Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for თებერვალი, 2012

მსოფლიოს უკვე კარგა ხანია, ლარსონომანიის ტალღამ გადაუარა. გამონაკლისი არც ევროპული კინემატოგრაფი აღმოჩნდა, არც ჰოლივუდი და აქ რა სახსენებელია, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, არც ქართული ბლოგოსფერო. რომანის “გოგონა დრაკონის ტატუთი” მიმოხილვა უკვე ბევრმა ბლოგერმა დაწერა. ალბათ, მეც სიამოვნებით გავაკეთებდი იმავეს, წიგნი მანამდე რომ მომეგდო ხელში და წამეკითხა, სანამ ჯერ კიდევ მქონდა საამისო დრო. სამწუხაროდ, ამ დანაკლისის ფილმებით შევსება მომიწია.

შვედური ვერსია თავიდანვე მომეწონა და როგორც გადმოცემით მითხრეს, მაქსიმალურად ახლოს დგას წიგნთან. ჰოლივუდურ რიმეიქს აგრეთვე დიდი ინტერესით ველოდი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაკვირვებულმა აღმოვაჩინე, თუ რა დამართეს ნაზ, ქერა რუნი მარას ლისბეთის როლის გამო. შედარებითი მიმოხილვა ჰოლივუდური ვერსიის ნახვისთანავე მოვხაზე გუნებაში, მაგრამ დაწერისგან აქამდე თავს ვიკავებდი, რადგან წიგნი წაკითხული არ მქონდა. თუმცა, გუშინ სხვა ბლოგზე წავაწყდი რაღაც მსგავსს და მეც გადავწყვიტე – რატომაც არა!

ზოგადად, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ ევროპული კინო ბევრად მირჩევნია ჰოლივუდურს; ამასთან, რატომღაც მგონია, რომ როდესაც რომელიმე რეჟისორი თავისი თანამემამულის ნაწარმოებს ჰკიდებს ხელს, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს/უნდა გრძნობდეს და შესაბამისად, ეკრანიზაციაც გაცილებით დახვეწილი და დამუშავებული გამოდის/უნდა იყოს, ვიდრე ჰოლივუდის კომერციაზე ორიენტირებული პროდუქტი. ამის მაგალითია, მაგალითად, ეჟი კავალეროვიჩის “ვიდრე ჰხვალ”, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ვერ შეედრება ჰოლივუდურ ეკრანიზაციას, მაინც გაცილებით მეტად მომწონს. თუმცა, შევეცდები, ობიექტურობა შევინარჩუნო.

“გოგონა დრაკონის ტატუთი” შვედურ ეკრანიზაციაში პირველ რიგში, მსახიობები მომეწონა. მიქაელ ბლუმკვისტი ალბათ, სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო – სრულიად ჩვეულებრივი გარეგნობის ჟურნალისტი, რომლისგანაც სუპერმენურ გამოხტომებს მაყურებელი არც უნდა ელოდეს და თუ მაინც ელოდება, პირველივე შეხედვისთანავე გაუქარწყლდება ეს მცდარი სტერეოტიპი. ლისბეთის პერსონაჟის დამახასიათებელი ნიშანი კი ალბათ სწორედ ის ნეგატიური დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო, როგორიც მის მიმართ აქვს მთელ საზოგადოებას და ალბათ, მაყურებელთა უმრავლესობასაც, ყოველ შემთხვევაში მანამ მაინც, სანამ გავიცნობთ. რაც შეეხება ერიკა ბერგერს, პრაგმატული და გონებამახვილი ქალის როლს ალბათ რობინ რაიტი უფრო შეეფერება, ვიდრე ლენა ენდრე, რომელიც რატომღაც, მზერააცრემლებული, ნაზი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს. რაც შეეხება ნილს ბიურმანს, მე შვედი პიტერ ანდერსონის მიერ განსახიერებული მოძალადე გაცილებით საზიზღარ ნაძირალად მეჩვენა, ვიდრე ფინჩერის ვერსიაში მონაწილე იორიკ ვან ვაგენინგენი, რომელმაც რატომღაც ერთი რიგითი ლუზერი უფრო მომაგონა პირველი შეხედვით.
და ბოლოს, პერსონაჟი, რომელმაც ჩემი დიდი სიმპათიები დაიმსახურა – დრაგან არმანსკი: მიუხედავად იმისა, რომ გორან ვისნიჩი გაცილებით სიმპათიურია, შვედურ ვერსიაში მონაწილე Michalis Koutsogiannakis თითქოს უფრო გამოხატავს იმ მამობრივს მიმსგავსებულ გრძნობებს, რაც არმანსკის აქვს ლისბეთის მიმართ.

