ კარგ დროში რომ მცოდნოდა, ასე დაეცემოდა ბლოგერის ცნება, ალბათ, ვერ გადავიტანდი :D. როგორი მაღალი ყოფილა სტანდარტი თურმე. გამართულად მაინც უნდა გეწერა, ხათრით რომ წაეკითხა ვინმეს; რამე უნდა წაგეკითხა, შენც რომ გყოლოდა მკითხველი; კარგი ინტელექტუალური თამაში მოგეფიქრებინა, რომ ინტელექტუალი ბლოგერები მოგეზიდა შენსკენ. რას ამბობ-მეთქი, შევიცხადებდი, მე რა ბლოგერი ვარ, ბლოგერი, აი, ისაა-მეთქი. აი, ეს ყოფილა შემეცნება. ახლა?
არადა, რამდენია საწერი. მაშინდელი მოტივაცია რომ მქონდეს, ისეთ პერსონალურ ბლოგს ამოვქოქავდი, შენი მოწონებული! მაშინ ორცეცხლშუა ვიყავი. ანონიმურობას ვიცავდი, არადა, მკითხველიც მინდოდა. რა უნდოდა ერთი ციდა ბლოგოსფეროში ადამიანის ამოცნობას, ამიტომაც, ვფრთხილობდი.
ახლა არც ცნობილ ბლოგერად ჩამოყალიბების სურვილი მაქვს და აღარც საშიშია რამე. მგონი, აღარავინ კითხულობს ვორდპრესის ბლოგებს, წერე, რაც გაგიხარდება! მოსულა ჩემი დროც 😀
იმ ძველი კარგი დროიდან რამდენიმე კარგი ბლოგი შემორჩა. მოლი ბლუმის, ჩემი აზრით, ყველაზე წარმატებული ბლოგი, რაც ქართულ ბლოგოსფეროში არსებულა, დახვეწილი კონტენტით და ძალიან სწორი მენეჯმენტით; ლორდ ვეიდერის “სთაილიშ” ბლოგი, რომელზეც ახლახან წავიკითხე პოსტი მუშკეტერებზე და ის ძველი კარგი დრო გამახსენდა და კიდევ რომელი? ფრიად გაღარიბებულა ჩემი რიდერი. არა უშავს, დასაწყისისთვის ეს ორიც მეყოფა, დანარჩენს მე თვითონ დავწერ.
ვორდპრესზეც ბევრი რამ შეცვლილა. კიდევ კარგი, გალინკვის ფუნქციას მაინც მივაგენი.
ყოფილი ბლოგერი არ არსებობსო, ძველ ბლოგერებს უთქვამთ. კარგია, რომ ეს ბლოგი არ წავშალე. რომ არ მოგატყუოთ, აქაურობის არც კონცეფცია მომწონს, არც ავატარი, აღარც სათაური და აღარც სლოგანი. ხომ ვთქვი, ბევრმა წყალმა ჩაიარა-მეთქი, “ჩემ შესახებ” გვერდიც გასაახლებელია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს! რაც ჩემია, ჩემია.
დასაწყისისთვის საკმარისია.
მოგვიანებით დავბრუნდები და რამეს დავწერ, ისეთს – აზრიანს და ძველებურს.
Yes to აზრიანს და ძველებურს! 🙂
მეილზე მქონდა გამოწერილი, მივიღე და გამიხარდა! 🙂
თინიტა, კლარინსის ფანი :))
მადლობა, გამიხარდა შენი გამოჩენა ❤
და ნიდერლანდების კლუბის წევრი 🙂 მეც გამიხარდა!
ჩვეულებრივი მარკეტინგის არხი გახდნენ, ბლოგერები ტერმინი შემორჩათ ცოტა უადგილოდ, უფრო ინფლუენსერები არიან ეგენი, პაკეტის გამხსნელი და ეფექტურმონტაჟიანი ხალხი. კომპანიებისთვის იოლი არხია გაყიდვის, თითქმის ზუსტად იციან აუდიტორიის რაოდენობა და ჩვეულებრივი რეკლამის ხარჯია ინფლუენსერებთან ფლეისმენთი მათთვის.
კომპანიებზე რომ მუშაობენ და ინფლუენსერობენ, მაგათი კიდევ უფრო მესმის. მოყვარულების უფრო ნაკლებად, ნეილონის წინდებს რომ ხსნიან და რეალურად, ოცდაათი გამომწერი ჰყავთ. ინფლუენსერობისთვის პატარები არიან, სამაგიეროდ, ბლოგერები, აბა, როგორ!
ან მაგათ რას ვერჩი. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ და მეტი გამომწერი მისცეთ, უბრალოდ, სტანდარტი დაეცა-მეთქი, ვჩივი :))
ახლადგამოჩეკილ ბლოგერს რას ურჩევდით? 😊