Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

რა სჯობს მოგზაურობას.

ახლა უფრო ვაფასებ იმ დროს, როცა თავისუფლად შეიძლებოდა მოგზაურობის დაგეგმვა. მოგზაურობა კი არა, დაგეგმვა: იაფი ბილეთების ძიება, ადგილების შერჩევა, დღეების თვლა… ესეც კი ერთი სიამოვნება ყოფილა. ახლა რა აზრი აქვს რაიმეს თვალიერებას, გეკითხებით მე თქვენ?

ბოლო მოგზაურობა 2019 წლის იანვარში შედგა, პოლონეთში.

ადრე დავწერე ჩემს სწრაფვებზე პოლონეთისკენ, ზღაპრების და ლეგენდების სიყვარულზე, მგონი, ამ ბლოგზეც შემორჩა ის პოსტი.

2019 წლის იანვარი ყველაზე ხელსაყრელი მომენტი იყო ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მოგზაურობისთვის, რადგან ზაფხულში მეორე შვილს ველოდით და ორივეს გვესმოდა, რომ კარგა ხნით ჩაყვინთავდა ჩვენი მოგზაურობის შესაძლებლობა. ისე აგიხდეთ ყველაფერი…

რას ავირჩევდით, თუ არა ყველაზე პოპულარულ (და იაფ) ვროცლავს. ორდღიანი ტურისთვის საკმარისია სრულიად. პოლონეთის პატარა ქალაქია, ევროპული სტილის, ლამაზი, კოპწია.

მაგრამ როგორც იყო, ისე დავიწყოთ.

მოგზაურობის პირველი ეტაპია მგზავრობა თბილისიდან კოპიტნარამდე. გორში ამოსული ვაშლის გამყიდველი დღემდე მახსენდება ხოლმე, ექვს მგზავრში ვაშლის მსურველი რომ ვერ აღმოაჩინა და იმედგაცრუებული ჩავიდა. სინდისმა შემაწუხა თითქოს, მე რომ სამოგზაუროდ მივბრძანდებოდი.

მაგრამ სინდისის ქენჯნა მერე ვიგრძენი, აერობუსის ბორტზე სულ ექვსნი რომ აღმოვჩნდით ტურისტული მისიით. ყველა სხვა დანარჩენი მგზავრი პოლონეთში სეზონურ სამუშაოზე მიიჩქაროდა თურმე. ტურისტები ხომ ისეთები წარმოგვიდგენია: ენთუზიაზმით სავსე, კომფორტული ტანსაცმლით, ცოტა ბარგით, ხელში რუკით, ნახევრად დაცლილი წყლის ბოთლით, მეწყვილესთან დაუღალავად მოქაქანე. კოპიტნარის მოსაცდელი კი დაღლილი, მზერაჩამქრალი, ხელებდაკოჟრილი ხალხით იყო სავსე. ყველა სიკეთესთან ერთად ვროცლავის აეროპორტში ერთ-ერთმა ტელეფონი რუსულად მთხოვა (გაუფერულებული თმის ეფექტი იყო ალბათ). ასე კონტექსტიდან ამოვარდნილები ჩამოვედით ქალაქში და კითხვა-კითხვით მივადექით სასტუმროს.

ჰო, მართლა. თუ რაღაც სასწაულით Tripadvisor-ის რჩევებამდე ამ ბლოგზე აღმოჩნდით, არავითარ შემთხვევაში დაახურდავოთ ევრო აეროპორტის გადამცვლელ პუნქტში. ტურისტებს ძარცვავთო, ჩვენი თანამემამულეები ხშირად საყვედურობენ მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს, მაგრამ აი, ძარცვა ეგაა, თუა.

სასტუმროში მოვეწყვეთ (არც ისე ძვირია, სხვათა შორის, ჰოსტელებისთვის უკვე დავბერდით), მეორე დილით მოურიდებლად ავითვისეთ საფასურში შემავალი საუზმე და ქალაქში გავედით.

როგორც უკვე ვთქვით, პატარა და კოპწია ქალაქია. როგორც ყველა ევროპულ ქალაქს, აქვს მთავარი მოედანი, რომელსაც გარს ერტყმის ევროპულად წაწვეტებულსახურავიანი სახლები (ვგიჟდები ამ მოედნებზე) და აქვეა ქალაქის რატუშა. ამავე მოედანზეა მაკდონალდსი და ბურგერ კინგი, კაფე-რესტორნები და მაღაზიებიც. სამწუხაროდ, ვროცლავის ცნობილი შადრევანი გამორთული დაგხვდა.

ზამთარი ცივია. პირველი, რაც გავაკეთეთ, ახლომდებარე Wroclawia-ს სავაჭრო ცენტრში შევედით და თბილი ქუდები ვიყიდეთ. ჩვენ თბილისურად წავედით, თავშიშველები. ისე ციოდა, რომ მთელი დღე გარეთ ვერ ვძლებდით, ქალაქში ორ ცვლად გავდიოდით – დილით და ნაშუადღევს.