ფინჩერისეულ ეკრანიზაციაში, ჩემი ყოვლად სუბიექტური აზრით, თავი დაკისრებულ მისიას ყველაზე კარგად მაინც რუნი მარამ გაართვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სიმპათიები მთლიანად ნუმი რაფასის მხარესაა, ჩემი მხრიდან უსამართლობა იქნება, ახალგაზრდა მსახიობს გაწეული შრომა დავუკარგო. თუმცა, მაინც არ მესმის, ასე სასტიკად რატომ დაამახინჯეს. მხოლოდ ფილმის შუაში მივხვდი, თუ რა აძლევდა მის სახეს ასეთ უსიამოვნო იერს – თეთრი წარბები.

ფინჩერთან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ჩემი აზრით, ყველა ის უპირატესობა, რაც მის ეკრანიზაციას შვედურთან შედარებით აქვს, იმის დამსახურებაა, რომ ნილს არდენ ოპლევს გაცილებით ნაკლები შესაძლებლობები და ფინანსები ჰქონდა, ვიდრე ჰოლივუდელ მაესტროს. ცნობისათვის – შვედური ვერსიის ბიუჯეტი 13 მილიონია, ჰოლივუდურის – 90.

რაც შეეხება სიუჟეტს, ერთადერთი პასაჟი, რომლითაც ფინჩერის ეკრანიზაცია ლარსონის რომანთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე შვედური, მიქაელის ქალიშვილია. სხვა დანარჩენში ჰოლივუდელმა სცენარისტებმა საკმაო იმპროვიზაციის უფლება მისცეს თავს. (ახლა არ მკითხოთ, თუ არ წაგიკითხავს, საიდან იციო. დეტალები გადავამოწმე!).


თუკი რუნი მარას მიერ განსახიერებულ ლისბეთს რაიმე უპირატესობა მართლაც აქვს ნუმი რაფასთან შედარებით, ამას პირწმინდად აქარწყლებს რეჟისორის ნამუშევარი. მეტროში ჩხუბის სცენა შვედურ ვერსიაში გაცილებით უკეთ წარმოაჩენს ლისბეთის ხასიათს, ვიდრე ჰოლივუდურში. რაც შეეხება ძალადობის სცენას, ჩემი აზრით, შვედებს ის გაცილებით სასტიკი გამოუვიდათ. განსაკუთრებით ერთი დეტალი დამამახსოვრდა – ნაძირალა ბიურმანი ფრთხილად კეცავს შარვალს, სანამ მის უკან საწოლზე დაბმული ლისბეთი ბორგავს. რაც შეეხება კალესა და ლისბეთის სცენებს, სასტიკად გამაღიზიანა იმ მომენტმა, როდესაც რუნი მარას უეცრად მინაზებული გმირი კალეს ეუბნება: “ნუ ლაპარაკობ!” და ორივე ხელით აწვენს საწოლზე. ეს უფრო ჰოლივუდური მელოდრამიდან ამოგლეჯილ სცენას ჰგავს და ჩემი აზრით, უაღრესად არალისბეთურია 🙂 .

