რამდენიმე წუთის წინ დავასრულე ახალაღმოჩენილი ბლოგის გაცნობა (იხ. Pepperland), რომელიც სულ რაღაც საათნახევარში შემომეკითხა. ერთი მხრივ, კარგია, რომ ბევრი პოსტი არ არის, თორემ გავათენებდი ალბათ… არადა, ხვალისთვის ბევრი რამ მაქვს დაგეგმილი! ცუდი ისაა, რომ მაინც არ მეძინება – ყავამ (დიდი ფინჯნით) თავისი საქმე გააკეთა, გავითვალისწინებ გამოცდების პერიოდისთვისაც…
ჩემი სტუდენტური ცხოვრება სრულყოფილ სახეს იძენს, სახეზეა სრული პაკეტი:
– ნაქირავებ ოთახში გაღვიძება;
– დილით ადრე სახლიდან ფეხის წვერებზე გასვლა, მეზობლები რომ არ გააღვიძო;
– შორიდან მოახლოებული ტრამვაისთვის თვალის მოკვრა და გაჩერებამდე მირბენა;
– ყურსასმენების დავიწყება და ამის გამო მოწყენილი სახით ჯდომა;
– მეორე ტრამვაის ლოდინში ბაქანზე ბოლთის ცემა და კიდევ ერთხელ საყვედური საკუთარი თავისადმი, რომ ნახევარი საათით ადრე არ ადექი. მაშინ არც დაგვიანების შეგეშინდებოდა და ყურსასმენებიც არ დაგავიწყდებოდა;
– აუდიტორიაში შევარდნა სწორედ მაშინ, როცა პროფესორი პროექტორს უტრიალებს და შვებით ამოსუნთქვა;
– დაგვიანებული სტუდენტის გატარება, რომელიც თითის წვერებზე მიიწევს რიგებს შორის და ოდნავი კმაყოფილება იმის გამო, რომ მის ადგილას შენ არ ხარ;
– საინტერესო ლექციის მიუხედავად მოწოლილი მთქნარების ხელით შეკავება (რა ვქნა, წუხელ გვიან დავიძინე!);
– ლექციის შემდეგ ასლების გადასაღებად წასვლა და დიდი საქმის მოშორების შემდეგ დამძიმებული ზურგჩანთითა და კმაყოფილი სახით კამპუსის ტერიტორიის დატოვება.
ამ უკანასკნელი პუნქტის შედეგად ჩემს ოთახს ახალი რეკვიზიტები შეემატა – “ქსეროქსები”, ქართველი თუ ევროპელი სტუდენტის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ნამდვილად არ მახსოვს, ვინ გამოიგონა ქსეროქსის აპარატი, მაგრამ ნამდვილად იმსახურებს სამოთხეში საპატიო ადგილს. ჰოდა, მისდამი მადლიერებით აღვსილი, რომ თანხის რაღაც ოდენობა დამაზოგინა, დროდადრო მუშტრის თვალით ვზომავ საკმაოდ მოზრდილ შეკვრას და ვცდილობ ელექტრონული მასალის მოცულობას შევადარო. არ იფიქროთ, რომ ვწუწუნებ, ეს უმადურობა იქნება ჩემი მხრიდან. მე სხვებზე მეტად გამიმართლა და მაქვს შესაძლებლობა, რომ ყოველივე ამას ახლოს გავეცნო და ვისწავლო, მაშინ როცა ბევრ ჩემს კოლეგას ალბათ, წვდომა არ აქვს მასალასთან, რომელსაც სიამოვნებით აითვისებდა.
სასწავლო პროცესი თანდათანობით იკრებს ძალებს და მეც შესაბამისად მიქრება დღის რეჟიმიდან თავისუფალი დრო; იზრდება შესაძენი წიგნების რიცხვი და მათ უკუპროპორციულად მცირდება ჩემი დანაზოგის რაოდენობა. თუმცა, მე საწუწუნოდ საქმე არც აქ მაქვს – ტყუილად კი არაა ახლომდებარე არხები და გუბურები იხვებითა და ბატებით გადავსებული, კრიზისის პერიოდში ალბათ, ნადირობას დავიწყებ და თავს ასე გავიტან.
