Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for დეკემბერი 26th, 2011

შობას მარტო…

დიდხნიანი პაუზის მერე ბლოგზე დაბრუნება რაღაც ისეთივე შეგრძნებას ტოვებს, როგორც სახლში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილხარ. შედიხარ, ათვალიერებ, თითქოს სხვა თვალით უყურებ ყველაფერს და ცოტა დრო გჭირდება, რომ ისევ გაშინაურდე.

წლის ბოლომდე რამდენიმე დღე დარჩა და ალბათ გარშემომყოფთა უმრავლესობა განვლილ წელს აჯამებს. ჩემთვის კი ამ წლის ბოლოს არაფერი მთავრდება და არც იწყება, შესაბამისად, დასკვნითი პოსტი არ გამომივა. ჩვენი ცხოვრების რიტმი ყოველთვის არ ემთხვევა კალენდარს. თუმცა, ერთმნიშვნელოვანი ალბათ ისაა, რომ ახალი წელი თუ შობა სიახლის თუ არა, კარგი განწყობის მომტანი მაინც უნდა იყოს, თავისი დამახასიათებელი ბრჭყვიალა ფერებით, ნაძვის ხეებით, სანტებით, ნამცხვრის სუნითა და საუკეთესო შემთხვევაში, თოვლით.

წელს არც თოვლი მაქვს და არც ნაძვის ხე. მე არ მაქვს, თორემ ჩემმა მეზობლებმა არ დაიზარეს და ქვემოთ დადგეს, მისაღებში. ახლა ჩვენი ფანჯრიდანაც ჩანს საშობაო მორთულობა… განწყობის შექმნა კი გუშინ ვცადე, როცა შეღამებულზე ქალაქში გავისეირნე. ვიფიქრე, განათებებს და მორთულობებს მაინც შევავლებ თვალს, იქნებ სადმე საშობაო ბაზრობებზე სანტას და შავ პიტერს გადავეყარო-მეთქი, მაგრამ საღამოს ხუთ საათზე ქალაქი ისეთი ცარიელი აღმოჩნდა, როგორც თბილისი იქნებოდა ალბათ შუაღამის ორზე. ქუჩას ერასმუს ბრიჯისკენ ავუყევი, ვიფიქრე, იქნებ განათებულ ხიდზე გავისეირნო მეთქი, მაგრამ ისიც ჩაბნელებული დამხვდა. შუამდე რომ მივედი, ცოტა შევფიქრიანდი კიდეც. დღისით გემებითა და იახტებით გადავსებული მდინარე ახლა ცარიელი და ჩაშავებული იყო, დაცარიელებული პორტიც არ გამოიყურებოდა სტუმართმოყვარედ. ძლიერი ქარის გამო ძლივს დავეშვი ხიდის მეორე მხარეს, ველოსიპედი მოვატრიალე და სასწრაფოდ მოვცოცხე იქიდან.

როგორც მივხვდი, აქაურებს მაინცდამაინც არ უყვართ დღესასწაულების ღია ცის ქვეშ აღნიშვნა. ალბათ მთელი მონდომებით ამიტომ რთავენ ოთახებს, ფანჯრებს და ბაღებს, რომ შობის საღამოს დასხდნენ და ამ ყველაფრით დატკბნენ. ქუჩაში ჩემსავით შემთხვევით აღმოჩენილ მოხეტიალეს, თითოეულ მორთულ ფანჯარას და ნაძვის ხეს რომ აკვირდება, გაკვირვებული მზერით აცილებენ. არის ამაში რაღაც მისტიკურ-იდუმალი: ცარიელი ქუჩები, ჩაშავებული არხები, ფერადი ნათურებით მორთული ხეები და სახლები, სრული სიჩუმე და დროდადრო ჩამოვლილი, თითქმის ცარიელი ტრამვაი. აი, თოვლიც რომ იყოს, ალბათ გავწვებოდი სადმე შუაგულ მინდორში და სანამ ძვლები არ გამეყინებოდა, არც გავინძრეოდი.

არ ვიცი, რა ხდება ახლა თბილისში, ალბათ, განსაკუთრებულიც არაფერი, ჩვენთან ხომ ახალ წელს უფრო აღნიშნავენ, ვიდრე შობას. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ქუჩები სავსეა, მაღაზიებიც გვიანობამდე ღია და ალბათ, თავსაც არ ვიგრძნობდი მარტო. მე მაინც ვეცდები საჩემო განწყობის შექმნას. ავანთებ სანთლებს, მოვირთხავ ფეხს ლეპტოპთან და რაიმე ძველ, კეთილ საახალწლო მელოდრამას ვუყურებ. თუნდაც “ბედის ირონიას”, გაგიკვირდებათ და აქამდე რომ არ მაქვს ნანახი. უფრო გამიადვილდება იმის წარმოდგენა, რომ სახლში ვარ…

რაც შეეხება სურვილებს, სანტას წელს არ შევაწუხებ, უბრალოდ, მადლობას ვეტყვი მას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს რეალურად თუ ვირტუალურად გვერდით მყავს და შევეცდები დავუბრუნო ის პოზიტივი, რომელსაც მათგან ვგრძნობ.

ბედნიერ შობას და ახალ წელს გისურვებთ, მეგობრებო!

 

Read Full Post »