პირველ დღეს სავაჭრო ცენტრები და მთავარი მოედანი ავითვისეთ. სავაჭრო ცენტრი სულ სამია: ზემოხსენებული Wroclawia, Renoma და მესამის სახელი აღარ მახსოვს. საშოპინგოდ დიდი არაფერი ქალაქია, თითქმის იგივე ბრენდებია, რაც ჩვენთან, მხოლოდ ССС და Esprit მომხვდა თვალში. და Orsay-ც, ჩვენთან ხომ აღარ არის უკვე.

კიდევ ერთი რამ, რაც ევროპულ ქალაქებში მიყვარს, არის ტრამვაი. რა სჯობს: ზიხარ შენთვის, მისრიალებ, გარემოს არ აბინძურებ, სწრაფია და როგორც წესი, ყველგან მიგიყვანს.

მეორე დღეს გადავწყვიტეთ ტუმსკის კუნძულზე წავსულიყავით. როგორც გადმოცემით ვიცოდი, ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. თუმცა, კუნძულზე მეტად ნახევარკუნძული უფროა ალბათ. ვინაიდან ზუსტად არ ვიცოდით, რომელ გაჩერებაზე უნდა ჩამოვსულიყავით, ტრამვაის უფრო შორს გავყევით და სრულიად შემთხვევით ძალიან დიდ, ლამაზ და დათოვლილ პარკში აღმოვჩნდით. გავისეირნეთ, სურათები გადავიღეთ, სუპერმარკეტში საგზალი მოვიმარაგეთ და უკანა გზაზე კუნძულთან ჩამოვედით.

ტუმსკი მართლა ულამაზესი ადგილია ან ზამთარსა და თოვაში იყო ასეთი მომნუსხველი გაყინული ოდერი. მდინარეზე ხიდია, რომლის მოაჯირზეც ტრადიციული ბოქლომები შეუხუნძლავთ. აქვეა ძველი ორკოშკურიანი შენობა და ეკლესია, რომელშიც ძალიან ლამაზი შობის ინსტალაცია ვნახეთ, ვიტრაჟებთან ერთად. კუნძულს პარკი ეკვრის. ალბათ ზაფხულშიც ძალიან კარგი იქნება აქეთ გასეირნება, განსაკუთრებით, ნავით.

კუნძულიდან მომავლებმა ბურგერ-ბარი ვიპოვეთ და ძალიან კმაყოფილებიც დავრჩით. ეს ტურისტობის კიდევ ერთი დადებითი მხარეა – იმდენს დადიხარ ფეხით, რომ ჭამის მხრივ თავის შეზღუდვა აუცილებელი აღარაა.

იმავე საღამოს გადავწყვიტეთ, ცოტაც გვეხეტიალა. სასტუმროდან ცენტრის მოპირდაპირე მხარეს წავედით და ქალაქის გარეუბანში აღმოვჩნდით. აქ გრძლად ჩარიგებული, ორსართულიანი და ალბათ დაბალჭერიანი სახლებია, მაგრამ არ ვიცი, ამ სახლების წინ ჩარიგებული ბუჩქების, ქვაფენილის, თოვლის თუ მოგზაურობის მონატრების დამსახურება იყო, რომ ეს შედარებით მოკრძალებული უბანიც კი ძალიან ლამაზი მეჩვენებოდა.

ასე ვიხეტიალეთ ფეხების გაფიჩხებამდე და სასტუმროში დავბრუნდით. მეორე დილით უკვე ვბრუნდებოდით. დილით სავაჭრო ცენტრში გემრიელი ყავა დავლიეთ და აეროპორტისკენ ავიღეთ გეზი. ერთსაათიანის ნაცვლად ავტობუსის ნახევარსაათიანი ბილეთი ვიყიდეთ და როგორც კი დროს გადასცდა, გული მიკანკალებდა, არავის შეემოწმებინა ბილეთი და ავტობუსიდან არ ჩამოვესვით. გზად ავტობუსმა ერთი მოუვლელი უბანი გაიარა, რომელსაც გარემოვაჭრეებიც არ აკლდა. საბედნიეროდ, კოტროლიორი არ ამოსულა და აეროპორტამდე მშვიდობით მივედით.

ორი დღისთვის სულ ეს იყო.

აქვე ფოტოები:

Hi! Anybody’s here? There?

როდის გამოვაქვეყნე პირველი პოსტი ვორდპრესზე?

არც მახსოვს. ბევრმა წყალმა კი ჩაიარა იმის მერე.

მეც შევიცვალე, ბლოგოსფეროც, სოციალური მედიაც, ცხოვრებაც.

იყო დრო, პოსტის დასაწერად და წარმატებით გასაზიარებლად რამდენიმედღიანი კვლევა, ტექსტის კარგად დალაგება, უკვე წარმატებული ბლოგერისაგან თეგ-თამაშში გამოწვევა ან გალინკვა, მრავალვიზიტორიან ბლოგზე გონებამახვილური, საინტერესო ან სულაც, არაკეთილმოსურნე ან კრიტიკული კომენტარის დატოვება იყო საჭირო, ან სკანდალური სათაური, ან ყველაფერი ერთად. იყო დრო, ვიზიტორებს ვითვლიდი, ტექსტს ვაშალაშინებდი, ადმინ-პანელს ვარეფრეშებდი, ახალ თემებს ვსინჯავდი, კონცეფციაზე და სლოგანზე ვმუშაობდი, დასამახსოვრებელ ავატარს ვარჩევდი. ფოტოებს გუგლში ვეძებდი, ისეთს, პოსტს რომ მოუხდებოდა. დრო იდგა ასეთი: უინსტაგრამო, უსმარტფონო.