და ბოლოს, ჩემთვის ყველაზე აღმაშფოთებელი – ფინალი: როდესაც დარეტიანებული მარტინი ბუნკერიდან გარბის, ხოლო თოკიდან ახლახანს ჩამოხსნილი კალე იატაკზე გდია და ლისბეთი ეს-ესაა მარტინს უნდა დაედევნოს, ხდება სრულიად გაუგებარი რამ. სანამ იარაღს დამცველს ხსნის, ლისბეთი ბლუმკვისტს ეკითხება, შეიძლება თუ არა, რომ მოვკლაო, ხოლო ეს უკანასკნელი სრულიად გაუგებარი ჟესტით უქნევს თავს, რომელიც დიდი ალბათობით, შესაძლოა, თანხმობად მივიღოთ. დავიწყოთ იქიდან, რომ როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა, გალეული გოგოს მანიაკის მოსაკლავად გაგზავნა მთლად ჭკვიანური საქციელი არაა; ამასთან, ბლუმკვისტი ნამდვილად არ ტოვებს ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელიც ვინმეს ადამიანის, თუნდაც სერიული მკვლელის მოსაკლავად გაგზავნიდა. შვედურ ვერსიაში ის გაცილებით კანონმორჩილ მოქალაქედ არის წარმოჩენილი, რომელიც საკუთარ თავს ზედმეტის უფლებას არ აძლევს და გამუდმებით პოლიციაში დარეკვას ცდილობს და დარეკავდა კიდეც, ლისბეთის ხუშტურები რომ არა. ეს ეპიზოდი თავადვე წავიკითხე წიგნში და როგორც ველოდი, ბლუმკვისტს სურს, მიმავალ ლისბეთს დაუყვიროს, შეჩერდიო, თუმცა, თოკისგან დაზიანებული ყელის გამო ხმას ვერ იღებს.

აი, შვედებს კი ეს ნამდვილად არ შეშლიათ. მთელი ფილმის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი სწორედ ისაა, როდესაც დაბრუნებული ლისბეთი ბლუმკვისტს ეუბნება, რომ მას შეეძლო მარტინის გადარჩენა, მაგრამ არ დაეხმარა, ამის შემდეგ კი მიქაელს გაერიდება. კალე კი ცოტა ხნის შემდეგ ეუბნება: არ ვიცი, რა შეგემთხვა და რატომ გახდი ასეთი, მაგრამ შენ მე სიკვდილს გადამარჩინე და მიხარია, ჩემს გვერდით რომ ხარო.

ერთი გაღიმება მაშინ გამეღიმა, როცა ფილმის დასაწყისში ტრუსისამარა კრეიგს შევავლე თვალი. ჟურნალისტის პირობაზე ზედმეტად დაკუნთული ხომ არაა-მეთქი, გავიფიქრე. არ ვიცი, ვინ ვერ შეელია კრეიგის სუპერმენურ სტატუსს, მაგრამ ცოტა უადგილოდ კი მეჩვენა; ის სქელჩარჩოიანი სათვალე კი სრულიად უსარგებლო დანამატად გამოიყურება მის სახეზე.

ყველა დეტალის განხილვას ახლა ნამდვილად არ შევუდგები. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფინჩერმა ბევრი რამ შეცვალა რომანიდან, მაგრამ ეს თავისთავად პრობლემა არ არის. თუმცა, ჩემი აზრით, შვედებმა გაცილებით დაბალი ბიუჯეტით უდიდესი საიუველირო სამუშაო ჩაატარეს და უკეთესი თუ არა, უარესი ფილმი ნამდვილად არ გადაუღიათ.

თუმცა, ეს ჯერჯერობით! “გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა” ანუ ტრილოგიის მეორე ნაწილის შვედური ეკრანიზაცია არ არის ისეთი შთამბეჭდავი, როგორიც პირველი. ასე რომ, თუკი მისტერ ფინჩერი გაგრძელებას გადაწყვეტს, კიდევ აქვს შანსი, შვედებს აჯობოს. ჯერჯერობით კი ჩემგან დიდი პლუსი კვლავ ევროპულ კინემატოგრაფს!

Read Full Post »

სამიოდე კვირის წინ ერთ იურიდიულ ფირმაში მე და ჩემი რამდენიმე ჯგუფელი ვიყავით რაღაც შეხვედრაზე. ოთახში, რომელშიც დაგვსვეს, კედელზე სამი სრულიად ჩვეულებრივი ფოტოპორტრეტი ეკიდა, ოღონდ თავდაყირა. შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჩვენი გაკვირვებულ-ღიმილიანი რეაქციის საპასუხოდ ოდნავი საყვედურით გვითხრა: “This is art, guys!”

