Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for მაისი 26th, 2012

ჩემი პოლონელი მეზობლები, ჰოსთები, ფლეთმეითები თუ როგორც ჰქვიათ, ძალიან საყვარელი წყვილია. მართალია, პოსტებში და სტატუსებში ხშირად ვქოთქოთებ დაულაგებელი სამზარეულოს, გაფუჭებული მტვერსასრუტის, მოდემის და ბევრი სხვა რამის გამო, მაგრამ ხანდახან, თვალს რომ მოვკრავ, როგორ უსხედან სანთლებიან მაგიდას თითო ბოკალი სასმელით ხელში, ან აივანზე პოკერს რომ თამაშობენ, ან ხანმოკლე კინკლაობის შემდეგ როგორ ჩნდება მისაღები ოთახის მაგიდაზე ყვავილების თაიგული, თვალებში გულები მენთება და  და მზად ვარ, ჩემი ხელით გავრეცხო მთელი სამზარეულოს ჭურჭელი.

თუმცა, ეს ზემოთაღწერილი იდილიური სურათები ესოდენ სრულყოფილი არ იქნებოდა, ამ წყვილის ფეხებთან გაწოლილი ოქროსფერი რეტრივერის გარეშე.

ბიანკა ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. გარდა იმისა, რომ ამ წყვილის ერთობლივი ცხოვრების მემატიანეა, საკუთარ თავზე გადააქვს მათი ყველა ჩხუბი და შერიგება. ასე მაგალითად, ერთ-ერთი, მაგრამ ჩვენი მეზობლობის განმავლობაში ყველაზე მძიმე კონფლიქტის შედეგად აღელვებული პანა თავსხმა წვიმაში გავიდა გარეთ და ბიანკაც თან გაიყოლა. ვალენტინობის დღესასწაულზე კი პანმა გულის ფორმის ბუშტებით გაავსო სახლი და ცუგა მშვენივრად გაერთო – მანამ დაატარებდა პირით ოთახიდან ოთახში, სანამ ერთი არ გაუსკდა და გვარიანი შიში არ ჭამა. ამის შემდეგ ჭკუა ისწავლა და მარტო თავისი კუთვნილი ჩოგბურთის ბურთის ღრღნას სჯერდება.

დაახლოებით ორი კვირის წინ პანი და პანა ლონდონში წავიდნენ. მანამდე ძალიან მორიდებით მთხოვეს, იქნებ ძაღლს მიგვიხედო, თან წაყვანა ძვირი გვიჯდებაო. მე, როგორც ხათრიანმა და კარგმა მეზობელმა, უარი ვერ ვუთხარი და ორი დღის განმავლობაში მქონდა პატივი, ამ კეთილშობილი ქალბატონის აღზრდაში ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა.

შაბათ დილით, უფრო სწორად, შუადღისას ბიანკას აღშფოთებულ-საყვედურნარევმა წკმუტუნმა გამაღვიძა, ნახევარი ღამის ნათევმა ძლივს ავითრიე წელი და შევეცადე, დამემშვიდებინა, საბელი ჩავაბი და გარეთ გავედით.

მინდა გითხრათ, რომ პატრონების უნამუსობით აღშფოთება ძაღლს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამონელებული და მეც რომ გავუბედე და გარეთ გავიყვანე, სულ გაგიჟდა და გადაირია. ჯერ იყო და სულ ძალისძალად წამათრია ახლომდებარე გაზონისკენ, სადაც ზურგზე გაგორდა და სულ ცოტა ხნის წინ გათიბულ ბალახში ამოიგანგლა. შემდეგ კი საბელი გამომგლიჯა და ბრაზიანი ღრენით გამერიდა, იქვე ჩაწვა და იმავე საბელის ღეჭვას შეუდგა. ამასობაში მე სულ გადამეწურა იმედი, რომ დიადი მისია, რომლისთვისაც გარეთ გამოვედით, ამჯერად შესრულდებოდა და ეს გაუგონარი არსება დიდის გაჭირვებით შემოვათრიე სახლში.

პირველი წარუმატებლობით ცოტა არ იყოს, ხასიათი წამიხდა და დავფიქრდი, ნეტავი, რა ურჩევნიათ პოლონელებს, დიასახლისს ახალი ხალიჩები უყიდონ თუ ძაღლი გამექცეს-მეთქი, მაგრამ მეორე ჯერზეც გავრისკე. თუმცა, ამჯერად უფრო იმედიანად ვიყავი, რადგან ჯიბეში ძეხვის ნაჭერი მედო და თუკი ბიანკა ისევ წამგლეჯდა საბელს, სარფიანი გაცვლის შეთავაზება შემეძლო. საბედნიეროდ, მეორე ჯერზე პანას კეთილგონიერებამ სძლია და მორჩილად გამომყვა. გახარებულ გულზე ძეხვის ნაჭერი მაინც მივეცი, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრად მაქვს აკრძალული პატრონებისგან.