ჰო, ორიოდე სიტყვასაც დავძენ სტერეოტიპების რღვევის თაობაზე. დაიმახსოვრეთ, ტყუილია, რომ ევროპაში:
– ქუჩაში დავარდნის შემთხვევაშიც კი ყველას თავისი საქმე აქვს და ყურადღებას არავინ მოგაქცევთ;
– დარეკვა რომ დაგჭირდეთ, მობილურს არავინ გათხოვებთ;
– მგზავრები კონდუქტორთან არ ჩხუბობენ (იშვიათად, ძალიან იშვიათად!);
– ქუჩაში იდეალური სისუფთავეა;
– საჯარო სამსახურში ელექტრონულ სისტემას პრობლემა არასოდეს ექმნება და ამის გამო იდეალური წესრიგია;
– დიდი ქალაქების გარეუბნები ისეთივე გრანდიოზულია, როგორიც ცენტრი (თუმცა, ადგილი, სადაც მე ვცხოვრობ, ძალიან ლამაზია);
– ყველას გემოვნებით და ინდივიდუალურად აცვია;
– კაფეში ყველა თავისას იხდის – ეს არ ვიცი, რამდენად ვრცელდება მთელ ევროპაზე,
მაგრამ მას შემდეგ რაც მე, ჩეხ ირინას და მექსიკელ ოსკარს ჰოლანდიური Pancake-ებით გაგვიმასპინძლდა, ჩვენმა დიასახლისმა ხანჯალივით იშიშვლა მეუღლის ჯიბიდან საკრედიტო ბარათი, დახლთან გავიდა და მალევე შემობრუნდა, გაბრძოლებაც კი ვერ მოვასწარით;
– შემახსენეთ კიდევ რამე…
მგონი, ნელ-ნელა ვხვდები, რატომ თვლიდნენ ჩვენი მშობლები სტუდენტობას მათი ახალგაზრდობის უბედნიერეს ხანად. მათი უმეტესობა ხომ სწორედ სტუდენტობისას იწყებდა დამოუკიდებლად ცხოვრებას: მიდიოდა სხვა ქალაქში, უწევდა საკუთარი თავის მიხედვა, ზოგჯერ სამუშაოს შოვნა, მცირე თანხით დაკმაყოფილება, მასზე ხელმოკლე მეგობრისათვის თავისი ულუფის გაყოფა, მეგობრებთან ერთად ბოლო კაპიკების ნაყინში დახარჯვა… მაგრამ მთავარი სხვა იყო: თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შეგრძნება; შეგრძნება იმისა, რომ გაიზარდე, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მარტოს გიწევს და პასუხისმგებელიც თავად ხარ! დანარჩენი კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად გაართმევ თავს ყოველივე ამას… საინტერესოა, რატომ უწევენ ასეთი მშობლები შვილებს შემდეგ დათვურ სამსახურს? ან იქნებ, არც უწევენ, არ ვიცი…
ეჰ, წავალ, დავიძინებ… შუაღამისას, სტუდენტურად…
რაღაცა კარგ გუნებაზე დამაყენა ამ პოსტმა დილაუთენია 🙂
P.S. ქსეროქსი ჩესტერ კარლსონმა გამოიგონა 🙂
დიდი მადლობა, მერი 🙂 ნამდვილად არ ველოდი ჯერ, თუკი ვინმეს კომენტარი დამხვდებოდა, მაგრამ სასიამოვნოდ გამაკვირვეთ შენ და მოლიმ…
ინფორმაციისთვისაც მადლობა, გუშინ პოსტის წერისას ნამდვილად დამეზარა გუგლში ან ვიკიში ქსეროქსის გამომგონებლის მოჩხრეკა… თან გვარად კარლსონი ყოფილა, ხედავ შენ? წლების განმავლობაში ვგონებ, მაგის მზეს იფიცებს მთელი სტუდენტობა 🙂
ჭეშმარიტად სტუდენტური პოსტია.
ეჰ, თამარა, მორჩები მანდ სწავლას, ჩამოხვალ, კარგ სამსახურს დაიწყებ (აქ სხვადასხვა მდინარედალეულები უყვართ) გათხოვდები, ბავშვებს დააჩენ, წარმატებული საჯარო მოხელე გახდები და… ერთ დღესაც ის როტერდამული უძილობები, ტრამვაის დევნა, ველოსიპედით სეირნობა, იხვებზე ნადირობა და მთელი სტუდენტური რომანტიკა ისე მოგენატრება….
