მსოფლიოს უკვე კარგა ხანია, ლარსონომანიის ტალღამ გადაუარა. გამონაკლისი არც ევროპული კინემატოგრაფი აღმოჩნდა, არც ჰოლივუდი და აქ რა სახსენებელია, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, არც ქართული ბლოგოსფერო. რომანის “გოგონა დრაკონის ტატუთი” მიმოხილვა უკვე ბევრმა ბლოგერმა დაწერა. ალბათ, მეც სიამოვნებით გავაკეთებდი იმავეს, წიგნი მანამდე რომ მომეგდო ხელში და წამეკითხა, სანამ ჯერ კიდევ მქონდა საამისო დრო. სამწუხაროდ, ამ დანაკლისის ფილმებით შევსება მომიწია.
შვედური ვერსია თავიდანვე მომეწონა და როგორც გადმოცემით მითხრეს, მაქსიმალურად ახლოს დგას წიგნთან. ჰოლივუდურ რიმეიქს აგრეთვე დიდი ინტერესით ველოდი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაკვირვებულმა აღმოვაჩინე, თუ რა დამართეს ნაზ, ქერა რუნი მარას ლისბეთის როლის გამო. შედარებითი მიმოხილვა ჰოლივუდური ვერსიის ნახვისთანავე მოვხაზე გუნებაში, მაგრამ დაწერისგან აქამდე თავს ვიკავებდი, რადგან წიგნი წაკითხული არ მქონდა. თუმცა, გუშინ სხვა ბლოგზე წავაწყდი რაღაც მსგავსს და მეც გადავწყვიტე – რატომაც არა!
ზოგადად, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ ევროპული კინო ბევრად მირჩევნია ჰოლივუდურს; ამასთან, რატომღაც მგონია, რომ როდესაც რომელიმე რეჟისორი თავისი თანამემამულის ნაწარმოებს ჰკიდებს ხელს, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს/უნდა გრძნობდეს და შესაბამისად, ეკრანიზაციაც გაცილებით დახვეწილი და დამუშავებული გამოდის/უნდა იყოს, ვიდრე ჰოლივუდის კომერციაზე ორიენტირებული პროდუქტი. ამის მაგალითია, მაგალითად, ეჟი კავალეროვიჩის “ვიდრე ჰხვალ”, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ვერ შეედრება ჰოლივუდურ ეკრანიზაციას, მაინც გაცილებით მეტად მომწონს. თუმცა, შევეცდები, ობიექტურობა შევინარჩუნო.
“გოგონა დრაკონის ტატუთი” შვედურ ეკრანიზაციაში პირველ რიგში, მსახიობები მომეწონა. მიქაელ ბლუმკვისტი ალბათ, სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო – სრულიად ჩვეულებრივი გარეგნობის ჟურნალისტი, რომლისგანაც სუპერმენურ გამოხტომებს მაყურებელი არც უნდა ელოდეს და თუ მაინც ელოდება, პირველივე შეხედვისთანავე გაუქარწყლდება ეს მცდარი სტერეოტიპი. ლისბეთის პერსონაჟის დამახასიათებელი ნიშანი კი ალბათ სწორედ ის ნეგატიური დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო, როგორიც მის მიმართ აქვს მთელ საზოგადოებას და ალბათ, მაყურებელთა უმრავლესობასაც, ყოველ შემთხვევაში მანამ მაინც, სანამ გავიცნობთ. რაც შეეხება ერიკა ბერგერს, პრაგმატული და გონებამახვილი ქალის როლს ალბათ რობინ რაიტი უფრო შეეფერება, ვიდრე ლენა ენდრე, რომელიც რატომღაც, მზერააცრემლებული, ნაზი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს. რაც შეეხება ნილს ბიურმანს, მე შვედი პიტერ ანდერსონის მიერ განსახიერებული მოძალადე გაცილებით საზიზღარ ნაძირალად მეჩვენა, ვიდრე ფინჩერის ვერსიაში მონაწილე იორიკ ვან ვაგენინგენი, რომელმაც რატომღაც ერთი რიგითი ლუზერი უფრო მომაგონა პირველი შეხედვით.
