Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for აგვისტო, 2011

ჩემი დიასახლისი ევროპელისათვის უჩვეულოდ გულისხმიერია. ადრეც ვახსენე სტერეოტიპი რომ მაქვს გამჯდარი ევროპელების გულგრილობის თაობაზე, რაც ამ ქალბატონის დადასტურებისამებრ, მთლად უსაფუძვლო ნამდვილად არაა. ჰოდა, ამ გამონაკლისმა რამდენიმე დღის წინ თავისთან დამპატიჟა. იცოდა, რომ სახლში მარტო ვიყავი და სამეცადინოც ჯერ არაფერი მქონდა.

რა თქმა უნდა, ვესტუმრე! დღის პირველი ნახევარი კოკისპირულად წვიმდა, ნაშუადღევს კი გამოიდარა, ჩემდა საუბედუროდ… გამოვიყვანეთ (მისი) ველოსიპედები და სასეირნოდ წავედით.

მინდა გითხრათ, რომ ეს სამოც წელს მიღწეული მანდილოსანი ჩემზე ყოჩაღად იჯდა ველოსიპედზე. მე კი დიდი ჯაფა მადგა – გარდა იმისა, რომ მანევრირებისას საჭეს ძლივს ვიმორჩილებდი, ქარიც ამოვარდა და წონასწორობის შენარჩუნებაში ესეც მიშლიდა ხელს.  რას ნიშნავს მაინც პრაქტიკა!

მაგრამ მთავარი შემდეგ უნდა მომხდარიყო თურმე! ერთ-ერთ მოსახვევში, რომელსაც წინ დაღმართი უძღოდა, ინერციით დიდი სისწრაფე ავკრიფე, მოხვევა ვეღარ მოვასწარი და ველოსიპედიანად გადავეშვი გზისპირა მდინარეში.

ვერ მოგატყუებთ, თვალწინ მთელმა ცხოვრებამ გამირბინა-მეთქი, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მაგრამ ორმა საღმა აზრმა ნამდვილად მოასწრო მოფრენა. პირველმა მაშინ გამიელვა, დგაფუნი რომ გავიგონე და თვალწინ მხოლოდ მღვრიე სიმწვანე დავინახე: “ძალიან ღრმა ხომ არაა?”. თუმცა, იგი ფსკერზე ფეხის დადგმისა და ამოყვინთვისთანავე ჩაანაცვლა რიგით მეორემ და უფრო პრაგმატულმა: “ველოსიპედი!!!” მშველელად მოვლენილ ახალგაზრდა ქერათმიან ყმაწვილს ჩემი ფიქრების მპყრობელი ნივთი მივაწოდე და მეც მალე ამოვედი გზაზე. ჩემს დიასახლისს კი გაოგნებისა და ატეხილი ხარხარის მიუხედავად ჩემი მარცხის ფოტოზე ასახვა უკვე მოესწრო და ინტერვიუს ჩამოსართმევად მომვარდა. დოკუმენტური მასალა დღემდე ინახება მის აიფონში.

საბედნიეროდ, ველოსიპედი ჩემსავით მთელი და უვნებელი აღმოჩნდა, თორემ დამატებითი და არცთუ მცირე ხარჯის თავი ნამდვილად არ მქონდა. ინციდენტის მიზეზს რაც შეეხება, ჩემს უბედურებაში დამნაშავე არც მეტი, არც ნაკლები, ტექნიკური პროგრესი აღმოჩნდა. ერთი მითხარით, საიდან უნდა მცოდნოდა მე, საბჭოთა ველოსიპედზე გაზრდილ ბავშვს, სოფლის უკაცრიელ გზებზე რომ დაქროდა და თავი ბუცეფალზე წარმოედგინა, რომ ამ გაზიზინებულ, ევროპულ მოდელს მუხრუჭები საჭეზე ჰქონდა? მე მეგონა, პედლების უკუღმა დატრიალება ველოსიპედის გასაჩერებლად უნივერსალური მეთოდი იყო.

ჩემდა მეორედ საბედნიეროდ, თან არც მობილური მქონია, არც ფოტოაპარატი და მით უმეტეს, ლეპტოპი. წყალიც თბილი იყო და ამჯერად უვნებლად გადავრჩი. მე და ქალბატონმა დიასახლისმა, რომელიც მთელი გზა ყველა შემხვედრს აფრთხილებდა, ჩემგან დისტანცია დაეცვათ, სეირნობა მაინც გავაგრძელეთ, შემდეგ კი მისსავე სახლში წავედით, სადაც მე შხაპში შემაგდო, ჩემი ტანსაცმელი კი – სარეცხ მანქანაში.