კარგი დრო იყო.

ჩაიარა იმ დრომ. იმდროინდელი ბლოგერებიდან უმეტესობა სოციალური მედიის ექსპერტი/მენეჯერი გახდა, ზოგი – ტელეწამყვანი ან ჟურნალისტი, ზოგი – გაქრა, ზოგიც – დარჩა.

ბლოგერების ახალი თაობა წამოსულა, თურმე ნუ იტყვით. სხედან ინსტაგრამზე და საიდანღაც გამოწერილ ამანათებს ხსნიან. ნახეთ, რა მივიღე: ვიტამინების ნაკრები, სახის კანის მოვლის საშუალებები რეტინოლის რეკორდული შემცველობით, თვალის პაჩები, რეზინის ხელთათმანები, სანიტაიზერი, რომელიც ხელს არ აშრობს და ა.შ. ბლოგერები ვართო… რთულია ბლოგერის ცხოვრებაო, სულ იმაზე ფიქრობ, რა გამოაქვეყნოო. ჰმ, თქვენი ცხოვრებაა რთული, თქვენი? მუსიკა გინდა? მანდვეა! ფილტრები? მანდვეა (თავის მოწესრიგებაც კი არაა საჭირო, ვიდეოში რომ ლამაზად გამოჩნდე). მუსიკა, ერთი-ორი მოსექსუალურო მოძრაობა, ბრძნული ციტატა აღწერაში ან სულაც მრავალწერტილი და პოსტიც მზადაა. რთული ბედი გარგუნათ სოციალური მედიის უზენაესმა, ნამდვილად.

იმ კარგ დროში რომ მცოდნოდა, ასე დაეცემოდა ბლოგერის ცნება, ალბათ, ვერ გადავიტანდი :D. როგორი მაღალი ყოფილა სტანდარტი თურმე. გამართულად მაინც უნდა გეწერა, ხათრით რომ წაეკითხა ვინმეს; რამე უნდა წაგეკითხა, შენც რომ გყოლოდა მკითხველი; კარგი ინტელექტუალური თამაში მოგეფიქრებინა, რომ ინტელექტუალი ბლოგერები მოგეზიდა შენსკენ. რას ამბობ-მეთქი, შევიცხადებდი, მე რა ბლოგერი ვარ, ბლოგერი, აი, ისაა-მეთქი. აი, ეს ყოფილა შემეცნება. ახლა?

არადა, რამდენია საწერი. მაშინდელი მოტივაცია რომ მქონდეს, ისეთ პერსონალურ ბლოგს ამოვქოქავდი, შენი მოწონებული! მაშინ ორცეცხლშუა ვიყავი. ანონიმურობას ვიცავდი, არადა, მკითხველიც მინდოდა. რა უნდოდა ერთი ციდა ბლოგოსფეროში ადამიანის ამოცნობას, ამიტომაც, ვფრთხილობდი.

ახლა არც ცნობილ ბლოგერად ჩამოყალიბების სურვილი მაქვს და აღარც საშიშია რამე. მგონი, აღარავინ კითხულობს ვორდპრესის ბლოგებს, წერე, რაც გაგიხარდება! მოსულა ჩემი დროც 😀

იმ ძველი კარგი დროიდან რამდენიმე კარგი ბლოგი შემორჩა. მოლი ბლუმის, ჩემი აზრით, ყველაზე წარმატებული ბლოგი, რაც ქართულ ბლოგოსფეროში არსებულა, დახვეწილი კონტენტით და ძალიან სწორი მენეჯმენტით; ლორდ ვეიდერის “სთაილიშ” ბლოგი, რომელზეც ახლახან წავიკითხე პოსტი მუშკეტერებზე და ის ძველი კარგი დრო გამახსენდა და კიდევ რომელი? ფრიად გაღარიბებულა ჩემი რიდერი. არა უშავს, დასაწყისისთვის ეს ორიც მეყოფა, დანარჩენს მე თვითონ დავწერ.

ვორდპრესზეც ბევრი რამ შეცვლილა. კიდევ კარგი, გალინკვის ფუნქციას მაინც მივაგენი.

ყოფილი ბლოგერი არ არსებობსო, ძველ ბლოგერებს უთქვამთ. კარგია, რომ ეს ბლოგი არ წავშალე. რომ არ მოგატყუოთ, აქაურობის არც კონცეფცია მომწონს, არც ავატარი, აღარც სათაური და აღარც სლოგანი. ხომ ვთქვი, ბევრმა წყალმა ჩაიარა-მეთქი, “ჩემ შესახებ” გვერდიც გასაახლებელია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს! რაც ჩემია, ჩემია.

დასაწყისისთვის საკმარისია.

მოგვიანებით დავბრუნდები და რამეს დავწერ, ისეთს – აზრიანს და ძველებურს.

