სამიოდე კვირის წინ ერთ იურიდიულ ფირმაში მე და ჩემი რამდენიმე ჯგუფელი ვიყავით რაღაც შეხვედრაზე. ოთახში, რომელშიც დაგვსვეს, კედელზე სამი სრულიად ჩვეულებრივი ფოტოპორტრეტი ეკიდა, ოღონდ თავდაყირა. შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჩვენი გაკვირვებულ-ღიმილიანი რეაქციის საპასუხოდ ოდნავი საყვედურით გვითხრა: “This is art, guys!”
არტის რა მოგახსენოთ და ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას ნამდვილად გამოხატავს ის პორტრეტები – რამდენიმე დღეა, იძულებული ვარ, ხელში ჩაბღუჯული ხელსახოცით ვიარო და როგორც კი ცხვირში ვერაგ სისველეს ვიგრძნობ, თავი მაქსიმალურად გადავაგდო უკან. პრინციპში, იმ პორტრეტებზე გამოსახულ სიმპათიურ ახალგაზრდა ქალებზე მეტად ალბათ ქათამს ვგავარ წყლის დალევის პროცესში.
საქმე იმაში გახლავთ, რომ მეოთხე თუ მეხუთე დღეა, რაც ცხვირის კაპილარები მღალატობს. ამას წინათ კი მარცხენა ხელი დამიბუჟდა ორი დღით და სერიოზულად შევშფოთდი, ჩემი გულისკენ მიმავალ გზებზე რამდენს წაუტეხია კისერი და რაღა თრომბმა უნდა დამცეს ბეჭებზე-მეთქი; უძილობა უკვე ყოვლად ბანალური რამაა ჩემნაირი ძილისგუდისთვისაც კი… განწყობა ჰოლანდიური ამინდივით მაქვს – ნულის ბეეევრად ქვემოთ, ნულის ბეეევრად ზემოთ; და ასე დღეში რამდენჯერმე…
ჰოდა, ექიმთან ვიზიტები ზოგადად ჭირის დღესავით მძულს, მაგრამ ორიოდე დღის წინ ვიფიქრე, რამე აზრიანმა მაინც მომკლას-მეთქი და ახლომდებარე კლინიკას მივაშურე. გამიზომეს წნევა (მაღალი მქონდა), წამოვიღე რაღაც უსახელო აბები და რეკომენდაციები, რომელთაგან ნახევარი ვერც იქ გავიგე და ფურცელზე დაწერილის ნახევრის გაშიფვრას ახლაც უიმედოდ ვცდილობ. თუმცა, პატ. ექიმს თუ მედდას ძალიან სერიოზული და შთაგონებული სახით ვუსმენდი, თითქოს მე თვითონ არ ვიცოდი, რომ: შეიძლება გადაღლილი ვიყო, წესიერად კვება და ძილია აუცილებელი, კომპიუტერთან დიდხანს მუშაობაც მავნეა (სასაცილოა უკვე, მაინც როგორ შეიძლება, რომ კომპიუტერთან დიდხანს არ იმუშაო?). მერე დააზუსტა, რომ თურმე ინთერნეშენალ სტუდენტი ვყოფილვარ და გაგებით გააქნია თავი, ყველაფერი ხდება, შეიძლება დეპრესია გქონდეთო, მსუბუქი ფორმით მაინცო. დავიღვარე მადლობებად და სახლში წამოვედი.
დეპრრრრესია და ის კიდევ… სიტყვაც კი მაღიზიანებს, ვითომ მელანქოლიკი უსაქმურების დაავადებად გადააქციეს ეს მართლაც სერიოზული რამე. ისე, გამორიცხული სულ არაა, უმიზეზო ცრემლები და უძილობა ან არაჯანსაღად ხანგრძლივი ძილი სიმპტომებიაო, ასე მითხრა ერთმა. ფუი, ეგ ტიპი მაინც რამ გამახსენა ახლა…
მოკლედ, მგონი, ქანჩები მომეშვა და მოვყანყალდი!