მაინც იღბლიანი მეთქმის – კიდევ კარგი, ავარია ქალაქგარეთ მომივიდა და არა ქუჩაში, თორემ ამ პოსტის წერის გუნებაზე ნამდვილად არ ვიქნებოდი ახლა. ჩემი მარცხის შესახებ ოჯახის წევრებისთვის არ მითქვამს, რადგან ვიცი, მთელი ჩემი აქ ყოფნის დროის განმავლობაში იმაზე ინერვიულებენ, როგორ დავდივარ ქალაქში.

ჩემმა დიასახლისმა დღეს საჩუქარი მომიტანა, როგორც თვითონ მითხრა – თავისი დანაშაულის გამოსასყიდად, რადგან ველოსიპედის გაჩერება არ მასწავლა. სურნელოვანი სანთელი, რომელსაც ძველებური მურაბის ქილის ფორმა აქვს, ახლა ჩემს პატარა მაგიდაზე დგას, დროდადრო თავს ვხდი და ოთახში კენკრის მძაფრი სუნი დგება. ჰოდა, ამით კიდევ ერთი მიემატა ჩემს ლინდგრენისეულ ასოციაციებს. რაღა უნდა ფანჯარაზე შემომჯდარი, ამ ქილისკენ ხარბად მომზირალი კარლსონის წარმოდგენას? არც არაფერი!

სწავლა ჯერ არ დამიწყია, რის წყალობითაც ჩემს წარმოსახვას ჯერ კიდევ სცალია…

P.S. მაინც ვივლი ველოსიპედით! ოღონდ, ფრთხილად…

Read Full Post »

გუშინ ერთი ალიაქოთი იყო სოც. ქსელებში – სიები დაიდოო, დროზე გაიგეთო, არა, ეჭვი კი არ მეპარება, მაგრამ მაინც გადაამოწმეო, შენ მაინც პირველი იქნები, მაგრამ დააზუსტეო და ა.შ. ზოგსაც ეცინებოდა, თუნდაც ყველაზე რეიტინგულ სასწავლებელში მოხვედრა რატომ უნდა გიხაროდეს ასე, ბოლოს და ბოლოს, გურჯისტანის რიგითი უნივერსიტეტიაო.

მოკლედ, კაცია და გუნება კი არადა, იუზერია და სტატუსი, მაგრამ მე ძალიან გამიხარდა ჩემი ერთი მეგობრის ამბავი. ვირტუალური  მეგობრის, მაგრამ მგონი, სწორედ ესაა ის შემთხვევა, როცა ადამიანთან უამრავ საერთოს პოულობ და რეალური დისტანცია პრობლემა აღარ არის.

ჩემი სეხნია და მომავალი ჩემი კოლეგა მართლა ძალიან ჭკვიანი ბავშვია, თუმცა, საკუთარი ძალების რწმენა აკლია და ინიციატივის გამოჩენასაც ერიდება. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ სასურველ სასწავლებლებს შორის ზემოხსენებული ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტი კი არ ჩაწერა, არამედ სრულიად სხვა. რა თქმა უნდა, პირველივე მათგანში მოხვდა, მაგრამ მისი ნიჭი და უნარები გულწრფელად მენანება ამ უნივერსიტეტისთვის და სამომავლო პერსპექტივებიც არცთუ სახარბიელო ჩანს. სწორედ ამიტომ რეგისტრაციის პირველი დღიდანვე ყურებს ვუჭედავ თბილისში გადმოსვლის აუცილებლობის დამადასტურებელი არგუმენტებით.