წვიმიან ბათუმში

“ბათუმი საქართველოს ულამაზესი ქალაქია” – ასე მოკლედ და კონკრეტულად დაუსაბუთა ჩემმა მეუღლემ მოსკოვიდან ჩამოსულ ნათესავს ბათუმში დასვენების აუცილებლობა.

39947226_283612168907199_8371803833080217600_n

მიუხედავად იმისა, რომ ამ თეზისის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ბათუმზე ცოტა მეტის თქმა მინდა.

წლევანდელი ორკვირიანი შვებულების ცხრა წვიმიანი დღე ბათუმში გავატარე, თუმცა, წვიმის, ელჭექის, შტორმის, აღელვებული ზღვისა და სიძვირის მიუხედავად, ეს ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო შვებულება იყო.

ძნელია იმის თქმა, რატომ მიყვარს ბათუმი. თუმცა, თუკი გამოჩნდება თავისუფალი ორი-სამი დღე, მზად ვარ, ისევ მივაშურო.

ბათუმში უმწვანესი, ულამაზესი და ძალიან მყუდრო ძველი ბულვარია, სადაც სეირნობას მართლაც არაფერი სჯობს. დედაქალაქის დატვირთული რეჟიმით დასტრესილი ადამიანისთვის მართლა მისწრებაა ასეთ ადგილას სეირნობა და დროგამოშვებით ზღვის სანაპიროზე გახეტიალება. ასეთ დროს ნერვები ისვენებს, ტვინი სუფთავდება და გულიც უფრო რიტმულად ძგერს.

ძველ ბულვარს ე.წ. “ახალი ბულვარი” ებმის. ეს ერთგვარი გადასვლაა წარსულიდან აწმყოში. ახალი ბულვარი მართლაც ახალია, თუმცა, არც იქ სეირნობაა ურიგო. ახალ ბულვარში მეტი გასართობი, ატრაქციონი, ნაყინის და მოხარშული სიმინდის ჯიხურები და ახალი ქანდაკებები და დეკორაციებია. ტურისტი კი ახალშიც და ძველშიც ბევრია.

ბათუმის სანაპიროზე უზარმაზარი ქვები ყრია და მასზე სიარული მხოლოდ საგანგებო რეზინის ფეხსაცმლით ან სიმწრით დამანჭული სახითაა შესაძლებელი. თუმცა, ბათუმიდან უამრავ ადგილას შეიძლება წასვლა, იმის მიხედვით, თუ რისი ხილვა გვსურს პლაჟზე: ქვიშის, ხრეშის თუ მეტი ტურისტის.

ბათუმში უამრავი ახალი და მშენებარე შენობაა. ძველი ბათუმი ნელ-ნელა იკარგება პირველი ზოლის უკან, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო მაღლა მიიწევს. თუმცა, ქალაქში გასვლას თუ არ დავიზარებთ, ძველი, ორ-სამსართულიანი, ყვავილებით მორთული აივნებით დამშვენებული ბათუმის ხილვაც არაა ძნელი.

ბათუმში ძველი სანაყინე ყოფილა, ე.წ. რვაფეხა. მოზაიკით გაწყობილი დიდი შენობა, საბჭოთა ბავშვების და არა მხოლოდ ბავშვების საყვარელი ადგილი. ახლა მის ადგილას უზარმაზარი ბანერით შემოღობილი ტერიტორიაა,  მაგრამ იმედი მაქვს,  როცა ჩემს შვილს ტკბილეულის ჭამის ნებას დავრთავ, სწორედ აქ მოვალთ ნაყინის საჭმელად.

ბათუმში თევზის ბაზარია, უაღრესად კოლორიტული ადგილი.  თუმცა, ისეთი გემრიელი თევზი იყიდება, რომ ახალი ბულვარიდან ბაზრამდე წვიმიან ამინდშიც კი არ დაგეზარება წასვლა, თუნდაც, ველოსიპედით, თუნდაც კვირაში სამჯერ, თუნდაც თავით ფეხამდე დასველებისა და აქოთების ხარჯზე. სამაგიეროდ, აქაური კეფალის გემო მთელი წელი გაგყვება, ხოლო ნაირ-ნაირი ზღვის პროდუქტების შემხედვარე აუცილებლად მოამზადებ ისეთ კერძს, მანამდე აზრადაც რომ არ მოგივიდოდა. მოამზადებ, უგემრიელესიც გამოგივა, გემრიელად მიირთმევ, სხვებსაც გემრიელად გაუმასპინძლდები, მათი კმაყოფილი სახეების დანახვაზე სიამაყით გაიბღინძები და ინსტაგრამისთვის რამდენიმე გემრიელ ფოტოსაც გადაიღებ.

უჰ, ინსტაგრამი. ბათუმი ინსტაგრამერების სამოთხეა. თქვენ უნდა ნახოთ, ჰეშტეგის #batumibeach ქვეშ რა გალერეა იშლება…

ბათუმში წვიმა აუცილებლად მაშინ მოგისწრებს, როდესაც სახლიდან  განსაკუთრებით შორს ხარ, უქოლგოდ და ახლო-მახლო თავშესაფარიც არ ჩანს. ბათუმის წვიმა გასველებს, მაგრამ არ გაციებს. ბათუმის წვიმაში პატარა ბავშვთან ერთადაც შეიძლება სეირნობა მხიარული ხითხითის თანხლებით ისე, რომ სხვა, საწვიმრებით შემოსილი ადეკვატური ხალხის არ შეგრცხვეს.