და ბოლოს, პერსონაჟი, რომელმაც ჩემი დიდი სიმპათიები დაიმსახურა – დრაგან არმანსკი: მიუხედავად იმისა, რომ გორან ვისნიჩი გაცილებით სიმპათიურია, შვედურ ვერსიაში მონაწილე Michalis Koutsogiannakis თითქოს უფრო გამოხატავს იმ მამობრივს მიმსგავსებულ გრძნობებს, რაც არმანსკის აქვს ლისბეთის მიმართ.
ფინჩერისეულ ეკრანიზაციაში, ჩემი ყოვლად სუბიექტური აზრით, თავი დაკისრებულ მისიას ყველაზე კარგად მაინც რუნი მარამ გაართვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სიმპათიები მთლიანად ნუმი რაფასის მხარესაა, ჩემი მხრიდან უსამართლობა იქნება, ახალგაზრდა მსახიობს გაწეული შრომა დავუკარგო. თუმცა, მაინც არ მესმის, ასე სასტიკად რატომ დაამახინჯეს. მხოლოდ ფილმის შუაში მივხვდი, თუ რა აძლევდა მის სახეს ასეთ უსიამოვნო იერს – თეთრი წარბები.
ფინჩერთან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ჩემი აზრით, ყველა ის უპირატესობა, რაც მის ეკრანიზაციას შვედურთან შედარებით აქვს, იმის დამსახურებაა, რომ ნილს არდენ ოპლევს გაცილებით ნაკლები შესაძლებლობები და ფინანსები ჰქონდა, ვიდრე ჰოლივუდელ მაესტროს. ცნობისათვის – შვედური ვერსიის ბიუჯეტი 13 მილიონია, ჰოლივუდურის – 90.
რაც შეეხება სიუჟეტს, ერთადერთი პასაჟი, რომლითაც ფინჩერის ეკრანიზაცია ლარსონის რომანთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე შვედური, მიქაელის ქალიშვილია. სხვა დანარჩენში ჰოლივუდელმა სცენარისტებმა საკმაო იმპროვიზაციის უფლება მისცეს თავს. (ახლა არ მკითხოთ, თუ არ წაგიკითხავს, საიდან იციო. დეტალები გადავამოწმე!).
თუკი რუნი მარას მიერ განსახიერებულ ლისბეთს რაიმე უპირატესობა მართლაც აქვს ნუმი რაფასთან შედარებით, ამას პირწმინდად აქარწყლებს რეჟისორის ნამუშევარი. მეტროში ჩხუბის სცენა შვედურ ვერსიაში გაცილებით უკეთ წარმოაჩენს ლისბეთის ხასიათს, ვიდრე ჰოლივუდურში. რაც შეეხება ძალადობის სცენას, ჩემი აზრით, შვედებს ის გაცილებით სასტიკი გამოუვიდათ. განსაკუთრებით ერთი დეტალი დამამახსოვრდა – ნაძირალა ბიურმანი ფრთხილად კეცავს შარვალს, სანამ მის უკან საწოლზე დაბმული ლისბეთი ბორგავს. რაც შეეხება კალესა და ლისბეთის სცენებს, სასტიკად გამაღიზიანა იმ მომენტმა, როდესაც რუნი მარას უეცრად მინაზებული გმირი კალეს ეუბნება: “ნუ ლაპარაკობ!” და ორივე ხელით აწვენს საწოლზე. ეს უფრო ჰოლივუდური მელოდრამიდან ამოგლეჯილ სცენას ჰგავს და ჩემი აზრით, უაღრესად არალისბეთურია 🙂 .