ჭკვიანი და შრომისმოყვარე ადამიანების პრობლემა ხშირად სწორედ ისაა, რომ პასიურები არიან; ფიქრობენ, რომ შრომა უპირველესია, რომ მათი ცოდნა ადრე თუ გვიან აუცილებლად დაფასდება, რომ თუ გამორჩეული იქნები სწავლით, ყველაფერი თავისთავად მოვა. ცოდვა გამხელილი სჯობს და ჩემი მეგობრის შემთხვევაში ეს მშობლების “ბრალიცაა”, ისინი სხვა დროსა და სიტუაციაში მოღვაწეობდნენ და არ იციან, თუ რა ბრძოლაა საჭირო დღეს თავის გამოსაჩენად, რაც წარმატებული მომავლის წინაპირობაა. სწორედ ამიტომ იყო, რომ მათი ქალიშვილი ერთხელ უკვე დაუმსახურებლად გამოაკლდა არცთუ უმნიშვნელო ღონისძიებას. სამაგიეროდ, მე ვიცი, რადგან ჩემს ირგვლივ უამრავი ნიჭიერი და განათლებული ადამიანია, რომელთაც ვერა და ვერ მიეცათ ამ ცოდნის გამოყენების შანსი და არსებობს იმის საფრთხე, რომ ასე უსახელოდ დაიკარგონ. არადა, ნებისმიერი დამსაქმებელი ინატრებდა ასეთ პროფესიონალს. მოკლედ, ესაა ჩვენი რეალობა!

ჩემი მეგობარი ჩემი ბლოგის აქტიური მკითხველია და ამ ფორმითაც მივაწვდი სათქმელს: სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სტატიკური, მხოლოდ შენს თავში არსებული ცოდნა არაფერს გარგებს. ეს ცოდნა სხვებსაც უნდა დაანახო, ამისთვის კი ინიციატივა და აქტიურობაა საჭირო და ეს აუცილებლად უნდა გამოიმუშავო, საამისო ასპარეზი კი მანდ თითქმის არ არის! ამიტომ, აუცილებლად იფიქრე იმაზე, რასაც სულ გიმეორებ. წელიც რომ გაგიცდეს, ეგ არაფერია, ჯერ პატარა ხარ და ყველაფერს მოასწრებ!

ყველა სტუდენტს ვუსურვებ წარმატებებს, გაუმჯობესებულ სიტუაციას საქართველოს ყველა სასწავლებელში და გირჩევთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები!

ეს ყველაზე მთავარია!

Read Full Post »

ნახევარი დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა და დროც საკმაოდ მქონდა საიმისოდ, რომ ერთი კარგი ფილმი მენახა. “Shine” – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და მთავარი გმირის (რომლის როლსაც ჯეფრი რაში ასრულებს) უშუალო ხელშეწყობით გადაღებული. ვინც ცოტათი ახლოს მაინც მიცნობს, კარგად მოეხსენება ებრაელებისადმი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ. ამ ფილმის წყალობით კი დღეს კიდევ ერთი პატივსაცემი ებრაელი აღმოვაჩინე – დევიდ ჰელფგოტი.

ემოციური და საკმაოდ მძიმე ფილმია, მისი ყურებისას არონოფსკის “შავი გედი” გამახსენდა, ლამის სრულიად კაცობრიობა რომ აღაფრთოვანა და მე არ მომეწონა (მხოლოდ ნატალი პორტმანის წვლილი დავაფასე). თუმცა, “შავი გედისგან” განსხვავებით, “ნათებამ” ხანგრძლივი და დადებითი ემოციები დამიტოვა.

ნიჭიერი ადამიანის ხვედრი უმძიმესი შრომაა წარმატების მისაღწევად. იმდენად მძიმე შრომა, რომ შესაძლოა, შენს თავში ყველაფრის ჩაკვლა მოგიწიოს – იმ პატარა ბიჭისაც კი, კლასობანასთვის დახაზულ უჯრებში ასკინკილით რომ დახტოდა. ამ ბიჭმა შესაძლოა, მოგვიანებით, ფსიქიატრიული საავადმყოფოს კედლებში გაიღვიძოს. შესაძლოა, ამ ყველაფერმა თავი ისე დაგაკარგვინოს, რომ შარვლის ჩაცმა ან საკუთარი სახლის მისამართი გავიწყდებოდეს. არა, თავი არ დაგიკარგავს, მაგრამ თავში მხოლოდ მუსიკაა – ტიტანური, საოცარი მუსიკა.