ძილი – ძილს არ ვიცი, რა ვუშველო… კომპიუტერის გამორთვა, ლოგინში ჩაწოლა და თვალების დახუჭვაც კი ვცადე, მაგრამ გაგიგონიათ? სიჩუმეში ათასი აზრი მომაწვება და როგორც წესი, ნეგატიურ ტალღაზე გადავერთვები ხოლმე. იძულებული ვარ, ავდგე, ლეპტოპი ავიღო და ლოგინთან მოვიდგა. ადგომისას აღმოვაჩენ, რომ თურმე იმდენი მიწრიალია, რომ ლოგინზე განივად ვწევარ. ისღა დამრჩენია, რაიმე ჩავრთო და ამის ფონზე როდის-როდის ჩამეძინება. ისე, ქართული ფილმები მშველის ხოლმე, რაღაცნაირად მამშვიდებს…
კვება – გარდა იმისა, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის მზადება ჭირივით მეზარება, საქმეს ისიც ართულებს, რომ სამზარეულოს მეზობლებთან ვიყოფ. სამართლიანობა მოითხოვს, ვაღიაროთ, რომ პან ადამი უაღრესად წესიერი ყმაწვილია – რასაც მოიმზადებს, წამსვე ალაგებს. შაბათობით კი გენერალური დალაგება აქვს – საუზმის მერე მტვერსასრუტს ააზუზუნებს და სამზარეულოსაც მიაკრიალებს ხოლმე. რა ვქნა, შაბათობით საქმე არაფერი მაქვს და ტყუილად ხომ არ ვიჯდებიო, ასე მითხრა ერთხელ. სულ ქართველივით იქცევა…
რაც შეეხება პანა ნატალიას, რამდენადაც სასიამოვნო და სიმპათიური ახალგაზრდა პანაა, მით მეტად აღმაშფოთებელი ჩვევა აქვს – მეორე დღისთვის შემოინახოს გასარეცხი ჭურჭელი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბევრი დაუგროვდება. არადა, რა საყვარლები არიან, ერთად რომ ამზადებენ ხოლმე, უნდა ნახოთ! პერიოდულად კართან მოყარაულე ენაგადმოგდებულ ბიანკას ეხუმრებიან… სრული იდილია აქვთ, მოკლედ! ჰოდა, ვერც ვბრაზდები, რა ვქნა, ისემც უქნიათ, სულ ნუ გარეცხავენ იმ ჭურჭელს, მაინც საშინლად მეზარება მომზადება…
კომპიუტერი – რანაირად მოვერიდო, აბა, რანაირად? ვმეცადინეობ – კომპიუტერთან, ვერთობი – კომპიუტერთან, ფილმს ვუყურებ – კომპიუტერში, მუსიკას ვუსმენ – კომპიუტერში, ვურთიერთობ – კომპიუტერით, ინფორმაციას ვღებულობ – კომპიუტერით…
ინთერნეშენალ სტუდენტი – არ მოვისაწყლებ თავს ახლა და არ ვიტყვი, დავიტანჯე, სახლში მინდა-მეთქი… სახლში მინდა, როგორ არა, მაგრამ აქაურობა ძალიან მომწონს. ისე, ცოტა მარტოსული კი ვარ. საკუთარი თავი გამოვიჭირე იმაში, რომ ვერბალურ კონტაქტებზე მეტად უფრო ვირტუალურს მივეჩვიე და ეს არცთუ კარგია, ჩვენში რომ დარჩეს. თუმცა, ობიექტური გარემოებების გამო უფროა ეგ! ფაქტი ისაა, რომ რაც აქ ვარ, ქართულ მუსიკას და ფილმებს მივეძალე, ამდენი ერთად მგონი, მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მინახავს… ასე რომ, რაღაც მაინც მაწუხებს შიგნიდან ალბათ, შეუმჩნევლად, მაგრამ მაწუხებს…
აჰა, სანამ ვწერ, ცხვირმა ისევ განგაში ამიტეხა! წავალ, პირს დავიბან და მერე ისევ ყირამალა…
თავს გაუფრთხილდი.
ხელში აიყვანე შენი თავი, მე მაგალითად ჭამაზე მქონდა პრობლემა, მაგრამ ახლა ნელ–ნელა წესრიგში ჩადგა.,.. ეგ კიარა, ფსიქოლოგთანაც ვიყავი სეანსებზე, არ ვმალავ :დ
არ მიყვარს ფსიქოლოგები 🙂
სწორი გადაწყვეტილებაცაა. 🙂 ჩვენზე უკეთ ვინ იცის რა გვჭირდება და რა გვაწუხებს.. წარმატებები,ყველაფრის ისევ სწორად დალაგებაში.