ბათუმში მსოფლიოში ულამაზესი “მაკდონალდსია”. სწრაფი და ყველაზე მავნებელი კვების ობიექტი ისეთ ესთეტიურ სიმაღლეზეა აყვანილი, მე მგონი, იქ ყოფნა კუჭს თუ ავნებს, განწყობას ორმაგად დადებითად წაადგება.

ბათუმში ბევრი ხალხია, ბევრი ველოსიპედი, ბევრი სასეირნო მოწყობილობა, ბევრი პალმა, ბევრი ქოლგა…  ბათუმში ყველაფერი ბევრია, მაგრამ ბათუმიდან წამოსულს მაინც არ გყოფნის და დაბრუნება გინდა. თუმცა, ამჯერად შემოდგომაზე ან ზამთარში, რომ დაცლილ ქუჩებში და ბულვარში გაისეირნო და უკეთ იგრძნო, რომ ბათუმი, რომელიც  ყველასია – ბათუმელების, თბილისელების, ქუთათურების, უცხოელი ტურისტების – მხოლოდ შენთვის ინახავს რაღაც ხელშეუხებელს და განსაკუთრებულს.

39993760_1914094082012171_98080590430994432_n.jpg

მე მგონი, ვბერდები.

აბა, სხვა რით უნდა აიხსნას ის, რომ თუ თინეიჯერობისას (მანამდეც) ეგნატე ნინოშვილს ვერ მაგდებინებდნენ ხელიდან, მოგვიანებით “ომსა და მშვიდობას” და “ჯადოსნურ მთას” და სხვა, როგორც ერთი მხცოვანი ბლოგერი იტყოდა, ზებორინგულ სქელ-სქელ რომანებს, დღეს ახალთარგმნილ ბესტსელერებზე მეტად არაფერი მიხარია, უფრო ფენტეზის ვეძალები.

არა, იმას არ ვამბობ, რომ ფენტეზი მხოლოდ თინეიჯერებისთვისაა. არ ვარ ამ აზრის! მაგრამ თუ ადრე რაღაც ღრმააზროვან წიაღსვლებს ვეძებდი წიგნებში, ზეფილოსოფიურს, ზეგენიალურს და თავადაც არ ვიცი, როგორს, დღეს რაც მჭირდება, არის ამბები, სასურველია ბევრი პერსონაჟითა და მძაფრი სიუჟეტით.

ვბერდები-მეთქი, იმიტომ, რომ ფილოსოფიური წიაღსვლები ძალიან მღლის და ყველაზე მეტად ამჟამად მხოლოდ რეალობისგან დროებით გამოთიშვა მსიამოვნებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამისთვის დრო მხოლოდ ტრანსპორტში მაქვს, კიდევ უფრო ვაფასებ გამოთიშვის ყველა შესაძლებლობას.

mortal_instruments_by_elytian-d1y48rq

კიდევ იმიტომ ვბერდები, რომ ბოლო დროს წაკითხული ყველა წიგნის, ბოდიში – სერიის, მთავარი გმირები თინეიჯერები არიან. “ვამპირული ომებისაც”, “ჯოჯოხეთური მექანიზმებისაც” და “სასიკვდილო იარაღებისაც”.  ალბათ, ქვეცნობიერად სადღაც გული მწყდება, რომ ჩემი თინეიჯერობის ყველაზე დიდი ექშენი შეღამებულზე ჩაბნელებულ ქუჩებში ბოდიალი იყო. ხუმრობა იქით იყოს და მეტი ექშენისა და ადრენალინისგან ალბათ მხოლოდ იღბალმა მიხსნა.

“ვამპირულ ომებზე” აქ არ დავწერ  უბრალო მიზეზის გამო – არ მომეწონა. სულ ორი წიგნია თარგმნილი, სხვები რომ იყოს, ალბათ, ბოლომდე წავიკითხავდი, მაგრამ უკანასკნელ ორთან შედარებაც არ შეიძლება. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით!

ჰო, აქვე არ შეიძლება, მადლობა არ ვუთხრა ამ ზეგენიალურ გამომცემლობას – “წიგნები ბათუმში”, რომელსაც ხოტბა და დიდება არც ახლა აკლია და სრულიად დამსახურებულად, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ მადლიერებასაც მივამატებ.

ახლა, რაც შეეხება “სასიკვდილო იარაღებს”: აქ არის აბსოლუტურად ყველაფერი: ანგელოზები, დემონები, განდიდების მანიით, მსოფლიოზე მბრძანებლობის იდეითა და თავისი მოდგმის სიწმინდის შენარჩუნებით გამსჭვალული ბოროტი და ძლევამოსილი გმირები, ჩვეულებრივი ადამიანები არაჩვეულებრივი შესაძლებლობებით, არაჩვეულებრივი გმირები სრულიად ჩვეულებრივი და ადამიანური შეცდომებით, აკრძალული ხილის სიტკბო და საკუთარ თავთან და გარშემომყოფების წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა, თავგანწირვა და საჭირო დროს უკან დახევა, შემწყნარებლობისა და თანასწორობის იდეა და რაც მთავარია, პატიების უნარი.

