Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for აგვისტო 24th, 2018

“ბათუმი საქართველოს ულამაზესი ქალაქია” – ასე მოკლედ და კონკრეტულად დაუსაბუთა ჩემმა მეუღლემ მოსკოვიდან ჩამოსულ ნათესავს ბათუმში დასვენების აუცილებლობა.

39947226_283612168907199_8371803833080217600_n

მიუხედავად იმისა, რომ ამ თეზისის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ბათუმზე ცოტა მეტის თქმა მინდა.

წლევანდელი ორკვირიანი შვებულების ცხრა წვიმიანი დღე ბათუმში გავატარე, თუმცა, წვიმის, ელჭექის, შტორმის, აღელვებული ზღვისა და სიძვირის მიუხედავად, ეს ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო შვებულება იყო.

ძნელია იმის თქმა, რატომ მიყვარს ბათუმი. თუმცა, თუკი გამოჩნდება თავისუფალი ორი-სამი დღე, მზად ვარ, ისევ მივაშურო.

ბათუმში უმწვანესი, ულამაზესი და ძალიან მყუდრო ძველი ბულვარია, სადაც სეირნობას მართლაც არაფერი სჯობს. დედაქალაქის დატვირთული რეჟიმით დასტრესილი ადამიანისთვის მართლა მისწრებაა ასეთ ადგილას სეირნობა და დროგამოშვებით ზღვის სანაპიროზე გახეტიალება. ასეთ დროს ნერვები ისვენებს, ტვინი სუფთავდება და გულიც უფრო რიტმულად ძგერს.

ძველ ბულვარს ე.წ. “ახალი ბულვარი” ებმის. ეს ერთგვარი გადასვლაა წარსულიდან აწმყოში. ახალი ბულვარი მართლაც ახალია, თუმცა, არც იქ სეირნობაა ურიგო. ახალ ბულვარში მეტი გასართობი, ატრაქციონი, ნაყინის და მოხარშული სიმინდის ჯიხურები და ახალი ქანდაკებები და დეკორაციებია. ტურისტი კი ახალშიც და ძველშიც ბევრია.

ბათუმის სანაპიროზე უზარმაზარი ქვები ყრია და მასზე სიარული მხოლოდ საგანგებო რეზინის ფეხსაცმლით ან სიმწრით დამანჭული სახითაა შესაძლებელი. თუმცა, ბათუმიდან უამრავ ადგილას შეიძლება წასვლა, იმის მიხედვით, თუ რისი ხილვა გვსურს პლაჟზე: ქვიშის, ხრეშის თუ მეტი ტურისტის.

ბათუმში უამრავი ახალი და მშენებარე შენობაა. ძველი ბათუმი ნელ-ნელა იკარგება პირველი ზოლის უკან, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო მაღლა მიიწევს. თუმცა, ქალაქში გასვლას თუ არ დავიზარებთ, ძველი, ორ-სამსართულიანი, ყვავილებით მორთული აივნებით დამშვენებული ბათუმის ხილვაც არაა ძნელი.

ბათუმში ძველი სანაყინე ყოფილა, ე.წ. რვაფეხა. მოზაიკით გაწყობილი დიდი შენობა, საბჭოთა ბავშვების და არა მხოლოდ ბავშვების საყვარელი ადგილი. ახლა მის ადგილას უზარმაზარი ბანერით შემოღობილი ტერიტორიაა,  მაგრამ იმედი მაქვს,  როცა ჩემს შვილს ტკბილეულის ჭამის ნებას დავრთავ, სწორედ აქ მოვალთ ნაყინის საჭმელად.

ბათუმში თევზის ბაზარია, უაღრესად კოლორიტული ადგილი.  თუმცა, ისეთი გემრიელი თევზი იყიდება, რომ ახალი ბულვარიდან ბაზრამდე წვიმიან ამინდშიც კი არ დაგეზარება წასვლა, თუნდაც, ველოსიპედით, თუნდაც კვირაში სამჯერ, თუნდაც თავით ფეხამდე დასველებისა და აქოთების ხარჯზე. სამაგიეროდ, აქაური კეფალის გემო მთელი წელი გაგყვება, ხოლო ნაირ-ნაირი ზღვის პროდუქტების შემხედვარე აუცილებლად მოამზადებ ისეთ კერძს, მანამდე აზრადაც რომ არ მოგივიდოდა. მოამზადებ, უგემრიელესიც გამოგივა, გემრიელად მიირთმევ, სხვებსაც გემრიელად გაუმასპინძლდები, მათი კმაყოფილი სახეების დანახვაზე სიამაყით გაიბღინძები და ინსტაგრამისთვის რამდენიმე გემრიელ ფოტოსაც გადაიღებ.

უჰ, ინსტაგრამი. ბათუმი ინსტაგრამერების სამოთხეა. თქვენ უნდა ნახოთ, ჰეშტეგის #batumibeach ქვეშ რა გალერეა იშლება…

ბათუმში წვიმა აუცილებლად მაშინ მოგისწრებს, როდესაც სახლიდან  განსაკუთრებით შორს ხარ, უქოლგოდ და ახლო-მახლო თავშესაფარიც არ ჩანს. ბათუმის წვიმა გასველებს, მაგრამ არ გაციებს. ბათუმის წვიმაში პატარა ბავშვთან ერთადაც შეიძლება სეირნობა მხიარული ხითხითის თანხლებით ისე, რომ სხვა, საწვიმრებით შემოსილი ადეკვატური ხალხის არ შეგრცხვეს.

ბათუმში მსოფლიოში ულამაზესი “მაკდონალდსია”. სწრაფი და ყველაზე მავნებელი კვების ობიექტი ისეთ ესთეტიურ სიმაღლეზეა აყვანილი, მე მგონი, იქ ყოფნა კუჭს თუ ავნებს, განწყობას ორმაგად დადებითად წაადგება.

ბათუმში ბევრი ხალხია, ბევრი ველოსიპედი, ბევრი სასეირნო მოწყობილობა, ბევრი პალმა, ბევრი ქოლგა…  ბათუმში ყველაფერი ბევრია, მაგრამ ბათუმიდან წამოსულს მაინც არ გყოფნის და დაბრუნება გინდა. თუმცა, ამჯერად შემოდგომაზე ან ზამთარში, რომ დაცლილ ქუჩებში და ბულვარში გაისეირნო და უკეთ იგრძნო, რომ ბათუმი, რომელიც  ყველასია – ბათუმელების, თბილისელების, ქუთათურების, უცხოელი ტურისტების – მხოლოდ შენთვის ინახავს რაღაც ხელშეუხებელს და განსაკუთრებულს.

39993760_1914094082012171_98080590430994432_n.jpg

Read Full Post »