მშობელი, რომელსაც გენიოსის გაზრდის დაუოკებელი სურვილი ღრღნის, შესაძლოა, გამხეცდეს, თუკი გრძნობს, რომ შვილის ნიჭი და შესაძლებლობები მის კონტროლს აღარ ემორჩილება.  ვაჟის სამუდამოდ დაკარგვის შიშით შესაძლოა, ბარიერად იქცეს შვილისთვის. ადამიანმა, რომელიც ყოველთვის გვერდით გედგა, გეხმარებოდა და გამხნევებდა, შესაძლოა, ისევე დაგინგრიოს ცხოვრება, როგორც ერთ დროს მას დაუმტვრიეს ვიოლინო. შესაძლოა, მშობელმა ინახულოს შვილი მხოლოდ მაშინ, როცა მისი ნიჭი მისსავე საზიანოდ შემობრუნდა და ახლა მხოლოდ კაფეში თავშეყრილი უსაქმურებს თუ ართობს. ინახულოს ისე, რომ ვერ დაძლიოს თავისი სიამაყე; არ გაუმხილოს, როგორ ტიროდა, როცა მის დაკრულ რახმანინოვს ისმენდა – მამა-შვილის ოცნების ნაწარმოებს.  სწორედ ამიტომ ჭაობიდან თავდაღწეული, მამის საფლავზე მისული შვილი ვეღარაფერს იგრძნობს.

წარმატება აუცილებლად მოვა, თუკი ასე ძალიან გიყვარს საკუთარი საქმე. უფრო სწორად, ეს საქმეც აღარაა, ეს უკვე გულისცემა და ცხოვრების რიტმია. შესაძლოა, სამყაროს აღქმაც კი დაკარგო, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მხოლოდ ნოტების გადაშლა შეგეძლოს, უკვე ასაკში შესულმა მისცე ყველა იმ ცელქობის უფლება საკუთარ თავს, რაც კი ბავშვობაში დაგაკლდა. მთავარი ისაა, რომ უფსკრულში გადაჩეხილმაც კი არ დაკარგო ყოველივე ის, რაც ზემოთ ამოსვლაში თუ არ დაგეხმარება, ხელის შემშველებელს მაინც გაპოვნინებს, იქნებ მეორე ნახევარსაც – სიყვარულის უნარი, შინაგანი სისუფთავე, გულწრფელობა. სწორედ ეს აგატირებს ბოლოს, როცა კვლავ გაიგონებ გულწრფელ და აღფრთოვანებულ აპლოდისმენტებს, მაყურებელთა შორის საყვარელ ადამიანებს – დედასა და ცოლს დაინახავ და იგრძნობ, რომ ბნელი და ცარიელი დერეფანი უკვე უკანაა, წინ კი – მხოლოდ სინათლე.

ბოლოს – არაჩვეულებრივი მუსიკა, რომელიც მთელ ფილმს გასდევს ფონად:

Read Full Post »

სამზარეულო

უკვე თავისუფლების ბოლო დღეებს ვითვლი და სიზარმაცეს ბოლომდე ვავლენ, რადგან ვიცი, მალე ამას ვეღარ მოვახერხებ. ეს სიზარმაცე სამზარეულოსაც ეხება, სადაც მხოლოდ ყავის დასასხმელად ან მაცივრიდან იოგურტის გამოსაღებად შევდივარ.

დიდი მსუნაგი ვინმე კი ვარ, მაგრამ სახლში მარტო ყოფნისას ჭამაც კი მეზარება. ჰოდა, გუშინ ზურას ფოტო ვნახე ფეისბუქზე, მერე კულინარიის გვერდს გადავაწყდი და შემრცხვა – ქალი ვარ და არც კი ვიცი, რამდენი დღეა, მარტივი სადილიც კი არ გამიკეთებია. სიმართლე გითხრათ, მე ყოველთავის იმ აზრის ვიყავი, რომ კაცები უკეთესი მზარეულები არიან.

თუმცა, ეს მთლად ჩემი ბრალიც არაა. მიჩვეული ვარ, რომ ბაზარში უნდა წავიდე და გროვად დაყრილი პროდუქტებიდან საუკეთესო ამოვარჩიო, ავაწონინო და სახლში მოსულმა მაცივარი გავავსო. აქ კი, სუპერმარკეტში სათითაოდ შეფუთულ ხილსა და ბოსტნეულს რომ ვხედავ, პლასტმასის მგონია და ვფიქრობ, რომ გემოც ასეთივე ექნება. პურსა და მზა საჭმელებს შეგნებულად არ ვყიდულობ – გასუქებისა და გაზარმაცების მეშინია (ამაზე მეტად რაღა გამაზარმაცებს, მაგრამ მაინც). სამიოდე დღის წინ პასტა ვიყიდე ზრდილობისათვის, მაცივარში შევაგდე და დღემდე იქ განისვენებს.