არტის რა მოგახსენოთ და ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას ნამდვილად გამოხატავს ის პორტრეტები – რამდენიმე დღეა, იძულებული ვარ, ხელში ჩაბღუჯული ხელსახოცით ვიარო და როგორც კი ცხვირში ვერაგ სისველეს ვიგრძნობ, თავი მაქსიმალურად გადავაგდო უკან. პრინციპში, იმ პორტრეტებზე გამოსახულ სიმპათიურ ახალგაზრდა ქალებზე მეტად ალბათ ქათამს ვგავარ წყლის დალევის პროცესში.
საქმე იმაში გახლავთ, რომ მეოთხე თუ მეხუთე დღეა, რაც ცხვირის კაპილარები მღალატობს. ამას წინათ კი მარცხენა ხელი დამიბუჟდა ორი დღით და სერიოზულად შევშფოთდი, ჩემი გულისკენ მიმავალ გზებზე რამდენს წაუტეხია კისერი და რაღა თრომბმა უნდა დამცეს ბეჭებზე-მეთქი; უძილობა უკვე ყოვლად ბანალური რამაა ჩემნაირი ძილისგუდისთვისაც კი… განწყობა ჰოლანდიური ამინდივით მაქვს – ნულის ბეეევრად ქვემოთ, ნულის ბეეევრად ზემოთ; და ასე დღეში რამდენჯერმე…

ჰოდა, ექიმთან ვიზიტები ზოგადად ჭირის დღესავით მძულს, მაგრამ ორიოდე დღის წინ ვიფიქრე, რამე აზრიანმა მაინც მომკლას-მეთქი და ახლომდებარე კლინიკას მივაშურე. გამიზომეს წნევა (მაღალი მქონდა), წამოვიღე რაღაც უსახელო აბები და რეკომენდაციები, რომელთაგან ნახევარი ვერც იქ გავიგე და ფურცელზე დაწერილის ნახევრის გაშიფვრას ახლაც უიმედოდ ვცდილობ. თუმცა, პატ. ექიმს თუ მედდას ძალიან სერიოზული და შთაგონებული სახით ვუსმენდი, თითქოს მე თვითონ არ ვიცოდი, რომ: შეიძლება გადაღლილი ვიყო, წესიერად კვება და ძილია აუცილებელი, კომპიუტერთან დიდხანს მუშაობაც მავნეა (სასაცილოა უკვე, მაინც როგორ შეიძლება, რომ კომპიუტერთან დიდხანს არ იმუშაო?). მერე დააზუსტა, რომ თურმე ინთერნეშენალ სტუდენტი ვყოფილვარ და გაგებით გააქნია თავი, ყველაფერი ხდება, შეიძლება დეპრესია გქონდეთო, მსუბუქი ფორმით მაინცო. დავიღვარე მადლობებად და სახლში წამოვედი.

დეპრრრრესია და ის კიდევ… სიტყვაც კი მაღიზიანებს, ვითომ მელანქოლიკი უსაქმურების დაავადებად გადააქციეს ეს მართლაც სერიოზული რამე. ისე, გამორიცხული სულ არაა, უმიზეზო ცრემლები და უძილობა ან არაჯანსაღად ხანგრძლივი ძილი სიმპტომებიაო, ასე მითხრა ერთმა. ფუი, ეგ ტიპი მაინც რამ გამახსენა ახლა…

მოკლედ, მგონი, ქანჩები მომეშვა და მოვყანყალდი!