ეჰ, თამარ, მეც მასე ვფიქრობდი და მერე მივხვდი რომ ზოგჯერ აუცილებელია ფსიქოლოგი, რომელიც იმ მომენტში გვეხმარება… ახლა არ დავდივარ, მიმახვედრა როგორ უნდა გავაგრძელო ჩემით მკურნალობა :დ :დ
ნელა წავიკითხე, მელოდიის ფონზე. შენი მელოდიის… ძველებურად არაჩვეულებრივად წერ, მე კი მწყინს, რომ არ შემიძლია, რამე ვქნა. რისი თქმაც შემიძლია, ყველა ჩემზე უკეთ იცი. შენთან ვარ ❤
მე მგონი მაგას ჰომთაუნიდან წასული სტუდენტის სინდრომი ქვია
შენსავით შორს არ ვარ, მაგრამ სანამ პანი და პანა არ გამოჩნდნენ, მეგონა ჩემს ამბებს ვკითხულობდი 🙂 გეტყვი აგერ მე რა მეხმარება: რამე სახალისო მულტ ან ისე სერიალი გადმოწერე, მაგალითად სიმპსონები და ფუტურამა – გადასარევი საშუალებაა უძილობისას(თუ არ დაგაძინებს სისულელეებზე მაინც არ გაფიქრებს), ხოდა დღის განმავლობაში უსმინე რაც შეიძლება ენერგიულ და რაღაც დოზით აგრესიულ მუსიკას, “ტასკა” ვეშები სამუდამოდ გადააშენე ფლეილისტიდან 🙂
ბევრი ჭამე, ბევრი იძინე, იუსაქმურე, ჰაერზე ისეირნე… მოკლედ, თავი გაინებივრე და მეტი არც არაფერი გინდა – მაშინვე უკეთ გახდები.
ჰო, ვიცი, რომ სათქმელად იოლია და საქმე იმდენი გაქვს, რომ ამეებისთვის არ გცალია, მაგრამ მაინც 😦 თავს მიხედე, თორემ ძეგლი არაფერში გამოგადგება. ეგ შენი დიპლომი, ცოდნა და სხვა სიკეთეები ცოცხალს და ჯანმრთელს გჭირდება.
ერთი, სიტყვით, აბა შენ იცი!
მადლობა, მეგობრებო!
ჰო, ვცდილობ, არ ავყვე, განწყობას მშვენივრად ვუმკლავდები, სანამ ფიზიკურადაც არ გამიჭირდა 🙂 ჩავიყრი ახლა იმ წამლებს და რამეს მიშველის, აბა რას იზამს… არაფერი მომივა, მანდ ვარ მე დასაბრუნებელი და კიდევ ბევრი საქმე მაქვს 😉
როგორ მეცნობა ეგ ყველაფერი 🙂 ხელების დაბუჟებაც გადაღლილობამ და კომპთან ჯდომისას ხერხემლის არასწორმა პოზამ იცის, ტვინიც გვიბუჟდება კომპისგან 🙂
რჩევა როგორ გაკადრო, მაგრამ მაინც გირჩევდი, მუსიკას სუფთა ჰაერზე უსმინო, ბუნებაში, ივარჯიშე – ირბინე ხოლმე ცოტა, ან იცეკვე – აერობიკასავით გამოგივა, ან რამე ითამაშე სპორტული…
რეჟიმი გჭირდება, ერთი და იგივე დროს დაძინება და გაღვიძება, ერთი და იგივე დროს ჭამა – ძალიან დაგეხმარება.
ახლა მთავარი რჩევა 🙂 ეს ყველაფერი შენც მშვენივრად იცი ალბათ, მაგრამ შეიძლება გეზარება, ან იწყებ და გბეზრდება მერე, ასე რომ არ მოხდეს განწყობაა საჭირო – დაფიქრდი, როგორც არ უნდა დაგეზაროს გაწელილი ვარჯიში მაგალითად, ხომ გავა დრო და ხომ შეეჩვევი, ოდესმე ხომ შეიცვლება არა? ჰოდა გადაახტი დროს და იმაზე იფიქრე რაც “ამ ყველაფრის” მერე მოხდება, ყველაფერს ეჩვევა ადამიანი, სულ ცოტა მოთმინებაა საჭირო 🙂
თუ რამე გასაგები და გამოსადეგი ვთქვი გამიხარდება, თუ არა…. იდუ კ ჩორტუ 🙂
მთავარია ხელში აიყვანო ნერვები, რაც არაა მარტივი ვიცი, ხოდა უნდა იკვებო წესიერად, შოკოლადი კარგია, მაგრამ საჭმელიც საჭიროა ორგანიზმისათვის. კომპიუტერი კიდევ აბა რას იზამ მართლა ხო არ გამორთავ, თმცა თავს ძალა დაატანე და რამე სხვაზე გადაიტანე ყურადღება. ყველაფერი იქნება ძაან კარგად აი ნახავ! სუფთა ჰაერზე სეირნობაა კიდევ კარგი, თუ ძალიან არ ცივა გარეთ 🙂 ❤
კ ჩორტუ რა გინდა, სოფი 🙂
ვიცი ეგ ყველაფერი და ვაკეთებ კიდეც. ისე კი არ წარმოიდგინო, რომ მთელი დღე მუდოსავით ვზივარ და საკუთარ სიმპტომებს ვაყურადებ ვარჯიშს ვეღარ დავამატებ, იმიტომ, რომ ველოსიპედით ისედაც ბევრი სიარული მიწევს, რეჟიმს რაც შეეხება, ვცდილობ
ხელის დაბუჟება კიდევ პროთრომბინმაც იცის და მაგის შემეშინდა ზუსტად, იმიტომ რომ ორი დღე გადაბმულად მქონდა დაბუჟებული, თან ნეკიდან დაიწყო და ნელ-ნელა ავიდა მხრამდე, ამიტომაც შევშფოთდი.. მივხედავ მაგასაც
რჩევისთვის მადლობა!