ამინდი

წვიმას ძალიან უყვარს აქაურობა, ალბათ, ნისლიანი ალბიონის მსგავსად. ჰოდა, ლინდგრენისეული განცდები მიმძაფრდება, წვიმის ხმაურს რომ ვუსმენ – აი, პელე რომ სხვენზე იჯდა ხოლმე წვიმაში და ოცნებობდა.

გლობალური დათბობა აქაურ კლიმატზეც აისახა. ორიოდე დღის წინ წვიმაში ბოლო ძაფამდე დავსველდი, არადა, უნივერსიტეტში მივდიოდი. თბილისში ასე გალუმპულს სადმე წასვლა ალბათ, შემრცხვებოდა, მაგრამ რამდენიმე სოლიდური მამაკაცი რომ დავინახე, ქურთუკის შიგნით გაწუწული პერანგები და ჰალსტუხები რომ უჩანდათ, კარგ ხასიათზე დავდექი და თამამად ავედი ტრამვაიში. კარგადაც მოვიქეცი, რადგან დღის მეორე ნახევარში მზემ ისე დააჭირა, რომ ყველაფერი ზედვე შემაშრა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ალბათ მოსიარულე ღრუბელს ვგავდი. ცუდი მხოლოდ ისაა, რომ იქიდან მოყოლებული ცხვირში მასრუტუნებს.

უნივერსიტეტი

ჰო, კამპუსი უკვე დავათვალიერე, საკმაოდ დიდია. ამ შთაბეჭდილებას ის ამძაფრებს, რომ ყველა შენობა ერთ ადგილასაა თავმოყრილი (სამედიცინო ცენტრის გამოკლებით) და არა თსუ-სავით გაფანტული მთელ ქალაქში. ამაზე ვრცლად მერე, ბოლოს და ბოლოს, მანდ ჩემი აქ ყოფნის დროის ძირითადი ნაწილი უნდა გავატარო.

ხალხი

მოსახლეობა ჭრელია – აქ არის ძალიან ბევრი შავკანიანი, მუსლიმი და აზიელი. მგონი, იმდენივე, რამდენიც ქერათმიანი ჰოლანდიელი. ჰოლანდიელები საკმაოდ მაღალი და კარგი აღნაგობის ხალხია, რაც სულაც არაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ და თითოეულ ოჯახში ხუთი-ექვსი ველოსიპედი მაინც გდია. ახალგაზრდებს იშვიათად აქვთ მაკიაჟი და ძირითადად სპორტულად აცვიათ. მათ შემხედვარეს ლამის ხელახლა გამეღვიძოს ქერა თმების ფეტიში, თუმცა, ვაღიარე, რომ ბუნებრივად ქერას აშკარად სხვა ეფექტი აქვს. ბავშვები განსაკუთრებით საყვარლები არიან თვალისმომჭრელი ქერა თმებით.

ქუჩაში ბოდიალისას, როცა რაიმეს მიგნებას ვცდილობ და ვერ ვახერხებ, სწორედ ტიპიურ ჰოლანდიელებს ვარჩევ. რატომღაც მგონია, რომ ისინი უფრო დამეხმარებიან. ჯერჯერობით არც შევცმდარვარ, სულ ღიმილ-ღიმილითა და კეთილი სურვილებით მაკვალიანებენ.

ქართველები ჯერ არ შემხვედრიან, მხოლოდ რამდენიმე რუსი ყმაწვილი ვნახე. რუსულად რომ დაველაპარაკე, ასე მეგონა, მშობლიურ ენაზე ვლაპარაკობდი, უკვე იმდენად გამომეჭედა თავი სუფთა თუ ჰოლანდიური “ღ”-ნარევი ინგლისურით. დიდად ვერ დავუახლოვდები ალბათ, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, ქართველებზე დაბოღმილი შოვინისტები არ აღმოჩნდებიან.

ქალაქი

ცენტრი ტიპიური თანამედროვე ქალაქია – ოფისებითა და სავაჭრო ცენტრებით. პერიფერიები კი ძველებური დასახლების შთაბეჭდილებას ტოვებს – ორ ან სამსართულიანი, წითელსახურავიანი სახლები, სახლის წინ პატარა ყვავილნარები, ქუჩებს შორის მწვანე გაზონები, ზოგან კი დუმფარამოდებული გუბურები ზედ მოდრეიფე იხვებით, გედებითა და ნავებით.