და ბოლოს, ჩემთვის ყველაზე აღმაშფოთებელი – ფინალი: როდესაც დარეტიანებული მარტინი ბუნკერიდან გარბის, ხოლო თოკიდან ახლახანს ჩამოხსნილი კალე იატაკზე გდია და ლისბეთი ეს-ესაა მარტინს უნდა დაედევნოს, ხდება სრულიად გაუგებარი რამ. სანამ იარაღს დამცველს ხსნის, ლისბეთი ბლუმკვისტს ეკითხება, შეიძლება თუ არა, რომ მოვკლაო, ხოლო ეს უკანასკნელი სრულიად გაუგებარი ჟესტით უქნევს თავს, რომელიც დიდი ალბათობით, შესაძლოა, თანხმობად მივიღოთ. დავიწყოთ იქიდან, რომ როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა, გალეული გოგოს მანიაკის მოსაკლავად გაგზავნა მთლად ჭკვიანური საქციელი არაა; ამასთან, ბლუმკვისტი ნამდვილად არ ტოვებს ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელიც ვინმეს ადამიანის, თუნდაც სერიული მკვლელის მოსაკლავად გაგზავნიდა. შვედურ ვერსიაში ის გაცილებით კანონმორჩილ მოქალაქედ არის წარმოჩენილი, რომელიც საკუთარ თავს ზედმეტის უფლებას არ აძლევს და გამუდმებით პოლიციაში დარეკვას ცდილობს და დარეკავდა კიდეც, ლისბეთის ხუშტურები რომ არა. ეს ეპიზოდი თავადვე წავიკითხე წიგნში და როგორც ველოდი, ბლუმკვისტს სურს, მიმავალ ლისბეთს დაუყვიროს, შეჩერდიო, თუმცა, თოკისგან დაზიანებული ყელის გამო ხმას ვერ იღებს.
აი, შვედებს კი ეს ნამდვილად არ შეშლიათ. მთელი ფილმის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი სწორედ ისაა, როდესაც დაბრუნებული ლისბეთი ბლუმკვისტს ეუბნება, რომ მას შეეძლო მარტინის გადარჩენა, მაგრამ არ დაეხმარა, ამის შემდეგ კი მიქაელს გაერიდება. კალე კი ცოტა ხნის შემდეგ ეუბნება: არ ვიცი, რა შეგემთხვა და რატომ გახდი ასეთი, მაგრამ შენ მე სიკვდილს გადამარჩინე და მიხარია, ჩემს გვერდით რომ ხარო.
ერთი გაღიმება მაშინ გამეღიმა, როცა ფილმის დასაწყისში ტრუსისამარა კრეიგს შევავლე თვალი. ჟურნალისტის პირობაზე ზედმეტად დაკუნთული ხომ არაა-მეთქი, გავიფიქრე. არ ვიცი, ვინ ვერ შეელია კრეიგის სუპერმენურ სტატუსს, მაგრამ ცოტა უადგილოდ კი მეჩვენა; ის სქელჩარჩოიანი სათვალე კი სრულიად უსარგებლო დანამატად გამოიყურება მის სახეზე.
ყველა დეტალის განხილვას ახლა ნამდვილად არ შევუდგები. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფინჩერმა ბევრი რამ შეცვალა რომანიდან, მაგრამ ეს თავისთავად პრობლემა არ არის. თუმცა, ჩემი აზრით, შვედებმა გაცილებით დაბალი ბიუჯეტით უდიდესი საიუველირო სამუშაო ჩაატარეს და უკეთესი თუ არა, უარესი ფილმი ნამდვილად არ გადაუღიათ.
თუმცა, ეს ჯერჯერობით! “გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა” ანუ ტრილოგიის მეორე ნაწილის შვედური ეკრანიზაცია არ არის ისეთი შთამბეჭდავი, როგორიც პირველი. ასე რომ, თუკი მისტერ ფინჩერი გაგრძელებას გადაწყვეტს, კიდევ აქვს შანსი, შვედებს აჯობოს. ჯერჯერობით კი ჩემგან დიდი პლუსი კვლავ ევროპულ კინემატოგრაფს!