შენს პირს შაქარიო, ასე ამბობენ ამ დროს 🙂 დიდი მადლობა!
ჰო, ვიცი, რომ ასე იქნება… ალბათ, ჩვენს მშობლებსაც ეგ შეგრძნებები ენატრებათ, სულ მიკვირდა, რას გულისხმობდნენ, როცა ამბობდნენ, ჩვენს დროს სულ სხვა იყოო. მგონი, თვითონაც ვერ ხვდებიან, რაშია ამ “სხვანაირობის” გასაღები…
კარგი პოსტია 🙂
დიდი მადლობა 🙂
ვაიმე რაღაც ისეთი მელანქოლია იგრძნობა ამ პოსტში,არადა ვიცი ბევრი ჩემსავით დიდი სიამოვნებით ინატრებდა შენს ადგილას ყოფნას. 🙂
მელანქოლია? არა მგონია… ალბათ უძილობის ბრალია 🙂
ჰო, ეგ რომ ვიცი, იმიტომაც არ ვწუწუნებ, პირიქით, ძალიან მიხარია, რომ ჩემმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და ახალი შესაძლებლობები გამომიჩნდა…
იმედია, ყველაფერს გავართმევ თავს 🙂
თამარ, იხვებზე ნადირობის პოსტს რომ დაწერ, ვოლზე დამილინკე
უი, ეს ქსეროქსობია მანდაც გცოდნიათ. მე მეგონა მარტო ჩვენკენ იყო ეგრე საქმე.
წიგნების სიძვირე ყველგან პრობლემაა, მარი, რატომაც არ გამოვიყენოთ ისეთი სასარგებლო გამოგონება, როგორიც ქსეროქსია 🙂
იხვებს რაც შეეხება… ჩემი თავი შემოევლოთ, თუ ძალიან არ მშია 🙂
მეც ეგრე ვარ თევზების მიმართ 😀 😀
ჯერ არ მითქვამს რომ მშურს?
არც ის რომ ჩემ საოცნებო სტუდენტობას გადიხარ?
დარწმუნებული ვარ ყველაფერს თავს გაართმევ, სხვანაირად არც შეიძლება.
🙂
ძალიან შემრცხვება უკვე, თუკი რაიმეს თავი ვერ გავართვი 🙂 ბლოგოსფეროს მასშტაბით მომეჭრება თავი, სხვა ყველაფერს რომ მოვეშვათ 🙂
დიდი მადლობა :*
“ეჰ, წავალ, დავიძინებ… შუაღამისას, სტუდენტურად… ”
რა ნაცნობად კარგი იყო, ახლობელი… 🙂
დიტოს ბლოგი :)) ყველაზე უფრო ახლობელია და ყველაზე მეტად მიყვარს ❤ მიუხედავად იმისა, რომ ცოტა პოსტი უდევს ყველას გირჩევთ, წაიკითხოთ 😉
ჰოდა რაც შეეხება ევროპული სტერეოტიპების მსხვრევას,ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი რომ იდეალური წესრიგი არც მანდ არის 🙂
კი, ძალიან მომეწონა… მაგრამ აშკარად თავისი სიამოვნებისთვის წერს და ეტყობა, არც ამოწმებს ხშირ-ხშირად 🙂 ერთის მხრივ, ეს კარგია, რადგან გულწრფელია და რაც მართლა უნდა, იმას წერს; მეორე მხრივ კი, ცოტა ხშირად თუ გამოჩნდება, უკეთესი იქნება 🙂
იდეალური წესრიგი, რა თქმა უნდა, არაა, მაგრამ ყველაზე თვალშიმოსახვედრი მაინც ადამიანთა უმრავლესობის მოწესრიგებულობა და კანონმორჩილებაა: არავინ არავის უსწრებს მანქანით, არავინ გადარბის წითელზე, ნაგავს ძალიან ცოტა თუ დააგდებს ქუჩაში, რიგში მუჯლუგუნებით არ გიმასპინძლდებიან და უბილეთოდაც ძალიან იშვიათად მგზავრობენ, ჩვენი თანამემამულეების უმრავლესობისაგან განსხვავებით… 🙂
კარგა ხნის წინ, რომელიღაც ბლოგის რომელიღაც პოსტის ქვეშ მოვკარი თვალი კომენტარს – მავანი იუზერი ბილეთიან მგზავრებს “პატიოსან ყეყეჩებად” მოიხსენიებდა.