ძილი – ძილს არ ვიცი, რა ვუშველო… კომპიუტერის გამორთვა, ლოგინში ჩაწოლა და თვალების დახუჭვაც კი ვცადე, მაგრამ გაგიგონიათ? სიჩუმეში ათასი აზრი მომაწვება და როგორც წესი, ნეგატიურ ტალღაზე გადავერთვები ხოლმე. იძულებული ვარ, ავდგე, ლეპტოპი ავიღო და ლოგინთან მოვიდგა. ადგომისას აღმოვაჩენ, რომ თურმე იმდენი მიწრიალია, რომ ლოგინზე განივად ვწევარ. ისღა დამრჩენია, რაიმე ჩავრთო და ამის ფონზე როდის-როდის ჩამეძინება. ისე, ქართული ფილმები მშველის ხოლმე, რაღაცნაირად მამშვიდებს…

კვება – გარდა იმისა, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის მზადება ჭირივით მეზარება, საქმეს ისიც ართულებს, რომ სამზარეულოს მეზობლებთან ვიყოფ. სამართლიანობა მოითხოვს, ვაღიაროთ, რომ პან ადამი უაღრესად წესიერი ყმაწვილია – რასაც მოიმზადებს, წამსვე ალაგებს. შაბათობით კი გენერალური დალაგება აქვს – საუზმის მერე მტვერსასრუტს ააზუზუნებს და სამზარეულოსაც მიაკრიალებს ხოლმე. რა ვქნა, შაბათობით საქმე არაფერი მაქვს და ტყუილად ხომ არ ვიჯდებიო, ასე მითხრა ერთხელ. სულ ქართველივით იქცევა…
რაც შეეხება პანა ნატალიას, რამდენადაც სასიამოვნო და სიმპათიური ახალგაზრდა პანაა, მით მეტად აღმაშფოთებელი ჩვევა აქვს – მეორე დღისთვის შემოინახოს გასარეცხი ჭურჭელი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბევრი დაუგროვდება. არადა, რა საყვარლები არიან, ერთად რომ ამზადებენ ხოლმე, უნდა ნახოთ! პერიოდულად კართან მოყარაულე ენაგადმოგდებულ ბიანკას ეხუმრებიან… სრული იდილია აქვთ, მოკლედ! ჰოდა, ვერც ვბრაზდები, რა ვქნა, ისემც უქნიათ, სულ ნუ გარეცხავენ იმ ჭურჭელს, მაინც საშინლად მეზარება მომზადება…

კომპიუტერი – რანაირად მოვერიდო, აბა, რანაირად? ვმეცადინეობ – კომპიუტერთან, ვერთობი – კომპიუტერთან, ფილმს ვუყურებ – კომპიუტერში, მუსიკას ვუსმენ – კომპიუტერში, ვურთიერთობ – კომპიუტერით, ინფორმაციას ვღებულობ – კომპიუტერით…

ინთერნეშენალ სტუდენტი – არ მოვისაწყლებ თავს ახლა და არ ვიტყვი, დავიტანჯე, სახლში მინდა-მეთქი… სახლში მინდა, როგორ არა, მაგრამ აქაურობა ძალიან მომწონს. ისე, ცოტა მარტოსული კი ვარ. საკუთარი თავი გამოვიჭირე იმაში, რომ ვერბალურ კონტაქტებზე მეტად უფრო ვირტუალურს მივეჩვიე და ეს არცთუ კარგია, ჩვენში რომ დარჩეს. თუმცა, ობიექტური გარემოებების გამო უფროა ეგ! ფაქტი ისაა, რომ რაც აქ ვარ, ქართულ მუსიკას და ფილმებს მივეძალე, ამდენი ერთად მგონი, მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მინახავს… ასე რომ, რაღაც მაინც მაწუხებს შიგნიდან ალბათ, შეუმჩნევლად, მაგრამ მაწუხებს…

აჰა, სანამ ვწერ, ცხვირმა ისევ განგაში ამიტეხა! წავალ, პირს დავიბან და მერე ისევ ყირამალა…

Read Full Post »