საღამოს, როცა სადილის მოსამზადებლად ჩავედი, ბიანკა სამზარეულოს კარში იდგა და საწყლად შეჭმუხნული შუბლით მადევნებდა თვალყურს. ბოლოს, როცა იმედი გადაეწურა, რომ კიდევ მიიღებდა ძეხვის ნაჭერს, თავის ჯამს მიადგა და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ადამიანის იერით უგემურად მიახრამუნა ცოტაოდენი საკვები. შემდეგ გამომცდელი მზერით გამომხედა, მაგრამ სინდისის ქენჯნის რომ ვერაფერი შემატყო, ისევ მიბრუნდა და ჯამი ამოასუფთავა.

ასე დავცუხცუხებდით მთელი დღეები, თუკი ვინმე გაწრიპული და გაუზრდელი ფინია არ გაგვაბრაზებდა

მეორე დღეს აღმოვაჩინე, რომ თუკი ბიანკას რუსულად ვეტყოდი, დაჯექი-მეთქი, მიჯერებდა. სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული არ ვარ, სიტყვაზე რეაგირებდა თუ ჟესტზე, მაგრამ ორივე შემთხვევაში, ბიანკასთან კომუნიკაცია ახლა რუსულადაც არის შესაძლებელი. სამწუხაროდ, მე პოლონური არ ვიცი, თორემ ალბათ ნაკლებ გავწვალდებოდი. მიუხედავად ამისა, მთელ დიპლომატიას მოვუხმე და როგორც იყო, დავზავდით. შედეგად, მეორე დღემ გაცილებით მშვიდად ჩაიარა, ვიდრე პირველმა. თუმცა, ცუგა ჩემნაირი უჟმური პატრონის ხელში (სამეცადინო მქონდა და რა მექნა!) მოწყენილი იყო.

მესამე დღეს კი ისეთი გულთბილი შეხვედრა ჰქონდა პატრონებთან, რომ სიმართლე გითხრათ, გული ამიჩუყდა. ჯერ იყო და სადარბაზოს კარის ჯახუნზე კარს მიასკდა და ლამის შუბლით გაანგრია. ცოტა ხნის შემდეგ კი, როცა მეც დავრწმუნდი, რომ ეს მისი პატრონები იყვნენ და არა ქვემო სართულის მეზობლები, კარი გავუღე. დიდი ხტუნვის, სიხარულის გამომხატველი წკმუტუნის, კისრის ფხანისა და ალერსიანი სიტყვების შემდეგ, როგორც იქნა, დააწყნარეს. ასე დასრულდა ჩემი ორდღიანი დოგსიტერობა.

ჩემი ჰოლანდიური საგა ამ ეტაპზე ბოლო თვეებს ითვლის. სიმართლე გითხრათ, უკვე წინასწარ მწყდება გული ჩემს სხვენზე, ველოსიპედზე, შიდა ეზოში გამავალ აივანზე და წითელსახურავიან სახლებზე, თქვენ წარმოიდგინეთ, პოლონელ მეზობლებსა და ბიანკაზეც.  მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეზობლების თვალში დიდად გახსნილი ადამიანის შთაბეჭდილებას ალბათ, არ ვტოვებ (არადა, სინამდვილეში იდილიას არ ვურღვევ!), მაინც მივეჩვიე რაღაცნაირად. ძაღლს რაც შეეხება, ჩემი მეგობრის თქმის არ იყოს, არ მე ვიტყოდი უარს, ასეთ ბანჯგვლიან და თბილ ოთხფეხზე მეზრუნა. მით უმეტეს, ასეთ ჭკვიანსა და ერთგულზე, ყოველი შეხვედრისას ფეხებში რომ გაგიგორდება, კისრის ფხანისას განაბული წევს და თათებს მკლავებზე გისვამს (რა მისი ბრალია, ბრჭყალების ნაკვალევი რომ მეტყობა მერე!). ორდღიანმა ძიძაობამ და იმ ემოციურმა შეხვედრამ კი საერთოდ ბოლო მომიღო. ხუმრობის გარეშე რომ გითხრათ, დარწმუნებული არ ვარ, რომ ასეთივე ემოციურ შეხვედრას მომიწყობენ აეროპორტში, როცა დავბრუნდები 🙂 .

ის კი ნამდვილად ვიცი, რომ თუკი ოდესმე და სადმე ისევ გადავეყარე ბიანკას, ნამდვილად მიცნობს და შეიძლება სასეირნოდაც კი მშვიდად გამომყვეს. ჭკვიანი და თბილი გოგოა და იმიტომ …

სახლში დატოვეს…

ასე ერთობა მარტოობის ჟამს 🙂

Read Full Post »