Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for სექტემბერი 4th, 2011

მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთში კონკრეტულად დასაწერი არაფერი მაფიქრდება, კვირა დღის ჩაგდება არ მინდა. ყველაზე დატვირთული კვირის ბოლოსაც კი ვეცდები, შემაჯამებელი პოსტი გამოვაცხო.

დღე მდორედ მიიზლაზნება, თუმცა, შუადღეს უკვე გადაცდენილა. ამინდიც ისეთია, საათს თუ არ შეხედე, ვერ მიხვდები, დღის რა მონაკვეთია. მეც გაწურული ლიმონივით ვარ, გუშინდელმა სიცხემ მომატყუა და დღეს გვარიანად გაციებული ავდექი. თვალებს ძლივს ვახელ და თავს ვაიძულებ, 21-გვერდიანი ვორდის ფაილის გაშიფრვა განვაგრძო, რადგან ვიცი, დადგება დრო და ამ დღის ყოველი წუთის დაბრუნებას ვინატრებ. სამზარეულოში ჩასვლისა და კუჭში რაიმეს ჩაშვების აზრი უკვე მესამედ თუ მეოთხედ უარვყავი, რადგან ეს სიზარმაცის ოდნავ სახეცვლილი გამოვლინებაა მხოლოდ, რომელიც მაიძულებს, მაგიდიდან ავდგე.

კვირა დღე აქეთ განსაკუთრებით წყნარია. როგორც ადრე ვახსენე, ყველა ისვენებს. ალბათ არც ცენტრში დუღს ცხოვრება, გუშინდელისგან განსხვავებით. გუშინ პირველად გადავიარე ფეხით ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა – ერასმუსის ხიდი, რომელიც მზეს მონატრებული ჰოლანდიელებითა და დღესასწაულზე გამოსული ტურისტებით იყო გაჭედილი. მერე ფეხით ვიხეტიალე და სახლში დამწვარ-დაქანცული დავბრუნდი. რამ გამაცივა, მაინც ვერ გავიგე…

შაბათი ბაზრობის დღეა. აქაური ბაზრობები ერთდროულად “ლილო მოლსაც” მაგონებს და ბავშვობაში რამდენჯერმე ნანახ სამტრედიის ბაზარსაც. პროდუქტების, ტანსაცმლისა და რკინა-კავეულის დახლები ერთმანეთს ენაცვლება, სწრაფი კვების პუნქტებიც ბლომადაა, ხოლო ბაზრობიდან გამოსული კიდევ დიდხანს ივლი ველოსიპედებისა და საყიდლებმოვლილი ხალხის დერეფანში. უმეტესობა თავის ნავაჭრთან მოკალათებულა, ფრის ან დონერს ნთქავს და ტერფებს ფეხსაცმლისგან ასვენებს.

ერასმუს-ბრიჯთან მეორე მსოფლიო ომის მემორიალს მივაგენი. იქვე კი სხვადასხვა ქვეყნის დროშებია, მათ შორის, საქართველოსიც.

მემორიალი

ძლივს გადაღებული აფრიალებული დროშა და იშვიათად მოწმენდილი ცა

ამ გახსენებაზე, ემიგრანტულ ჩვეულებას ვუღალატე – საქართველოს დროშა თან არ წამომიღია.

გუშინდელი ცხელი დღე გრილმა და მოღრუბლულმა ჩაანაცვლა, მე კი ვზივარ და ნაკლებ დატვირთული კვირის ბოლო საათებს ვფლანგავ.

დროებით, ყველაზე გვიან – მომავალ კვირამდე!

Read Full Post »