არცერთი ვერსია არ მინახავს, მაგრამ შენი პოსტის დახმარებით ორივეს ეპიზოდებმა თვალწინ გადამიარა (ალბათ, შვედურს ვნახავ, კრეიგი სხვა ფილმებშიც მეყოფა : ))
მე რუნი მარას გამო ვარ მარტო აღფრთოვანებული, ის ცვლილებები არ მე მომეწონა რაც ჩაუტარეს … თუმცა ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ… მაგრამ ამშემთხვევაში შეიძLება არაობიექტური ვიყო, იმიტომ რომ შვედური არ მინახავს : )
წიგნი წავიკითხე და მერე ვნახე ჯერ შვედური იმიტომ რომ არ იყო ფინჩერის გამოსული, შვედური მეც მომწონს, ცუდი არაა, მაგრამ წიგნთან მაქსიმალურად ახლოს არც ეგაა, ბევრი რამე აკლია, ფილმს რომ ვუყურე უკმარისობის გრძნობა დამრჩა, როგორც მერე მოვიძიე და გავარკვიე თურმე შვედებმა თავიდან სატელევიზიოდ გადაიღეს ტრიოლოგია, ანუ სატელევიზიო ვერსია უფრო გრძელია, მერე დაჭრეს კინოსთვის, ამიტომ მგონია, რომ რაღაც კადრები მონტაჟს შეეწირა.
პერსონაჟებს რაც შეეხება ლისბეთი რუნი მარასეული გაცილებით მომწონს. დიდ ეკრანზე სანახავად კი ფინჩრისეული ნამდვილად კარგი იყო.
გაგრძელებების გადაღებას არ აპირებს ფინჩერი როგორც ვიცი 🙂
პ.ს. მეორე ნაწილი გამოვიდა ქართულად, წავიკითხავ და გეტყვით როგორია 🙂
ჰო, ბევრი რამ ნამდვილად ამოკლებულია, მაგრამ ეს ფილმისგან ზოგადად, მოსალოდნელიც კია. ფინჩერს აუცილებლად უნდა გამოსვლოდა უკეთესი ფილმი, სხვანაირად არც შეიძლებოდა იმ შესაძლებლობებით, რაც მას ჰქონდა, მაგრამ ჩემს აზრზე ვარ მაინც 🙂 ფინანსებში არცთუ უმნიშვნელოა სხვაობა, ხოლო უპირატესობა ბევრ რამეში მაინც შვედურს მივანიჭე პირადად მე 🙂
მე ისე ვატყობ, სამივე ნაწილის გამოსვლას დაველოდები და ყველას ერთად წავიკითხავ 🙂
მაგითია საინტერესო ეს ცხოვრება ყველას ჩვენი და განსხვავებული აზრი რომ გვაქვს 🙂
არც ერთი მინახავს, არც მეორე.
არც ვაპირებ. 🙂
ერთი ვნახე და ისიც ნაწილობრივ, არც წიგნის წაკითხვას ვაპირებ, არ მეორე ფილმის ნახვას, ისიც მეყოფა მთელმა ბლოგოსფერომ რომ ტვინი წაიღო მაშინ კონკურსზე 🙂
უფასო კუბოს პრინციპი მოქმედებს, სოფი.
ჰოდა, რისი თქმა მინდოდა კიდევ. ევროპული კინო, ჩემი მოკრძალებული აზრით, ამერიკულ-ჰოლივუდურზე ბევრად დახვეწილია, უფრო ექსკლუზიური, არაკონვეირული, “შტუჩნი”, როგორც რუსები იტყვიან ხოლმე. (ახლა ნათლიას და გუგულის ბუდეს ნუ გამახსენებთ, ზოგად ტენდენციაზე ვამბობ მე) დარწმუნებული ვარ, შვედური “ტატუც” ასეთი იქნება.
კინოკრიტიკოსი არ ვარ და დიდი შანსია, ვცდებოდე, მაგრამ ფინჩერის ტატუც მომეწონა, არც კრეიგის სუპერმენულ წარსულს შევუწუხებივარ დიდად და რუნი მარა ხომ საერთოდ, ზუსტად ის სალანდერია, წიგნიდან რომ ვიცნობდი.
შვედური ვერსია არ მინახავს, თუმცა, არც ვცდილობ, ერთი მეორეს შევადარო. უკეთესია-უარესიას გარეშეც მშვენივრად გრძნობს ორივე თავს და მეც მშვიდად ვარ.
