Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for აგვისტო 31st, 2011

ჩემი დიასახლისი ევროპელისათვის უჩვეულოდ გულისხმიერია. ადრეც ვახსენე სტერეოტიპი რომ მაქვს გამჯდარი ევროპელების გულგრილობის თაობაზე, რაც ამ ქალბატონის დადასტურებისამებრ, მთლად უსაფუძვლო ნამდვილად არაა. ჰოდა, ამ გამონაკლისმა რამდენიმე დღის წინ თავისთან დამპატიჟა. იცოდა, რომ სახლში მარტო ვიყავი და სამეცადინოც ჯერ არაფერი მქონდა.

რა თქმა უნდა, ვესტუმრე! დღის პირველი ნახევარი კოკისპირულად წვიმდა, ნაშუადღევს კი გამოიდარა, ჩემდა საუბედუროდ… გამოვიყვანეთ (მისი) ველოსიპედები და სასეირნოდ წავედით.

მინდა გითხრათ, რომ ეს სამოც წელს მიღწეული მანდილოსანი ჩემზე ყოჩაღად იჯდა ველოსიპედზე. მე კი დიდი ჯაფა მადგა – გარდა იმისა, რომ მანევრირებისას საჭეს ძლივს ვიმორჩილებდი, ქარიც ამოვარდა და წონასწორობის შენარჩუნებაში ესეც მიშლიდა ხელს.  რას ნიშნავს მაინც პრაქტიკა!

მაგრამ მთავარი შემდეგ უნდა მომხდარიყო თურმე! ერთ-ერთ მოსახვევში, რომელსაც წინ დაღმართი უძღოდა, ინერციით დიდი სისწრაფე ავკრიფე, მოხვევა ვეღარ მოვასწარი და ველოსიპედიანად გადავეშვი გზისპირა მდინარეში.

ვერ მოგატყუებთ, თვალწინ მთელმა ცხოვრებამ გამირბინა-მეთქი, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მაგრამ ორმა საღმა აზრმა ნამდვილად მოასწრო მოფრენა. პირველმა მაშინ გამიელვა, დგაფუნი რომ გავიგონე და თვალწინ მხოლოდ მღვრიე სიმწვანე დავინახე: “ძალიან ღრმა ხომ არაა?”. თუმცა, იგი ფსკერზე ფეხის დადგმისა და ამოყვინთვისთანავე ჩაანაცვლა რიგით მეორემ და უფრო პრაგმატულმა: “ველოსიპედი!!!” მშველელად მოვლენილ ახალგაზრდა ქერათმიან ყმაწვილს ჩემი ფიქრების მპყრობელი ნივთი მივაწოდე და მეც მალე ამოვედი გზაზე. ჩემს დიასახლისს კი გაოგნებისა და ატეხილი ხარხარის მიუხედავად ჩემი მარცხის ფოტოზე ასახვა უკვე მოესწრო და ინტერვიუს ჩამოსართმევად მომვარდა. დოკუმენტური მასალა დღემდე ინახება მის აიფონში.

საბედნიეროდ, ველოსიპედი ჩემსავით მთელი და უვნებელი აღმოჩნდა, თორემ დამატებითი და არცთუ მცირე ხარჯის თავი ნამდვილად არ მქონდა. ინციდენტის მიზეზს რაც შეეხება, ჩემს უბედურებაში დამნაშავე არც მეტი, არც ნაკლები, ტექნიკური პროგრესი აღმოჩნდა. ერთი მითხარით, საიდან უნდა მცოდნოდა მე, საბჭოთა ველოსიპედზე გაზრდილ ბავშვს, სოფლის უკაცრიელ გზებზე რომ დაქროდა და თავი ბუცეფალზე წარმოედგინა, რომ ამ გაზიზინებულ, ევროპულ მოდელს მუხრუჭები საჭეზე ჰქონდა? მე მეგონა, პედლების უკუღმა დატრიალება ველოსიპედის გასაჩერებლად უნივერსალური მეთოდი იყო.

ჩემდა მეორედ საბედნიეროდ, თან არც მობილური მქონია, არც ფოტოაპარატი და მით უმეტეს, ლეპტოპი. წყალიც თბილი იყო და ამჯერად უვნებლად გადავრჩი. მე და ქალბატონმა დიასახლისმა, რომელიც მთელი გზა ყველა შემხვედრს აფრთხილებდა, ჩემგან დისტანცია დაეცვათ, სეირნობა მაინც გავაგრძელეთ, შემდეგ კი მისსავე სახლში წავედით, სადაც მე შხაპში შემაგდო, ჩემი ტანსაცმელი კი – სარეცხ მანქანაში.

მაინც იღბლიანი მეთქმის – კიდევ კარგი, ავარია ქალაქგარეთ მომივიდა და არა ქუჩაში, თორემ ამ პოსტის წერის გუნებაზე ნამდვილად არ ვიქნებოდი ახლა. ჩემი მარცხის შესახებ ოჯახის წევრებისთვის არ მითქვამს, რადგან ვიცი, მთელი ჩემი აქ ყოფნის დროის განმავლობაში იმაზე ინერვიულებენ, როგორ დავდივარ ქალაქში.

ჩემმა დიასახლისმა დღეს საჩუქარი მომიტანა, როგორც თვითონ მითხრა – თავისი დანაშაულის გამოსასყიდად, რადგან ველოსიპედის გაჩერება არ მასწავლა. სურნელოვანი სანთელი, რომელსაც ძველებური მურაბის ქილის ფორმა აქვს, ახლა ჩემს პატარა მაგიდაზე დგას, დროდადრო თავს ვხდი და ოთახში კენკრის მძაფრი სუნი დგება. ჰოდა, ამით კიდევ ერთი მიემატა ჩემს ლინდგრენისეულ ასოციაციებს. რაღა უნდა ფანჯარაზე შემომჯდარი, ამ ქილისკენ ხარბად მომზირალი კარლსონის წარმოდგენას? არც არაფერი!

სწავლა ჯერ არ დამიწყია, რის წყალობითაც ჩემს წარმოსახვას ჯერ კიდევ სცალია…

P.S. მაინც ვივლი ველოსიპედით! ოღონდ, ფრთხილად…

Read Full Post »