გული მომეწურა 😦 😦
დაე, ვიყო პატიოსანი ყეყეჩი, ვით ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა 🙂
ჰმ, დარწმუნებული ვარ ზემოხსენებული მავანი იუზერი ქართველების დაბალ დონეზეც ისაუბრებს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით… ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო, ისეა საქმე…
ჰეჰ 🙂 მე ვაკეში, კონტროლიორის გამოჩენისთანავე ავტობუსიდან უბილეთოდ ჩაძურწული სუპერ-პუპერ-პრადვინუტი (და 22-ე საუკუნეში რომ ცხოვრობს და კომპლექსები არ აწუხებს ისეთი) ბლოგერიც მინახავს 🙂
ბლოგერი?? 🙂 ინტერესნოო…
ისე, ეს თანამდებობით მორჭმული ქალბატონი ავტობუსით მგზავრობ? 🙂
საქართველოზე მოწესრიგებული რომ იქნება ეჭვიც არ მეპარება. 🙂
რას ნიშნავს “პატიოსანი ყეყეჩი”? წესრიგის დაცვას და კანონის მორჩილებას? გამაგიჟებს ეს ხალხი. მართალია, ასეთი ყეყეჩობა მირჩევნია მეც და დამეფიცება, არასოდეს მიმგზავრია უბილეთოდ 🙂
ზუსტად მაგას უნდა ნიშნავდეს, გრაფინია 😦 და მეც ყეყეჩობა მირჩევნია 🙂
მე ერთადერთხელ ვიმგზავრე უბილეთოდ, ისიც აქ 🙂 გვიან იყო, პლასტიკურ ბარათზე ფული აღარ მქონდა და კონდუქტორიც არ იყო, ბილეთი რომ მეყიდა… რა მექნა, ჩავჯექი და ვიმგზავრე 🙂
შაბათ-კვირას რატომაც არა 🙂 მე მიყვარს ავტობუსები. ვზივარ და ვკითხულობ 🙂
იმ თითისწვერებზე სახლიდან გაპარვამ შემზარა. მე ისე სპილოსავით დავბრაგუნებ როგორც მინიმუმ დიასახლისი გამაგდებდა 🙂 აი, ის პუნქტი დაცემის შესახებ მომეწონა. არც თუ ისე იშვიათად ვეცემი და ნერვები მეშლება როცა ნახევარი ქალაქი ჩემს საშველად გამორბის. შე კაი კაცო, თუ დავვარდი მაცადე და ავდგები, თუ არა და ვიქნები გაპლაკული და მერე გამოიჩინეთ თქვენი სამედიცინო უნარები 🙂
ჰაჰა, თაი, დავარდნის პუნქტი საკუთარ თავზე არ გამომიცდია 🙂 მაგრამ შევესწარი, მოხუცი ქალბატონი პირდაპირ ტროტუარზე იჯდა და ხალხი თავს დასტრიალებდა, ზოგი ცხვირსახოცით, ზოგი წყლის ბოთლით და ზოგიც – მარაოთი…
უცხო ხალხის გაღვიძებას რომ ეხებოდეს საქმე, შენც ივლიდი თითის წვერებზე 🙂
არა, შევეცდებოდი. მაგრამ . . . საერთოდ არ ვარ ნაზი და სათუთი 🙂
ვისიამოვნე პოსტით 🙂
მეც მსიამოვნებს, ამას რომ მეუბნებიან 🙂
სასაცილოა, მარა სულ ვოცნებობდი მასეთ სტუდენტობაზე. ბათუმში რომ ვსწავლობდი, ჩემებს საერთო საცხოვრებელში გამიშვით მეთქი ვთხოვდი 😀 სხვა ხიბლი აქვს ამ რაღაცეებს, რაც თბილისში მეტ-ნაკლებად შევიგრძენი. თუმცა, მგონი მთელი სტუდენტობა დამოუკიდებელი ვარ რაღაც დონეზე და ეს ალბათ კარგია.
ჰაჰ! თითქოს სითბო ჩამეღვარა გულში! 🙂