საერთოდ, ფეისბუქ-ისტერიებზე აყოლა ძალიან არ მიყვარს და ხანდახან მაღიზიანებს კიდეც, “ნიუსფიდი” ერთსა და იმავე ინფორმაციას რომ მაჩეჩებს ერთხელ, სამჯერ და ათჯერაც. დღესაც ასეთი დღეა და თუ თქვენს კედელზე ჯერ არ დაუშეარებიათ ახალგაზრდა ქალის სურათი, სტალინის დიდ პორტრეტთან ერთად რომ პოზირებს, დაელოდეთ, აუცილებლად გამოჩნდება.
ამ ახალგაზრდა ქალბატონმა ჩემსავით კარგად იცის ერთი საბჭოური ანეკდოტი:
“ლენინი შეეცადა დაემტკიცებინა, რომ სახელმწიფო შეიძლება მართოს ხალხმა;
სტალინმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფო შეიძლება მართოს ერთმა ადამიანმა;
ხრუშჩოვმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფო შეიძლება მართოს ნებისმიერმა ადამიანმა;
ბრეჟნევმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფო შეიძლება სულაც არავინ მართოს;
ანდროპოვმა ვერაფერი დაამტკიცა;
ჩერნენკომ – მით უმეტეს…
?”

ჰოდა, სწორედ სტალინისადმი მიძღვნილი ამონარიდი მიაწერა სურათს და “კრიტიკოსებს” გაშმაგებისაგენ მოუწოდა.
წინასწარ აღვნიშნავ, რომ ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ და მით უმეტეს, როგორც იტყვიან, “არც არაფერს ვერჩი”, მაგრამ თუ არ ვცდები, ადრეც მომხვდა თვალში მისი პროფილი და ფან-ფეიჯი; როგორც გავიგე, პოლიტიკოსობას უმიზნებს და აღშფოთებას ვერ მალავს მართლმადიდებლობის შელახვის, ერთპიროვნული მმართველობისა და გაყიდული მამულის შემხედვარე.
მაგრამ ასეთი შეხედულებები და უცებ… სტალინი და კერპი? სადაა ლოგიკა?
ახლა სულაც არ ვაპირებ იმის განხილვას, რამდენად ნიჭიერი პოლიტიკოსი ან სტრატეგი იყო იოსებ ბესარიონის ძე, მაგრამ უკვე კარგა ხანია, მაღიზიანებს მისი რეაბილიტაციის მცდელობა და ჯერ კიდევ გაბატონებული კულტი: “ასე კი არ იქნებოდა სტალინის დროს”, “სტალინი უნდათ ამათ”, “სტალინს რომ ეს ენახა”… ჯერ კიდევ შვიდი თუ რვა წლის წინ ქართული ბეჭდური მედიის ერთ-ერთი ფერადყდიანი და გამურულფურცლებიანი ფლაგმანი დაუზარლად ბეჭდავდა სტატიებს აბსურდის ჟანრში, სადაც თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ დიდი ბელადი ლოცვაში ათენებდა და აღამებდა, რომ საკუთარი ხელით უწნავდა გვირგვინებს ნადიუშას, რომ სადღაც რომელიღაც ქოხში თეთრწვერა ბერთან დადიოდა საიდუმლოდ და ბევრი რამ, რომელთა წარმოსადგენადაც მე მაშინ ფანტაზია აღარ მეყო და უბრალოდ, დავივიწყე.
მაგრამ ფაქტი ერთია, სტალინი იქნება, ჩაუშესკუ, მიხეილ სააკაშვილი თუ დესმონ ტუტუ, როგორც ლეიბორისტები იტყოდნენ, ქართულ საზოგადოებას მაინც რჩება ერთი დიდი პრობლემა – ღირებულებების შეფასების უნარის დაკარგვა.
ფაქტი ისაა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკოსს, ისტორიულ პერსონაჟს თუ სასულიერო პირს შარავანდედით მოსილ წმინდანად ან სამკაპით შეიარაღებულ სატანად აღიქვამს და არა ჩვეულებრივ ადამიანად, რომელსაც კარგი თვისებების გარდა მინუსიც შეიძლება ჰქონდეს; ისიც სამწუხარო ფაქტია, რომ ზემოხსენებული როლები ხშირად და მრავალჯერ ენაცვლება ერთმანეთს და ყოველივე ამას ის აგვირგვინებს, რომ უცაბედი პოპულარობა რაციონალურ პოზიციაზე მეტად ფასობს ყველა თაობისა და პროფესიის წარმომადგენლისათვის.
სულ ეს იყო…
მადლობა ყურადღებისთვის!

Read Full Post »