ემოციები

ნელ-ნელა ვეგუები აქაურობას და თავსაც კარგად ვგრძნობ. ცოტა არ იყოს, სინდისი მაწუხებს, თავი გულცივი და უგრძნობი მგონია. იქნებ სხვები ცუდად არიან ჩემს გამო, მე კი ყვავილნარების ცქერით ვტკბები აქ.

ვიცი, ოდესმე უნდა შევჩვეოდი, მაგრამ ძალიან სწრაფად ხომ არ მივეჩვიე?…

Read Full Post »

“ბლოგერმა უნდა პოსტოს – კრიტიკული ზღვრის გადალახვის შემდეგ რაოდენობა გადადის ხარისხში” – ბრძანა ლორდმა, ჰოდა, რა უფლება მაქვს, არ დავეთანხმო. ამ ბლოგზე თავს ახალბედასავით ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ბლოგერობის სტაჟი თითქოსდა მაქვს.

რაზე დავწერო? აქ მოძრაობა რომ მოწესრიგებულია, ქუჩაში სიგნალი არ ისმის, მანქანები რომ ქვეითს ყოველთვის გზას უთმობენ, უკვე მოძველებული ამბავია. ჩემი მიზანიც ნამდვილად არაა იმაზე ქაქანი, თუ რა უკან ვართ ჩვენ… მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ევროპა მთელ რიგ საკითხებში ჩვენზე მეტად იყო განვითარებული. მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ რაც არ უნდა დიდ წარმატებებს (ჯერჯერობით, თეორიულად) მივაღწიო საზღვარგარეთ, საბოლოოდ მაინც ჩემს “ბნელ” და “ჩამორჩენილ” ქვეყანაში უნდა დავბრუნდე. ამიტომაა, რომ ძალიან მომწონს ყველაფერი ის, რისი ნახვაც ამ პერიოდში მოვასწარი, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ ეს ყოველივე ჩემი არაა.

ახლა აკლიმატიზაცია-ადაპტაციის პერიოდი მაქვს და ყველაფერი ნერვებზე მოქმედებს… ადამიანები ნეტავი თუ ხვდებიან, როგორ მშველის თითოეულის მიერ ღიმილით გაწეული დახმარება, როცა რაიმეს ვერ ვაგნებ და როგორ მიკვირს და მაღიზიანებს City Hall-ის თანამშრომლების უჟმური სახეები. დღეს უნივერსიტეტის კამპუსიც დავათვალიერე და ამ უზარმაზარ შენობებს შორის მოქცეულმა თავი უმწეოდ ვიგრძენი.

თუმცა, ამ ნეგატიური განცდების ფონზე არის რამდენიმე რაღაც, რაც კარგ ხასიათზე მაყენებს:

– იხვები და გედები ქუჩისპირა გუბურებში – ჩვენთან ვინ გააჩერებს, დაიჭერენ და

გედი, რომელიც მშვიდად ისწორებს ფრთებს ქუჩის პირას

შეჭამენ ალბათ;

– ამავე გუბურებზე გადებული, ხშირად ტირიფებით დაჩრდილული ხიდები – ზემელის მხატვარს დახატვა რომ მოუნდება, ისეთია სწორედ;

– ფანჯრიდან გახედვისას სახურავების დანახვა, საითაც არ უნდა გავიხედო – თავი კარლსონი მგონია;

– წყალზე გადმომდგარ ბაქანზე შემოსკუპული სახლები და წინ მოქანავე ნავები – სალტკროკა გამახსენდა, სიამოვნებით ვიცხოვრებდი ასეთ სახლში. ნეტავ, ვერ ვიქირავებ?;

–  ჰალსტუხიანი სერიოზული ჯენტლმენები და პიჯაკებში გამოწყობილი, ქუსლებზე ამხედრებული ქალბატონები, ველოსიპედებით რომ ჩამიქროლებენ ხოლმე;

– იმავე ველოსიპედების წინა და უკანა სავარძელზე შესკუპული ქერათმიანი ბავშვები;

– ის, რომ დღეს ორმა ადამიანმა მთხოვა ქუჩაში დახმარება და მე გზა მივასწავლე (ვშინაურდები, მგონი!).

და ბოლოს,  ბოდიში მკითხველს: პოსტის უხარისხობისათვის – როგორც ჩანს, ის კრიტიკული ზღვარი ჯერ არ გადამილახავს.

Read Full Post »

Older Posts »