“ჯოჯოხეთური მექანიზმები”, ჩემი მოკრძალებული აზრით, “სასიკვდილო იარაღებს”, ცოტა არ იყოს, ჩამოუვარდება. ჩემი აზრით, თანამედროვე აშშ-ს ფონზე გაშლილი პარალელური სამყარო გაცილებით ეფექტურია, ვიდრე “ჯოჯოხეთური მექანიზმების” ეპოქის მრუმე, ნესტიანი და ჩაშავებული ლონდონი. თუმცა, თუ ჩემსავით არ გეყოთ “სასიკვდილო იარაღები” და ამ სამყაროში კიდევ უფრო მეტხანს მოგინდებათ დარჩენა, “ჯოჯოხეთური მექანიზმების” წაკითხვა საამისოდ ნამდვილად მისწრებაა.

მოკლედ, ზაფხულია: შვებულებისა და არდადეგების, ბევრი თავისუფალი დროის, მზიანი დღეების (რა ვუყოთ, თუ ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდით ამინდზე), ნეტარი უსაქმურობის, ბევრი ნაყინის ჭამის, ზღვაზე ან მთაში ნებივრობის და წიგნების ნება-ნება ფურცვლის დრო. ჰოდა, დეიდა კასანდრას ეს ორი სერია საამისოდ მე პირადად ზედგამოჭრილი მეჩვენება.

ბონუსად აგერ, თქვენ, “სასიკვდილო იარაღების” და “ჯოჯოხეთური მექანიზმების” ბმულები “ფლიბუსტა”-ზე.

და მშვენიერი ფან-არტიც:

the_mortal_instruments_by_johnisorena-d54ez6x

სურათები აღებულია deviantart.com-იდან.

პირველად იტალიაში

რას უნდა ვეიძულებინე, დიდი ხნის შემდეგ დავბრუნებოდი მონატრებულ ბლოგს, თუ არა იტალიაში მივლინებას.

ჩემი უმოწყალოდ მიკემსილ-მოკემსილი ბლოგის პოსტებიდან ხუთი წლის შემდეგ ყველაზე მეტად ისინი მომწონს, რომლებიც მოგზაურობას ეხება (იხილეთ ვენა, ბრიუსელი და რამდენიმე პოსტი ჩემს საყვარელ ნიდერლანდებზე). ჰოდა, ერთსაც მივამატებ.

მილანში შარშან ზაფხულში ვიყავი და ალბათ, სჯობდა, ცხელ-ცხელი შთაბეჭდილებები დამეწერა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იტალიური მოგონებები იტალიასავით ცინცხალი, ცოცხალი, ფერადი, მზით სავსე და მკვეთრია. ასე რომ, იმედია, პოსტს არც მარილი დააკლდება და არც პროშუტო.

მოდი, თავიდან დავიწყოთ.

მილანი

მას შემდეგ, რაც უვიზოდ მიმოსვლის პატივი გვერგო, პირველად სწორედ მილანს ვესტუმრე, თავაწეული და ამაყი გამოვედი მალპენსას აეროპორტიდან და იტალიის ჰაერი ჩავისუნთქე.

არ ვიცი, ამ ქვეყანას ასეთი რა შარმი, ხიბლი და ანდამატი აქვს, მაგრამ ფაქტია, ისეთი ქვეყანაა, ერთი ნახვით რომ შეგიყვარდება: თავისი წესრიგიანი უწესრიგობით, უძველესი და ულამაზესი თუ ახალი და თანამედროვე შენობებით, ცოცხალი, მხიარული, კომუნიკაბელური ხალხით, მზით, სიცხით და ულამაზესი ენით, ისეთით, სურვილი რომ გაგიჩნდება, შენც მომენტალურად ალაპარაკდე.

როგორც თავად იტალიელები (არა მილანელები) ამბობენ, ეს არ არის ყველაზე ლამაზი ქალაქი. მილანი არც რომია და არც გენუა. ისტორიული შენობები აქაც მრავლადაა, მაგრამ ნანგრევები და უძველესი ნაშთები – ნაკლებად. ზღვა და პლაჟებიც არ არის, მაგრამ სამაგიეროდ, არის ბეეეეევრი მაღაზია, ბეეეეევრი ლამაზად ჩაცმული ადამიანი და ბეეეევრი გასართობი ადგილი. მილანი თავად დახვეწილობაა და ალბათ ერთი თვე აქ ცხოვრება საკმარისია საიმისოდ, რომ საკუთარ თავში მოდის ხატი აღმოაჩინო.

მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ შეიძლება, თავად იტალიელებისთვის არ არის ასე თვალშისაცემად ლამაზი მილანი. ჩემი აზრით, ყველა კუთხე ლამაზია: ისტორიული ცენტრიც, თანამედროვე უბნებიც და გარეუბნებიც – პატარა, ლამაზი სახლებით და ყვავილიანი ეზოებით. ისეთია, რომ ყველა შემთხვევითი კადრი ღია ბარათზე დასაბეჭდად გამოდგება.