@თეო,
ჰო, ვიცი, ნერვებს მოვერეოდი, მაგრამ ფიზიკურადაც მოვსუსტდი ცოტა 🙂 მოკლედ, მივხედავ თავს, მივხედავ 🙂
ბევრი სითხე და ბევრი ჰოლანდიური ჟანგბადი,საღამოობით დაღლამდე ისეირნე და ნახავ რა გემრიელად ჩაგეძინება,რა დროს ნოსტალგიაა მერე აქედან მაქაურობა გაგახსენდება და რაღაცეებზე დაგწყდება გული.
ჰო, მაგას წინასწარ ვეგუები უკვე, რომ აქაურობა მომენატრება 🙂
მე არ მიყვარს რჩევების მიცემა, მით უმეტეს, რომ თვითონ უკეთ იცი, რა გირჩევნია და რა არა. თითქოს სევდიანი იყო პოსტი, მაგრამ ისეთი სითბო მოიტანა ჩემამდე, რომ რა გითხრა… ისე კომპისთვის თავის განებებას, ვიტამინებს და ძილის წამალს ვარჩევდი მე 🙂
სითბო თუ მოიტანა, მაგას რა სჯობს, კატერინა 🙂 თითქოს ვერიდები ხოლმე პირად პოსტებს, მაგრამ ხანდახან ამოფერთხვა მინდა და მეწერინება მაინც… ვიტამინები მოვიმარაგე უკვე და ძილის წამალი ვნახოთ, შეიძლება ეგეც მივაშველო 🙂
აქ ყველამ რღცა გირჩია მე კიდევ გავიპარე ჩუმად, რისი მრჩეველი მე ვარ? 🙂
მიხარია, რომ არ დაიზარე და წაიკითხე 🙂 ახლა კიდევ წადი და დაიძინე, თორემ ჩემს დღეში ჩავარდები 🙂
ყველაფერი გირჩიეს უკვე, ისღა დამრჩენია გისურვო ჩვეული ენერგია დაგიბრუნდეს! : )
წიგნი გამახსენდა ერთი, აბვშვობის, ასეთი სათაური აქვს. ოღონდ არ მახსოვს ავტორი.
მსუბუქი დამამშვიდებელი დალიე ხოლმე და ძილი რომ მოგიწესრიგდება, მერე ნელ-ნელა გადააგდე :დ
დონალდ ბისეტის ზღაპრების კრებულს ჰქვია ეგრე 🙂 აი, იმ ბისეტის, მოლის, ლორდს და კიდევ ბევრს რომ უყვარს და მე არა 🙂
მეც მიყვარდა, მაგრამ საუკუნეა, არ მომხვედრია ხელთ :დ
(ხანდახან რა ბებერი მგონია თავი, ამდენ რამეს წარსულში რომ ვამბობ)
და მე რომ მიყვარს.ფაიფურის ფინია ანგელოზდ იქცა))))
რილექს.
როგორ – გაიკითხე მაქაურებში. @)
ტი სტალ პრედსკაზუემიმ 🙂 ეტო პლოხო 🙂
ნა ვოსემ ბედ – ოდინ ოტვეტ.
ანალიზები უნდა გაიკეთო, ჩემი აზრით. მეც შენსავით ვაკვდები კომპიუტერს და ჩემი დზილისგუდობაც ვერ მშველის, რომ ღამის 5 საათამდე ფეისბუქზე არ ვიჯდე. აბა შენ იცი, თავს მოუარე.
მადლობა, მარი 🙂
ახლა უკეთ ვარ, აშკარად გადაღლილობის ბრალი იყო, რაც იყო…