Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for აგვისტო, 2011

ჰოდა, ჩამოვედი! უკან მოვიტოვე თვალცრემლიანი ნათესაობა, ოჯახის სეკვესტრირებული ბიუჯეტი და თბილისი, ჩემი თბილისი… სიმაღლიდან რომ გადმოვხედე, მწარედ გამკრა, რომ მთელი წლით ვემშვიდობებოდი.

ასეთს ვხედავდი, ოღონდ გაცილებით მაღლიდან

მოკლედ, ცოტაოდენი წვალებისა და ნერვიულობის შემდეგ ჩამოვაღწიე. აქ ვარ, ოდნავ განაპირა ევროპაში!

წამოსვლის წინა დღეს მეგობარმა წერილი გამომიგზავნა, სადაც მწერდა, თუ როგორი აღფრთოვანებულია ჩემი სიძლიერით, რომ ფარ-ხმალი მაინც არ დავყარე და ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ მიზნისკენ. მას რომ პირველ საღამოს ვენახე, ყველა სიტყვას სათითაოდ წაიღებდა უკან –  უძინარს, დაღლილს და ჯერ საჭირო მატარებლის, შემდეგ საჭირო სადგურის, შემდეგ სადგურის საჭირო გასასვლელისა და ბოლოს, საჭირო მისამართის ძებნით და როგორც იქნა, პოვნით ნერვებმოშლილს ემოციები მომაწვა და გულიანად ვიზლუქუნე, სრულად ავანაზღაურე სხვების დასამშვიდებლად აქამდე არშემჩნეული ემოციები და მოსალოდნელი “გულისწვები” საყვარელი ადამიანების დიდხანს ვეღარ ნახვისა გამო.

ამ შენობების დანახვისთანავე ამოვისუნთქე - ჩამოვაღწიე!

ჰო, ძებნასა და პოვნას რაც შეეხება, სრულად გამიქარწყლდა ჩამოყალიბებული სტერეოტიპი ევროპელების გულცივობის შესახებ. რამდენიმე გულისხმიერი ადამიანი რომ არა, ალბათ ახლაც აეროპორტის დარბაზში ვიჯდებოდი. ჩემი ამჟამინდელი ნავსაყუდელი გარეუბანშია, წყნარ ადგილას.

პირველი სხვაობა, რაც პირველსავე დღეს შემომაგება ევროპამ, არის ის, რომ საღამოს ხუთი საათისთვის და კვირაობით ყველა მაღაზია დაკეტილია. როგორც ჩემმა დიასახლისმა ამიხსნა, ხალხი პირად ცხოვრებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მისთვის გამოყოფილ დროს სხვა რამეს იშვიათად უთმობს. მხოლოდ ცენტრში შეიძლება მუშაობდეს სუპერმარკეტები და სხვა დაწესებულებები. მშვენიერია, ვერაფერს იტყვი! დანანებით გამახსენდა ჩვენი, ქართული მაღაზიები, საღამოს ათ საათამდე მაინც რომ ღიაა კიდევ ერთი კლიენტისა და დამატებითი შემოსავლის იმედით.

ფრიად მოდღიურო პოსტი გამოვიდა, მაგრამ სხვას ვერაფერს ვწერ, როცა ჯერ კიდევ ოთახში ვარ შეკეტილი, სულ სამი ადამიანი გავიცანი და ქალაქსაც ჯერ არ ვიცნობ. ვზივარ ჩემს ლეპტოპთან, ვუცდი, როგორ წამოწვიმს ხელახლა, პარალელურად ვიქექები Facebook-სა და Google Map-ში, დროდადრო სურათებს ვათვალიერებ და ყელში მობჯენილ ბურთს არ ვიმჩნევ.

დროებით, უკეთესი ამინდისა და განწყობის იმედით!

Read Full Post »

თორმეტი დღე დამრჩა ჩემი გათვლებით, ზუსტად თორმეტი. არადა, არც ვიზა მაქვს, არც ბილეთი და არც ბარგის ჩალაგება დამიწყია ჯერ.

ჰო, ვისაც დააინტერესებს, თუ საით გამიწევია, მოვახსენებ, რომ იყო ასეთი თეოლოგი და ჰუმანისტი – დეზიდერიუს ერასმუსი, რომლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტადაც მაქვს პატივი, ორწლიანი ჯახირის შემდეგ მოვიაზრებოდე.  ჰოდა, უნდა გავფრინდე ახალ სიმაღლეებთან და სირთულეებთან შესაჭიდებლად.

ალბათ ძალიან ახლოს უნდა მიცნობდეთ, რომ მიხვდეთ, რამხელა იმედებს ვამყარებ ამ ერთ წელზე. პროფესიულ ზრდასა და კარიერული წინსვლის პერსპექტივას რომ თავი დავანებოთ, ერთი წელი სრულიად მარტო უნდა ვიყო უცხო ქვეყანაში, ქალაქსა და ხალხში და ისიც კარგად ვიცი, თუ როგორ მძიმე რეჟიმში მომიწევს ცხოვრება. შიშით არაფრის მეშინია, პირიქით, იმედი მაქვს, რომ იქიდან დაბრუნებულს ბოლოს და ბოლოს, აღარ დამჭირდება იმის მტკიცება, რომ უკვე გავიზარდე!

ჯერჯერობით კი ველოდები წერილს, რომელმაც უნდა მაცნობოს, რომ ვიზა თითქმის მზადაა და ბილეთიც დაჯავშნული.

გამახარე, gmail-ო!

Read Full Post »

« Newer Posts