მილანელები

ამ პოსტში მილანელებს ცალკე სიტყვა ეკუთვნით.

მილანელებს უყვართ ლამაზად ჩაცმა, გართობა და მოტოციკლები. თავის მოვლაც უყვართ და როგორც დავასკვენი, ცოცხალი, ტემპერამენტიანი და ხალისიანი ხალხია. რატომ არ იქნებიან, რა…

ქალები – კარგად ჩაცმულები, მოწესრიგებულები და რაღაც სხვანაირად ეშხიანები (ვერ ვიტყვი, რომ ყველა თვალისმომჭრელად ლამაზია, მაგრამ აი, ყველა რაღაცნაირია, გამორჩეული, როგორც ერთ-ერთმა ჩემმა თანამგზავრმა აღნიშნა, “გემრიელები”…).

კაცები – კიდევ უფრო კარგად ჩაცმულები, კიდევ უფრო მოწესრიგებულები და მოვლილები. წამლად ერთ ღიპიანს ვერ იპოვით, ასაკისა თუ კოსტიუმის ბრენდის მიუხედავად.

გასტრონომია

რა თქმა უნდა, იტალიური სამზარეულო მხოლოდ პასტა და პიცა არ არის. მეტსაც გეტყვით – პიცა საერთოდ არ მიჭამია ან მიჭამია, მაგრამ დიდად არ დამამახსოვრდა. თუმცა, შეიძლება, არც მიჭამია. დიეტაზე ვიყავი. რამდენიმე გემრიელი კერძი მაინც გავსინჯე.

იმ კერძს არ ვიცი, რა ჰქვია, აპეტაიზერად რომ მოგვიტანეს და ერთი შეხედვით ბანალურ აჯაფსანდალს რომ ჰგავდა. თურმე ნუ იტყვით და შეზავებული პომიდვრის წვენში ჩადებულ ბადრიჯნის ხვეულაში, არც მეტი და არც ნაკლები, ჩამდნარი მოცარელა იმალებოდა. მაგაზე ნაკლებ გემრიელი არაფერი გაგესინჯოთ.

თუ ბრინჯი გიყვართ, რიზოტო გასინჯეთ. უამრავი სახეობა აქვს, მაგრამ არ მოტყუვდეთ და დიეტურ კერძად არ ჩათვალოთ, კარაქზე მზადდება და საკმაოდ კალორიულია. თუმცა, ბრინჯს როცა ეხება საქმე, ჩინურ სამზარეულოს ჩემს თვალში კონკურენტი არ ჰყავს.

იტალიური სამზარეულო თანაბრად გულუხვია ვეგეტარიანელებისა და ხორცის მოყვარულებისთვისაც. უამრავი სახეობის სალათი შეიძლება შეუკვეთო, რომლებსაც სასწაულად უხდება თურმე ბალზამიკო და თავზე მოხეხილი მოცარელა ან პარმეზანი. ჩემს თვალში მხოლოდ ყველი აკეთილშობილებდა ამ ბალახ-ბულახს, თუმცა, გემრიელად კი გეახელით.

პოეტი რომ ვიყო, იტალიურ ყავას პოემას მივუძღვნიდი. აქ ყველაფერი შეიძლება გასინჯო და ყველანაირი სახეობა თანაბრად მოგეწონებათ. ყავის სმა მხოლოდ ჩვევა კი არა, კულტურაა, რომელსაც თავისი წესი და რიგი აქვს. იქამდეც გაგონილი მქონდა, რომ იტალიელები საღამოობით ყავის დალევას ოფიციალურ სიგიჟედ თვლიდნენ და არ დაგიმალავთ, არ მჯეროდა. დაიჯერეთ და თავი არ მოიჭრათ. საღამოს თუ კაპუჩინო მოგინდათ, სადმე შეიყუჟეთ და უჩუმრად მიირთვით. კაპუჩინო დილით იციან იტალიელებმა!

ყველა კუთხეში იყიდება ძაააააალიან გემრიელი ნაყინი. ჯელატო, ჯელატომ, ჯელატოს…. აი, აქ მიმტყუნა თავშეკავებამ. ჩემი ფავორიტი შოკოლადის, ფსტის და მანგოს ნაყინებია.

ჭეშმარიტად იტალიური საკვების გასინჯვა თუ გნებავთ, Eataly-ს მაღაზიებს მიაკითხეთ. იაფი არ ეთქმის, სამაგიეროდ – ავთენტურია.

არქიტექტურა/შოპინგი

იტალია ერთი დიდი ძეგლია. ყველა ისტორიული შენობა ლამაზი და გამორჩეულია. გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ ჩემი მარშრუტი, ძირითადად, მილანის ისტორიულ უბანში სეირნობით და გზადაგზა მაღაზიების თვალიერებით შემოიფარგლებოდა, ამ ორ ქვეთავს გავაერთიანებ.

