პოსტის დაწერა სოფიმ შთამაგონა.
სოფის საოცრად თბილი დამოკიდებულება აქვს თავისი ხალხის მიმართ, აქვს ძალიან ღრმა რწმენა, უყვარს მზე, თავისი ოჯახი და სიცოცხლე. ალბათ მას უნდა მგვანებოდა ყველა სოციალისტი.
ერთ-ერთ პოსტში შოლომ ალეიხემის მოთხრობები ახსენა და ისიც მიაყოლა, თუ წარმოიდგენთ, რომ იმპერიალისტური რუსეთის ოთხმოცდაათ პროცენტს პური არ ჰქონდა, ხოლო დანარჩენები რძეში ბანაობდნენ, ცარიზმის დამხობა აღარ შეგზარავთო.
ვერაფერს იტყვი, არის ამაში სიმართლის მარცვალი. სწორედ ამიტომ, როცა გუშინ “ანა კარენინა”-ს ახალ ეკრანიზაციას ვუყურებდი, საკუთარი თავი გამოვიჭირე იმაში, თუ როგორ მაღიზიანებდა გადაჭარბებული ფუფუნება და როგორ ხელახლა დავაფასე კონსტანტინ ლევინი და ერთი შეხედვით თავქარიანი კიწი, რომელმაც თავისი ბედნიერება სწორედ ასეთი ადამიანის გვერდით იპოვა.
მაგრამ სჯობს, შოლომ ალეიხემის გმირებს დავუბრუნდეთ.
მერძევე ტევიე იმ ოთხმოცდაათ პროცენტს მიეკუთვნება, რომელთა ხარჯზეც მაღალი ფენა ფუფუნებაში ნებივრობდა. ტევიეს სიღარიბის გამო ცხოვრებაში კიდევ ბევრი თავსატეხი აქვს: ის ებრაელია და ჰყავს ხუთი ლამაზი ქალიშვილი, რომლებიც უნდა გაათხოვოს. გაგიკვირდებათ და ჩვენი მერძევე ძალიან პროგრესულად მოაზროვნეა და შესანიშნავად გაუგო თავის გოგონებს, რომლებმაც ერთმანეთის მიყოლებით დაჰკრეს ფეხი და მის დაუკითხავად და არცთუ სარფიანად გათხოვდნენ. მას ისიც კი არ გაუპროტესტებია, როცა ერთ-ერთი შორეულ ციმბირში გაემგზავრა მარტოდმარტო თავის გულისსწორთან, მაგრამ ნაბოლარა ხავალეს თავისი ბედის უკრაინელთან დაკავშირება ვერა და ვერ აპატია და სულ ცხარე ცრემლით გამოიტირა თავისი ჩიტუნია.
მიუზიკლის ყურებისას სხვადასხვა განწყობა მკვეთრად ენაცვლება ერთმანეთს: დაუჯერებლად ლამაზი ქორწინების ცერემონია ბალდახინის ქვეშ და დარბევის სასტიკი სცენა, მაგრამ ფინალი მაინც იმედიანია. ბოლოს, როდესაც ებრაელებისათვის გაუსაძლისი ხდება იქ ცხოვრება და იძულებულნი არიან, მიატოვონ თავიანთი დასახლება, ტევიე კიდევ ერთხელ ხვდება თავის ხავალეს და მის უკრაინელ მეუღლეს – ისინი ერთმანეთს ახალ, უკეთეს ადგილას შეხვედრის იმედით ემშვიდობებიან. ტევიე უკანასკნელი მიდის თავისი ძველი სახლიდან, თუმცა, თან მიჰყავს მევიოლინე, რომელიც მთელი მიუზიკლის განმავლობაში ყველაზე მოულოდნელ მომენტებში ჩნდება და რის თქმას ცდილობს, ეს უკვე თავად გადაწყვიტეთ…
მიუზიკლს ძალიან სევდიანი ფინალი აქვს, თუმცა, ტიტრების ყურებისას დარწმუნებით ვფიქრობდი, რომ ადამიანები, ვისაც ასე უყვართ ერთმანეთი და სიცოცხლე, აუცილებლად იპოვიან ბედნიერებას.
ბონუსად, ტევიეს არია, რომელსაც ყური მოვკარი თუ არა, მაშინვე მივუჯექი ტელევიზორს:
ცარიზმის დამხობის შემდეგ პროცენტული შეფარდება როგორ შეიცვალა, იმ მშიერმა ოთხმოცდაათმა პროცენტმა პური თუ იშოვა და ის საზიზღარი ათი პროცენტი რძეში ბანაობას თუ გადაეჩია, ამაზე რას ამბობენ უფალი სოციალისტები, ხომ არ იცი, თამაღ?
ეს ისე, ლირიული გადახვევა. რაც შეეეხება შოლომ ალეიხემს, ისრაელის სახელმწიფოს და ებრაელების მიმართ ჩემი უდიდესი პატივისცემა და სიმპათია არაერთხელ დამიფიქსირებია. მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას და იმას, რომ უმაგრესი არმიის და სპეცსამსახურების პარტონია, ცხადია, არ ვგულისხმობ. მუსიკაც მომწონს, ცეკვებიც, ენაც ულამაზესი აქვთ (ივრითიც და იდიშიც), მსოფლიოში საუკეთესო მათემატიკოსები. მოჭადრაკეები და მევიოლინეები ჰყავთ. ბატონი რაბინოვიჩის წიგნებიც, თავის დროზე, ჭადრაკის მასწავლებელმა (რუსულენოვანმა ებრაელმა) წამაკითხა და მერძევე ტევიესაც იმ დროიდან ვიცნობ.
კარგია, ერთი სიტყვით )
რა თქმა უნდა, ვიცი 🙂
მაგრამ ეს კონკრეტული სოციალისტი სწორედ იმას ამბობს, რაშიც მე და ბევრი სხვაც ვეთანხმებით: წითელი ბოლშევიკების დატრიალებულ სისხლის კალოებს არავინ იწონებს. ცარიზმი უნდა შეცვლილიყო, მაგრამ რით, ეს უკვე მეორე საკითხია…
ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელების მიმართ კი ერთ ბანაკში ვართ, დიდი ხანია, ვიცი 🙂
საიდანღაც მეცნობა ეს რიტორიკა. ეს კი არ ვარგა, მაგრამ ის უნდა შეცვლილიყოო. ღმერთო გამახსენე. ენის წვერზე მადგას და ვერ ვიხსენებ. არადა, აშკარად ახლახანს მოვისმინე. აი, ჯანდაბას, რა. სტარასწ ნე რადასწ (((
მე მახსოვს 🙂 მეც მოვისმინე 🙂