ტატუს მეორე ნაწილი შინ მიდევს უკვე. დიუმას გადაკითხვას მოვრჩები ამ დღეებში და მივხედავ.
ერიკა ბერგერი ამერიკული სჯობს
მეც მაგას ვამბობ 😉
გარეგნობით 0))
ჯერ მეც არცერთი მინახამს და ველი შესაფერის მომენტს.
კარგი მიმოხილვაა 😉
საინტერესო იყო 🙂 პრატჩეტს დავასრულებ თუ არა, ტრილოგიასაც მივხედავ და დასაწყისისთვის ფინჩერის ეკრანიზაციასაც მივაყოლებ…
შვედური არ მინახავს, ამერიკული ვერსია ნამდვილად მომეწონა, კრეიგის ტიპაჟიც არ მეჩვენა ყალბი. “მილენიუმის” მეორე წიგნი ახლახას დავიწყე და, ჯერჯერობიტ, პირველზე მეტად მომწონს, მერე ვნახოთ…
მერე გკითხავ რაღაცას, მაშინ, ახლა არა, თორემ გამომივა, რომ წინასწარ გეუბნები 🙂
ახლა მკითხე 🙂
დაგასპოილებ 🙂
მოკლედ, დამარხული ლისბეთი მართლა თუ ამოფორთხდება საფლავიდან და თუ კი, როგორაა ეგ ახსნილი წიგნში? 🙂
უი, ჯერ არ მივსულვარ მაგ ეპიზოდთან 🙂
მადლობა წინა კომენტარისთვის 🙂 დავმალე 🙂
ისე, ქალი რომ ვიყო ან გეი რომ ვიყო – ქრეიგის ყურება ეკრანზე უფრო მესიამოვნებოდა, ვიდრე ვინმე ჩასუქებული მსახიობის – არადა, კალე წიგნში ასეთია. გამომდინარე იქედან რომ სპორტს არ მისდევს აშკარად და იმ ასაკშიც არაა, როცა ბუნებრივად ხარ რარაც ფორმაში – ეგეთი უნდა იყოს. 🙂
ახლა სალანდერის როლში რომ იყოს მილა ან სულაც ჯეი ლო 🙂 მე დამევასებოდა ეგეთი პონტი 🙂 მიუხედავად იმისა, რომ არც ასაკით შეეფერება და არც გარეგნობით.
კალეს როლში არ დამევასებოდა და ისე… რაღა დაგიმალო და არც ისე მხიბლავს დაკუნთული, მიბნედილმზერიანი ტიპები :):)
:100DannyDeVito:
ეგ მის ცოლს უთხარი 🙂 🙂 🙂
რეიჩელ ვაისს?
არ ყავს ურიგო ცოლი 🙂
აი ასეთი იქნებოდა ნამდვილი ბლუმკვისტი

(სულ მარჯვნივ – ქუდსა და სათველლებში)
მოკლედ ვიტყვი ჩემს სათქმელს თუ ვინმეს აინტერესებს ჩემი აზრი)))
ფინჩერისგან უფრო სახასიათო პერსონაჟებს ველოდი მაგრამ იმედი გამიცრუა, შვედური ბევრად სჯობს ჰოლივუდურს და აბსოლიტურად გეთანხმები შენ ჩემო თამარა კრიტიკაში.
ვაჰ 🙂 ძალიან სასიამოვნოა, ფრიად 🙂
თამარა, დავამთავრე მეორე ტატუ და ეგ ეპიზოდიც წავიკითხე.
მადლობა ინფორმაციისთვის, მერი 🙂
მესამეს არ გამოვცემო, სულაკაურმა?
რა გითხრა, ალბათ, გამოსცემს. იმ ეპიზოდს რაც შეეხება, ძალიან ჩვეულებრივადარის ახსნილი – დაჭრილი სალანდერი, უბრალოდ, მიწას გათხრის და ამოფორთხდება.
ჩემი ღრმა სუბიექტური მოსაზრებით: შვედური ჯობია
[…] თამარას დინამიტი – “ორი ტატუ” […]