იტალიაში კარგად ჩაცმა ძვირი ღირს. ე.წ.”აუთლეტ” მაღაზიებში საშუალოდ, 150 ევროდან იწყება ფასები, თუმცა, ყველა ძვირადღირებული ბრენდია და ბრენდის პირობაზე, საკმაოდ იაფიც. სტელა მაკარტნის გამოსასვლელი კაბა, რომელზეც თვალი დამრჩა, 350 ევრო ღირდა. მოგვიანებით გავიგე, რომ მილანიდან დაახლოებით 50 კილომეტრში ყოფილა შოპაჰოლიკების სამოთხე, თუმცა, დროში საკმაოდ ვიყავი შეზღუდული და შოპინგში ერთი დღის დაკარგვას ისევ დუომოს ტერასაზე ასვლა ვამჯობინე.

უბრალო მოკვდავთათვის უფრო ხელმისაწვდომი საშუალო დონის და ფასის ბრენდები ვიტორიო ემანუელის გალერეაშია (რომელიც, ნუ იტყვით და მსოფლიოში უძველესი სავაჭრო ცენტრი ყოფილა) განთავსებული დუომოს ირგვლივ. აქ ბევრი ღია და დახურული კაფეა, ბევრი მაღაზია, ბევრი ტურისტი და ბევრი მტრედი. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ასეთ მაღაზიებში გავლა ღირს, არჩევანი გაცილებით დიდია და ფასიც უფრო მისაღები, ვიდრე ჩვენთან.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მაღაზიები, რომლებიც არც მთლად ბრენდულია და არც მთლად H&M და მსგავსი. ასეთ მაღაზიებშიც კი ყველაფერი ლამაზი, უკეთესი ხარისხის და გამორჩეულია. თვალიერებაც არ მოგბეზრდება კაცს. მოკლედ, მთელი მილანი მოდის ერთი დიდი მუზეუმია.

ახლა რაც შეეხება დუომოს: ეს არის ულამაზესი გოთიკური ტაძარი, მილანის საკათედრო ტაძარი, რომლის თითოეული ფილა, ქონგური, კარის ფრაგმენტი თუ ქანდაკება ხელოვნების ნიმუშია.

ტურინი

ერთი დღით ტურინშიც მომიწია სტუმრობა. ტურინის აღქმა, უნდა ვაღიარო, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დავიწყე რენე რეჯანის “მზის მატარებლიდან” და ცენტრალურ პარკს რომ ჩავუარე და ტრიტონების შადრევანი დავინახე, ლამის ტაში შემოვკარი.

ტურინი პოს ნაპირებზეა გაშენებული, მდინარის სანაპიროდან დიდი გორაც მოჩანს ზედ შეფენილი სახლებით. ეზოები კი ისეთია, მაშინვე დაბნეული ნუნციატა წარმოგიდგებათ თვალწინ: “ეს ხომ ქალაქია, სახლი კი არა, მთელი ქალაქია”… ისევ რეჯანის შთაბეჭდილებების ბრალია, რომ ტურინი ისეთ ქალაქად აღვიქვი, სადაც ერთ ადამიანთან ერთად უნდა წახვიდე, ხელი ჩაჰკიდო და იხეტიალო, იხეტიალო, მდინარეზე ნავით ისეირნო, სუპერგაზე ლამაზი ეკლესია ნახო და ბოლოს დიდხანს უყურო განათებულ ღამის ქალაქს.

ტურინი მილანზე ნაკლებ გადატვირთულია, ტურისტიც ნაკლებია და უფრო შინაურული და მშობლიური გეჩვენება ამის გამო. შინაურული მაშინ უნდა გენახათ, როცა გარეუბანში სარეველებმოდებული ძველი მოედანი და სახლზე მიჯღაბნილი გრაფიტი დავინახე. ერთი წამით თავი სახლში ვიგრძენი.

აქ დავასრულებ მიმოხილვას. ბოლოს და ბოლოს, ეს ჩემი შთაბეჭდილებების დღიურია და არა მოგზაურთათვის განკუთვნილი გზამკვლევი, როგორიც უამრავი მოიძებნება ინტერნეტში.

იტალიაში სტუმრობის შემდეგ დავასკვენი, რომ თუ ხალხს სილამაზე, მხიარულება და კარგად ჭამა უყვარს, იმ ქვეყანაში სტუმრობა ნამდვილად ღირს. იტალიელები პირის გემოს არ უჩივიან, მუზეუმის კედლებს შორის ცხოვრობენ, სულ იღიმებიან და გულღიები ჩანან. ნავილიო გრანდეზე გავლისას (ცნობილი ადგილია, დიდი არხია და არხის ირგვლივ განლაგებული უამრავი ღია კაფე) ეს უფრო მოგხვდება თვალში, ღამის ცხოვრებაც დუღს და გადადუღს. მოკლედ, მილანი ჩემთვის ის ქალაქია, სადაც გემრიელად ჭამა, კარგად გართობა, ლამაზად ჩაცმა, საინტერესო ადგილების მონახულება და უბრალოდ, ბევრი სიარული შეიძლება. იტალიაში ერთხელ სტუმრობის შემდეგ კი აუცილებლად მოგინდება უკან დაბრუნება, იმიტომ, რომ შეუძლებელია, მზიანი, ოქროსფერი იტალია და ტემპერამენტიანი იტალიელები ერთი სტუმრობით არ შეგიყვარდეს.

This slideshow requires JavaScript.