Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for აგვისტო 28th, 2011

ნახევარი დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა და დროც საკმაოდ მქონდა საიმისოდ, რომ ერთი კარგი ფილმი მენახა. “Shine” – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და მთავარი გმირის (რომლის როლსაც ჯეფრი რაში ასრულებს) უშუალო ხელშეწყობით გადაღებული. ვინც ცოტათი ახლოს მაინც მიცნობს, კარგად მოეხსენება ებრაელებისადმი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ. ამ ფილმის წყალობით კი დღეს კიდევ ერთი პატივსაცემი ებრაელი აღმოვაჩინე – დევიდ ჰელფგოტი.

ემოციური და საკმაოდ მძიმე ფილმია, მისი ყურებისას არონოფსკის “შავი გედი” გამახსენდა, ლამის სრულიად კაცობრიობა რომ აღაფრთოვანა და მე არ მომეწონა (მხოლოდ ნატალი პორტმანის წვლილი დავაფასე). თუმცა, “შავი გედისგან” განსხვავებით, “ნათებამ” ხანგრძლივი და დადებითი ემოციები დამიტოვა.

ნიჭიერი ადამიანის ხვედრი უმძიმესი შრომაა წარმატების მისაღწევად. იმდენად მძიმე შრომა, რომ შესაძლოა, შენს თავში ყველაფრის ჩაკვლა მოგიწიოს – იმ პატარა ბიჭისაც კი, კლასობანასთვის დახაზულ უჯრებში ასკინკილით რომ დახტოდა. ამ ბიჭმა შესაძლოა, მოგვიანებით, ფსიქიატრიული საავადმყოფოს კედლებში გაიღვიძოს. შესაძლოა, ამ ყველაფერმა თავი ისე დაგაკარგვინოს, რომ შარვლის ჩაცმა ან საკუთარი სახლის მისამართი გავიწყდებოდეს. არა, თავი არ დაგიკარგავს, მაგრამ თავში მხოლოდ მუსიკაა – ტიტანური, საოცარი მუსიკა.

მშობელი, რომელსაც გენიოსის გაზრდის დაუოკებელი სურვილი ღრღნის, შესაძლოა, გამხეცდეს, თუკი გრძნობს, რომ შვილის ნიჭი და შესაძლებლობები მის კონტროლს აღარ ემორჩილება.  ვაჟის სამუდამოდ დაკარგვის შიშით შესაძლოა, ბარიერად იქცეს შვილისთვის. ადამიანმა, რომელიც ყოველთვის გვერდით გედგა, გეხმარებოდა და გამხნევებდა, შესაძლოა, ისევე დაგინგრიოს ცხოვრება, როგორც ერთ დროს მას დაუმტვრიეს ვიოლინო. შესაძლოა, მშობელმა ინახულოს შვილი მხოლოდ მაშინ, როცა მისი ნიჭი მისსავე საზიანოდ შემობრუნდა და ახლა მხოლოდ კაფეში თავშეყრილი უსაქმურებს თუ ართობს. ინახულოს ისე, რომ ვერ დაძლიოს თავისი სიამაყე; არ გაუმხილოს, როგორ ტიროდა, როცა მის დაკრულ რახმანინოვს ისმენდა – მამა-შვილის ოცნების ნაწარმოებს.  სწორედ ამიტომ ჭაობიდან თავდაღწეული, მამის საფლავზე მისული შვილი ვეღარაფერს იგრძნობს.

წარმატება აუცილებლად მოვა, თუკი ასე ძალიან გიყვარს საკუთარი საქმე. უფრო სწორად, ეს საქმეც აღარაა, ეს უკვე გულისცემა და ცხოვრების რიტმია. შესაძლოა, სამყაროს აღქმაც კი დაკარგო, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მხოლოდ ნოტების გადაშლა შეგეძლოს, უკვე ასაკში შესულმა მისცე ყველა იმ ცელქობის უფლება საკუთარ თავს, რაც კი ბავშვობაში დაგაკლდა. მთავარი ისაა, რომ უფსკრულში გადაჩეხილმაც კი არ დაკარგო ყოველივე ის, რაც ზემოთ ამოსვლაში თუ არ დაგეხმარება, ხელის შემშველებელს მაინც გაპოვნინებს, იქნებ მეორე ნახევარსაც – სიყვარულის უნარი, შინაგანი სისუფთავე, გულწრფელობა. სწორედ ეს აგატირებს ბოლოს, როცა კვლავ გაიგონებ გულწრფელ და აღფრთოვანებულ აპლოდისმენტებს, მაყურებელთა შორის საყვარელ ადამიანებს – დედასა და ცოლს დაინახავ და იგრძნობ, რომ ბნელი და ცარიელი დერეფანი უკვე უკანაა, წინ კი – მხოლოდ სინათლე.

ბოლოს – არაჩვეულებრივი მუსიკა, რომელიც მთელ ფილმს გასდევს ფონად:

Read Full Post »